"რომელია ჩემი ნათლული?" - პატრიარქისა და დაკავებული დეკანოზის ოჯახის შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"რომელია ჩემი ნათლული?" - პატრიარქისა და დაკავებული დეკანოზის ოჯახის შეხვედრის დეტალები

"ჩემი მისვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იტყვიან ზეგავლენა იქონიაო..."

21 ივნისს, დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. საპატრიარქომ დღეს შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

"რომელია ჩემი ნათლული?" -   პატრიარქი დეკანოზის ოჯახთან საუბარს ნათლულის მოკითხვით იწყებს და წუხილს გამოთქვამს, რომ მისი დეკანოზის ოჯახთან გაცნობა "ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო მოხდა".

"დარმწუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის და სხვების წინააღმდეგ, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ უფალი ბრძანებს: აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე".

დაკავებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ პატრიარქს მიმართა და დაინტერესდა ამ საქმისადმი პატრიარქის პოზიციით.

"თორნიკე მამალაძე:

- ჩვენ არ ვითხოვთ მამა გიორგის შეწყალებას, ამაზე თავად ისიც უარს ამბობს, მისი მტკიცებით, ის უდანაშაულოა და შეწყალება არ სჭირდება, შეწყალება სჭირდება იმ ადამიანს, ვინც დანაშაულს სჩადისო. სასამართლო სხოდომები იმიტომ დახურეს, რომ საზოგადოებამ სიმართლე არ დიანახოს, არ დაინახოს, თუ რა მტკიცებულებებით აპირებენ მის ციხეში ჩასმას. მოგეხსენებათ, თავიდან იყო პატარა ბრალი, შემდეგ დაუმძიმეს და თქვენც გეცოდინებათ, პროკურატურამ მაგიტომ დახურა სხდომები, ვითომ მამა გიორგის პირადი ინტიმური ცხოვრების ვიდეომასალები არსებობდა.  მერე გამოვიდა მთავარი პროკურორი და თქვა, რომ ასეთი ვიდეომასალები არ არისო და პირდაპირ ტყუილით დახურეს სხდომები. რადგან ელემენტარული მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მამა გიორგი ჩასვან იმ მძიმე ბრალდებით, რასაც აბრალებენ. ამიტომაც გვინდოდა ადვოაკატებთან ერთად მოსვლა აქ და თქვენთან საქმის მასალებზე საუბარი... ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. საქმის ევროპაში წაღებაც არ გვინდა...

პატრიარქი:

- ევროპელებმა იციან ჩვენზე უკეთესად...

თორნიკე მამალაძე:

-  მამაო აუცილებლად გამართლდება, უბრალოდ სასამართლოები იწელება. ხომ იცით და ამ მომენტში მამაოს ციხეში ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, მოგეხსენებათ გული აწუხებს, ხერხემალი აწუხებს, უბრალოდ, მე და მის ოჯახსაც ერთადერთი თხოვნა გვექნება, ჩვენ არ ვითხოვთ მის შეწყალებას, არც საქმის შეჩერებას, გვინდა ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ვითხოვთ რომ სხოდმები იყოს საჯარო.

მამა დავით, ჭინჭარაული:

- სამართლებრივად უნდა იყოს და პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს ამას.

თორნიკე მამალაძე:

-  დიახ, ბევრი შემოთავაზება გვქონდა პოლიტიკური პარტიებიდან და დღესაც გვაქვს, მაგრამ არ აგვიყვანია ადვოკატი პოლიტიკური პარტიიდან, რადგან არც ჩვენ გვინდა პოლიტიკური სახე მიეცეს ან უსამართლოდ წარიმართოს პროცესი".

პატრიარქის თქმით, საპატრიარქოს არ აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება.

მისივე თქმით, მამა გიორგისთან მისი მისვლა არ შეიძლება:

"ჩემი მისვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იტყვიან ზეგავლენა იქონიაო..."

მამა დავითის თქმით, პატრიარქმა  მას და მამა კახაბერს დაავლა დეკანოზის მონახულება და ისინი დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ, უახლოეს დღეებში ინახულებენ ციხეში მამალაძეს".