"როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. მომისმენია,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო..." - კვირის პალიტრა

"როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. მომისმენია,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო..."

"ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო"

"ჩვენს პატრიარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად ურტყამენ"

საპატრიარქოს მისამართით ახალი ბრალდებები ისევ ისმის. ამჯერად სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შანტაჟსა და ძალადობაში დაადანაშაულა რამდენიმე კურსდამთავრებულმა. მათ შორის არიან ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია და თეოლოგი ზვიად ცაბაძე. ისინი სასწავლებლის მოძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიასაც სდებენ ბრალს აღსარების საიდუმლოს გაცემაში. რა მიზანს ემსახურება ხმაურიანი განცხადებები და ვინ უტევს მართლმადიდებლობას, ამ საკითხებზე მამა შალვა კეკელიას ვესაუბრეთ:

- ბოლო დროს ხშირად გაისმის ეკლესიის მისამართით ბრალდებები, მეუფე პეტრე და სასულიერო პირები ამაზე საჯაროდ საუბრობენ.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ ერთ თემას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. ამით უნდათ არ გაიშალოს "ციანიდის საქმე". "რუსთავი 2"-მა არაერთი სიუჟეტი გააკეთა. ითქვა, რომ თითქოს მღვდელი ოჯახში ძალადობს. როცა ამას ისმენს მრევლი, ბუნებრივია, დაბრკოლდება. ვითომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იცავენ, პარალელურად ეკლესიას ლანძღავენ. მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ხომ შეეძლო გაეკეთებინა გადაცემა და ესაუბრა, რატომ გამოიყენა სხვა ტელევიზია? ან მაინცდამაინც "ციანიდის საქმის" დროს რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი? რატომ დუმდა აქამდე? რატომ გახდა აქტუალური ამაზე საუბარი მაშინ, როცა პატრიარქი საავადმყოფოში იწვა? მის ჯანმრთელობაზე ხომ იმოქმედებდა, როცა გაიგებდა მისი და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთ რამეს. შენ, სინოდის წევრი, თუ ფიქრობ პატრიარქის ჯანმრთელობაზე, ამაზე ლაპარაკობ? არავის აქვს უფლება, პატრიარქის მდივანზე ისაუბროს. ის პატრიარქის არჩეულია, როცა მასზე ასე ლაპარაკობ, ეს პირდაპირ პატრიარქზე დარტყმაა.

ჩვენს პატრიარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად ურტყამენ.

დარტყმა მოდის სიწმინდეებზე - პატრიარქმა დააწესა ოჯახის დღე და ოჯახის სიწმინდეს ურტყამენ, ურტყამენ ეკლესიას, რაც თქვენ წმინდა გგონიათ, წმინდა არ არისო. ვინც ყველაზე ავტორიტეტულია და ქვეყანა ეთაყვანება, იმას ებრძვიან. ეკლესიის ამხელა ავტორიტეტი თავისით არ მოსულა, ჩვენი პატრიარქის უდიდესი ცრემლით, შრომით, ღამეების თენებითაა მოპოვებული.

დღეს, როცა მთელი ქვეყანა უნდა ვდღესასწაულობდეთ უწმინდესის 40-წლიან პატრიარქობას, ამ წელს დაიწყო ეს...

- უწმინდესი რას ფიქრობს ამ მოვლენებზე?

- პატრიარქს ვუთხარი, ეშმაკს როგორ შურს თქვენი, რომ ეს 40 წელი ახლა სხვანაირად სურთ წარმოაჩინონ-მეთქი. მან მიპასუხა, ეშმაკს გული უსკდება, ამდენ რამეს როგორ მაპატიებდაო...

40 წლის განმავლობაში ამდენი ტაძარი აღდგა, ადამიანები ეკლესიაში დაბრუნდნენ. რამდენი აპირებდა თავის მოკვლას და არ მოიკლა ეკლესიის გამო, რამდენს შვილი გარდაეცვალა, შეიძლება ჩავარდნილიყო სასოწარკვეთილებაში, მათ ეკლესია დაეხმარა, ამდენი ნარკომანის ცხოვრება შეიცვალა, რამდენი ოჯახი ინგრეოდა და ეკლესიის დახმარებით არ დაინგრა. ამას რომ ხედავს ეშმაკი, გაგიჟებულია. ამდენი სიკეთე რომ გაკეთდა, ამას თავის თავს კი არ აწერს პატრიარქი, ის წმინდა ადამიანია და ამბობს, ღმერთი აკეთებდა ჩემი ხელითო.

პატრიარქი დილის 6 საათზე დგება და ლოცულობს. ერთხელ ექიმმა მითხრა, დილით რომ გამოვა, უთხარი, შებრუნდეს, არ შეიძლება 6 საათიდან მღვიძარე იყოს, ძალიან მძიმედ ექნება გულიო.

ვუთხარი, უწმინდესო, თუ შეიძლება დაისვენეთ-მეთქი, მიპასუხა, როცა შვიდგზის ლოცვებზე ლოცვა-კურთხევა გავეცი, ადამიანებმა იციან, რომ მეც მათთან ერთად ვდგავარ ფეხზე და ვლოცულობ. ახლა ამ ლოცვა-კურთხევას ორი ადამიანი მაინც ხომ ასრულებს, მათ ჰგონიათ, მეც ფეხზე ვდგავარ და ვლოცულობ. ლოგინში როგორ ვიწვე, ის ორი ადამიანი როგორ უნდა მოვატყუოო.

- უწმინდესი მეუფე პეტრეს განცხადებებზე რას ამბობს?

- როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვიან, ძალიან რთულია. ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო.

პატრიარქი უფრო შორს ხედავს. მას უკან ჰყავს უდიდესი ჯარი სამღვდელოების სახით, ჩვენი ერის, მამულიშვილების სახით.

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ პრობლემებზე საპატრიარქოშიც ლაპარაკობდა.

- თუ პრობლემები არის და გული გტკივა, ახლა რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკი? თურმე ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავს ეკლესიას... მეუფე იაკობი ფინანსური განყოფილების თავმჯდომარეა, მეუფე გერასიმეს აბარია საგარეო ურთიერთობები, მეუფე იოანე გამრეკელს - განათლების სფერო და ა.შ, თუ ყველაფერს ქალბატონი შორენა განაგებს, მაშინ ეს ეპისკოპოსები რას აკეთებენ?

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე იაკობი და შორენა ერთი გუნდი არიან.

- 46 ეპარქია გვაქვს, პატრიარქი მხოლოდ მცხეთა-თბილისის ეპარქიას განაგებს.

მეუფე პეტრეს ეპარქიაში შეუძლია ქალბატონ შორენას ჩაერიოს? მაშ, თვითონ რას აკეთებს?! ეპარქიების მართვა ვის ევალება, ეპისკოპოსებს თუ შორენას?

პატრიარქთან ადამიანს არ მიესვლებაო, ამას ეპისკოპოსი როგორ ამბობს? საკურთხეველში ქალბატონი შორენა ვერ შედის, იქ ხომ შეგიძლია პატრიარქს დაელაპარაკო.

- მეუფე პეტრესა და შორენა თეთრუაშვილს შორის რა უთანხმოებაა?

- არ ვიცი. შორენა არასოდეს ლაპარაკობს ამ თემაზე. რატომ უნდა იმართლო თავი იმაზე, რაც არ გაგიკეთებია.

- კურსდამთავრებულები თქვენ აღსარების საიდუმლოს გამოყენებაში გდებენ ბრალს.

- აკადემიის წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლა დაიწყო. ახლაც ის ხალხი გამოდის, ვინც 2004 წელს გამოდიოდა. იმ დროსაც იკრიბებოდნენ კონკრეტულ პირთან, რომელიც აძლევდა მათ დავალებებს თუ დირექტივებს და ასეა დღესაც.

- ვინ მართავს ამ პროცესს?

- მაშინაც და ახლაც ამ ყველაფრის უკან "რუსთავი 2" დგას. დღეს საცხოვრებლად ჩვენს აკადემიაში 8 ოთახი გვაქვს და 44 კაცია პანსიონში, 7 კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს, სხვანაირად ვერ დავაბინავებდით. ასე იქნება, სანამ ახალ შენობაში გადავალთ. იქამდე კი უარს ვერ ვეტყოდით საცხოვრებელზე და იძულებულები ვართ ერთად ვაცხოვროთ. გამოიყვანეს სტუდენტი და ისე საუბრობდა, თითქოს მას შესტკივა გული აკადემიაზე და ჩვენ არა. უსუფთავესი მღვდლები არიან იქ ლექტორებად. რომელიმე შემჩნეულია არაწმინდა ცხოვრებაში? მამა გიორგი ზვიადაძეს კი ბევრი იცნობს და აბსურდულია, რასაც მასზე ამბობენ.

მე დამაბრალეს, თითქოს მათგან ინფორმაციას ვითხოვდი. მოიყვანონ ის ადამიანი, ვისი აღსარებაც გავეცი. როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ვიცოდე, ჩემი სტუდენტი როგორი წესით ცხოვრობს. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მათ ვენდობოდი. თურმე მალულად წერილს ამზადებდნენ მამა გიორგის წინააღმდეგ, ხელმოწერებს აგროვებდნენ და თან ჩემს სახელს იყენებდნენ... ღვთის არ ეშინიათ? აღსარება რომ მიმეღო და მეკითხა, რა ხდება აკადემიაში, ამაში რა პრობლემას ხედავთ?

- ამ განცხადებებმა მრევლი დააბნია.

- თუნდაც სიმართლეს ამბობდე, ამას თუ მოჰყვება ეკლესიიდან ხალხის გაყვანა, ვის ემსახურება ეს, ეშმაკს თუ ღმერთს?

ამაზე დიდი ბრძოლა გადაუტანია ეკლესიას. კომუნისტური პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ეკლესიას ვერასოდეს მოერევიან.

- თუ ცუდი რამ ხდება შიგნით, ამასთან ბრძოლა ხომ უნდა გამოეცხადებინა მეუფეს?

- "რუსთავი 2"-ის გასარჩევი გახდა ეკლესიის საქმე? ეს ყველაფერი სინოდზე ვერ გაირჩეოდა? ადრე არასამთავრობოები ლანძღავდნენ ეკლესიას, ახლა - სასულიერო პირები. დედა თამარი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის მონაზონია, ცილს სწამებს მამა გიორგი ზვიადაძეს, თითქოს ის სტუდენტებს ემუქრება, თუ რამე ისეთს იტყვით, დიპლომს ვერ დაიცავთო. ეს სიცრუეა. ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ რწყილები დაესია სემინარიას, საპონი არ ჰქონდათო. უფასოდ ცხოვრობ პანსიონში, ბინის ქირას არ იხდი და საპნის ყიდვაც არ გინდა?

დედა თამარი, მონაზონი, რომელმაც აღთქმა დადო და გავიდა ამ ქვეყნიდან, ანუ მოკვდა ამ ქვეყნისთვის, 24 საათი შეიძლება ინტერნეტში იჯდეს და ვინც კი რამე დაწერა, ყველას კომენტარი დაუწეროს?

როდისღა ლოცულობენ? ჩვენთან 300 კაცი სწავლობდა, სამადლობელი წერილები დაწერეს სტუდენტებმა და ყველას გასცეს პასუხი...

კურთხევის გარეშე არ შეიძლება საუბრობდეს სასულიერო პირი. არც ერთი კომენტარი კურთხევის გარეშე არ გამიკეთებია. დედა თამარი მარტვილის რეზიდენციიდან აკეთებს განცხადებებს და წარმოუდგენელია, ეს მეუფე პეტრემ არ იცოდეს. უფრო მეტს გეტყვით, "პოსტ სკრიპტუმში" უნდა მიმეღო მონაწილეობა და მარტვილის ეპარქიიდან დამირეკეს, მეუფემ შემომითვალა, არ გავიდესო, მერე მამა ანდრიამ შემომითვალა, შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა, მღვდლობას დაგატოვებინებთო.

- საპატრიარქომ შეწყვიტა ილია მეორის 40-წლიანი პატრიარქობისთვის სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. რა იყო ამის მიზეზი?

- პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუნდაც ფინანსური სიდუხჭირის გამო. ეს იყო ერთი მოტივი და მეორე - ის მოვლენები, რაც ბოლო დროს განვითარდა.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატრიარქი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოო.

- პატრიარქმა ყველაფერი იცის, ისიც იცის, როგორ უყვარს მრევლს და ვიღაცებს როგორ არ უყვართ. კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს, უყურებს ყველა გადაცემას, ლოცულობს, ხალხს ხვდება, სამებაშია, როგორ შეიძლება იზოლირებული იყოს?

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე უარი რატომ თქვეს?

- საეკლესიო კანონი არსებობს, სანამ განაჩენი არ დადგება, მანამდე არ შეიძლება მისი ზიარება. ჯერ არ არის გარკვეული, არის თუ არა დამნაშავე. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს და ნანობს, მაშინ ჩვენ მისი ზიარება შეგვიძლია. მაგრამ დეკანოზი გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერ კი მისი უდანაშაულობა არ არის დადგენილი. რომ აღმოჩნდეს დამნაშავე და ვაზიარებთ მოუნანიებელს, ეს ხომ უფრო მეტად დააზიანებს.

- თქვენ რა კითხვა გაქვთ მასთან?

- მთელი არსებით მინდა, რომ მამა გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც.

- როგორც მისმა ძმამ თქვა, პატრიარქს სჯერა მისი უდანაშაულობის.

- პატრიარქს უყვარს დეკანოზი გიორგი მამალაძე. იმ დაცემულ შვილზე კიდევ უფრო ნერვიულობს, უფრო მეტად უყვარს. პატრიარქმა ყველა დეტალი იცის დეკანოზის საქმის, რაც ხალხმა ნახა, ის პატრიარქმაც ნახა...

- ვის უნდა დღეს პატრიარქობა?

- არ ვიცი, ვის უნდა უნდოდეს... ის უნდა იყოს ძალიან მორწმუნე, ღვთის გამოცხადება უნდა ჰქონდეს, ან ძალიან ურწმუნო, რომ პატრიარქობა უნდოდეს... მიზანში ამოიღეს ის ადამიანები, ვინც ღირსეულად ემსახურება დედაეკლესიასა და მის უწმინდესობას. ვისაც ღმერთი უყვარს, ყველა იქნება პატრიარქის გვერდით. ღმერთს მისი პატრიარქობა სჭირდება, ვინც მას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის. ასე ებრძვიან პატრიარქს, რომელსაც მთელი ერი გადარჩენისკენ მივყავართ. სიმბოლური წელიც არის, როგორც მოსემ ატარა უდაბნოში ებრაელები 40 წელი, ასეა ჩვენი პატრიარქის პატრიარქობაც.

თეა ხურცილავა