ეს ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს! - კვირის პალიტრა

ეს ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს!

ავტომობილების სავალდებულო ავტოტექინსპექტირებით მილიონობით მკითხველია დაინტერესებული. ახალი კანონი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, 2018 წლის 1-ლ იანვარს შევა ძალაში. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებლის 70% ავტომანქანებზე მოდის, თბილისში კი იგივე მაჩვენებელი - 95%-ია, ალბათ, პერიოდული ავტოინსპექტირების აუცილებლობაზე აღარავინ იდავებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის ავტოპარკის თითქმის 90% 10 წელს გადაცილებულ მანქანებს უჭირავს, მძღოლთა უმრავლესობის შიშიც ლოგიკურია.. გადავწყვიტე, დღეს მოქმედ ტესტირების ცენტრში ავტოტექდათვალიერება გამევლო და ჩემი 14-წლიანი "მიცუბიში" შემემოწმებინა. მანქანას დეტალურად შეუმოწმეს ყველა ძირითადი პარამეტრი და მომცეს ტესტირების ბარათი. 12 კრიტერიუმიდან, რომელსაც ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს, ჩემმა "მიცუბიშმა" მხოლოდ მე-2 და მე-12 მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა - ანუ სავალდებულო კომპლექტაციის პაკეტიდან არ მქონდა ცეცხლსაქრობი და სააფთიაქო ყუთი (2), და ვერ გაიარა გამონაბოლქვის კონტროლი(12). მომსახურების საფასური 59 ლარი გადავიხადე და წამოვედი. ერთი კვირა მომცეს ხარვეზების გამოსასწორებლად. ხელმეორე ტესტირებისას გადავიხდი მხოლოდ გამონაბოლქვის ტესტირების 20 ლარს და კიდევ ლარს კომპლექტაციის განმეორებითი შემოწმებისთვის...

ჩვენი რესპონდენტია შპს "აუტოტესტ გეორგიას" ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი.

- ჩემი 14-წლიანი მანქანა შევამოწმე და ორი ხარვეზის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი კვირა მომცეს. ვინ დაადგინა ეს ვადა?

- ეს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადაა, - კანონი აწესებს.

- ხომ შეიძლება, რიგი მიზეზების გამო, ერთი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდეს?

- მძღოლს მანქანა ისედაც მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, უნდა ეცადოს, რომ ტესტირების ცენტრში გამართული ავტომობილი მიიყვანოს. თუ რამე გამორჩათ, ვავლენთ და გამოსასწორებლად ერთ კვირას ვაძლევთ. თუ კვლავ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შემდეგ ჯერზე ტესტირების პროცესს თავიდან ბოლომდე ხელახლა გაივლის და გადაიხდის ისევ 59 ლარს და ა.შ.

ავტომანქანები დაყოფილია 10 კატეგორიად. ამჟამად სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას მხოლოდ N1 (ტვირთის გადასაზიდი ტრანსპორტი, რომლის მასა 3500 კგ-ს არ აღემატება) და M1 (მძღოლის გარდა მაქსიმუმ 8-ადგილიანი) კატეგორიის ავტომანქანები არ გადიან. არადა, მათი რაოდენობა ქვეყანაში მილიონზე მეტია, ახალი კანონით კი ტესტირება N1 და M1 კატეგორიის მანქანებსაც შეეხება.

დღეს ტესტირებას მხოლოდ 30 ათასი ავტომობილი გადის, არადა, ის მანქანები, რომლებიც ამჟამადაც უნდა გადიოდნენ სავალდებულო ინსპექტირებას, 120 ათასზე მეტია. მათ შორის, სამგზავრო ავტობუსები და მიკროავტობუსები წელიწადში ორჯერ უნდა მოწმდებოდეს, დანარჩენი კატეგორიისა კი - ერთხელ. თუმცა, ორჯერ კი არა, ქალაქში მოძრავი 1700-მდე ყვითელი მიკროავტობუსისა და 700-მდე ავტობუსის მხოლოდ მესამედს თუ აქვს გავლილი ინსპექტირება.

- რატომ? ვის ევალება მათი კონტროლი?

- ეს ყველაფერი პატრულის გასაკეთებელია, მაგრამ ეტყობა, იმდენი საქმე აქვთ, ამ კუთხით ადმინისტრირება მოიკოჭლებს...

წესის მიხედვით, ტექნიკურად შემოწმებული მანქანის საქარე მინაზე მაგრდება სპეციალური ფირნიში. ყოველ წელს სხვადასხვა ფერის ფირნიში გაიცემა, რათა პატრულისთვის თვალსაჩინო იყოს ავტოტექინსპექტირების პერიოდიკა. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ყველაფერი გაცილებით მარტივად შეიძლება დაიგეგმოს. პატრულინსპექტორს თუ წვდომა ექნება ჩვენი ასოციაციის ბაზასთან, სანომრე ნიშნის იდენტიფიცირებით იოლად შეძლებს დაადგინოს ავტოინსპექტირების ყველა დეტალი.

- თუ ავტომანქანას არ აქვს გავლილი ავტოტექინსპექტირება, ჯარიმა რამდენია?

- ფიზიკური პირისთვის 10 ლარი, იურიდიულისთვის - 100 ლარი.

- ამჟამად რამდენი ტესტირების ცენტრია აკრედიტებული საქართველოში?

- 26. ადრე თითოეული ცენტრი დამოუკიდებლად მუშაობდა, ახლა კი 26-ივე გავერთიანდით და ჩამოვაყალიბეთ "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია". ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე გაგვეხადა ინსპექტირების პროცესი, შეგვემცირებინა კორუფციის საფრთხე. ახლა ვმუშაობთ ერთიან ელექტრულ ბაზაში, თითოეული ცენტრი აღჭურვილია ვიდეოკამერით და გამზომი ხელსაწყოების მიერ დაფიქსირებული შედეგები ავტომატურად აისახება ბაზაში. ჩვენმა ორგანიზაციამ განაცხადი გააკეთა CITA-ს წევრობაზე. CITA ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტია, რომელიც ყოველწლიურად აწყობს შემაჯამებელ შეხვედრებს. იქ მიღებული გადაწყვეტილებები სამოქმედო ხდება ევროპის ქვეყნებისთვის.

- თუ ახალი კანონი 2018 წლის 1-ლ იანვარს შევა ძალაში, მილიონზე მეტი მანქანის შემოწმება მხოლოდ 26 ცენტრში მოხერხდება?

- დღეს მოქმედი 26 ცენტრიდან ზოგიერთს ორი ხაზი აქვს. სულ ტესტირებისთვის 34 ხაზია მომზადებული. იმისათვის, რომ მილიონი ავტომობილი შემოწმდეს, 100 ტესტირების ხაზი მაინც არის საჭირო.

სავალდებულო პერიოდული ტესტირება (2004 წლიდან მოყოლებული) 5-ჯერ გადავადდა და ცხადია, ვერ შეიქმნებოდა 100-ხაზიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია სჭირდება. ახლაც ველით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელშიც განსაზღვრული იქნება ტესტირების ცენტრების, გამზომი ხელსაწყოებისა და პერსონალისადმი მოთხოვნები.

ახალ კანონზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, მას კონსულტაციას შვეიცარიული კომპანია SGS-ი უწევს. როგორც ვიცით, პირველადი დასკვნები 31 მაისს დაიდო, მაგრამ შედეგები არ არის ცნობილი.კარგი იქნება, ამ დასკვნების განხილვაში ყველა მხარე თუ მიიღებს მონაწილეობას.

27 ივნისს, ალიანსი "უსაფრთხო გზებისთვის" და USAID-ის ორგანიზებით მოეწყობა შეხვედრა, რომელზეც მხარეებს შორის იქნებიან ბიზნესის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა დადებით გავლენას მოახდენს შედეგზე.

ეკა სალაღაია