"მე კი ვიყიდი ამ სარკეებს, მაგრამ... დაგვერხა" - ავთო ცქვიტინიძეს მანქანაზე სარკეები დაუხსნეს - კვირის პალიტრა

"მე კი ვიყიდი ამ სარკეებს, მაგრამ... დაგვერხა" - ავთო ცქვიტინიძეს მანქანაზე სარკეები დაუხსნეს

"ჩემი სახლის წინ კამერებია დამონტაჟებული. ჩანაწერშიც ჩანს, რომ ამას აკეთებენ მოზარდები, ალბათ იციან, რომ არასრულწლოვნებს არ დასჯიან. კაპიუშონით და ჩამოფხატული კეპით მოქმედებს. ჩანაწერი კი მაქვს, მაგრამ არ მინდა ზომების მიღება. ჩემი ჰუმანური მოსაზრებით, ამ მოზარდებს უფრო არ გავურთულე ცხოვრება, მაგრამ თუ ეს ფაქტი განმეორდა, აუცილებლად მივალ საჭირო ორგანოში"

ღამდენიმე დღის წინ ცნობილმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ ფეისბუკგვერდზე თავისი ავტომანქანის სარკეებმოპარული ფოტოები გამოაქვეყნა ტექსტით: "მე კი ვიყიდი ამ სარკეებს, მაგრამ აზრზე ხართ, ერი რა დღეშია?! დაგვერხა".

თუ ამ სტატუსის ქვემოთ კომენტარებს წაიკითხავთ, კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ შეიტყობთ. ინფორმაციის მოპოვება საკუთარი ძალებითაც ვცადე. აღმოჩნდა, რომ მანქანებიდან წყვილ-წყვილად სარკეების მოხსნა ბოლო პერიოდის სამწუხარო რეალობაა.

ავთანდილ ცქვიტინიძე: - რთულია იმაზე ფიქრი, დილით რომ გამოხვალ, შეიძლება, მანქანის სარკე არ დაგხვდეს, ან ფანჯარა ჩაგიმტვრიონ, ან სახლი გაგიქურდონ... ეს საკითხი თითქოს მოგვარებული იყო, დღეს კი, როგორც ჩანს (სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ), გახშირებულია ამგვარი ფაქტები.

- რა ზომები მიიღეთ?

- რა უნდა მექნა, მაგვიანდებოდა და ტაქსით წავედი... ჩემი ზომების მიღება ის იყო, რომ გავაფრთხილე საზოგადოება, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

ჩემი სახლის წინ კამერებია დამონტაჟებული. ჩანაწერშიც ჩანს, რომ ამას აკეთებენ მოზარდები, ალბათ იციან, რომ არასრულწლოვნებს არ დასჯიან. კაპიუშონით და ჩამოფხატული კეპით მოქმედებს. ჩანაწერი კი მაქვს, მაგრამ არ მინდა ზომების მიღება. ჩემი ჰუმანური მოსაზრებით, ამ მოზარდებს უფრო არ გავურთულე ცხოვრება, მაგრამ თუ ეს ფაქტი განმეორდა, აუცილებლად მივალ საჭირო ორგანოში.

უკვე შევუკვეთე და 20 დღის განმავლობაში ჩამომივა ახალი სარკეები, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ღირს იაფი. მანამდე დროებითი დავაყენე.

ქალბატონმა ხათუნამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი მიამბო: "თემქაზე ვცხოვრობთ. დილით ჩემს ძმას სარკეებმოხსნილი მანქანა დახვდა. ელდა გვეცა... პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ იყო დიდი თანხის ზარალი და პოლიციაში ასეთ წვრილმანზე სიარული არ ღირდა - დროს, ენერგიას დავხარჯავდით და შედეგიც ალბათ, არ მოჰყვებოდა...

რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურიდან მომავალს კორპუსთან ორი ახალგაზრდა დამხვდა. მათ არ ვიცნობდი და არც სხვა დროს შემიმჩნევია უბანში. მოვიდნენ და პირდაპირ მკითხეს, თქვენი ძმის მანქანას სარკეები რომ აქვს მოხსნილი, არ უნდა, იაფად მივყიდითო? ნაქურდლის ყიდვა არც მიფიქრია და სწრაფად გავეცალე მათ..."

ელიავას ბაზრობისკენ ავიღე გეზი. ჩამწკრივებულ ავტოსახელოსნოებს შორის მანქანების სარკეების ოსტატს ვეძებ.

- რაო, სარკეები მოგპარეს? - მეუბნება ხაჭაპურის გამყიდველი, - ბოლო ხანებში შენნაირი ბევრი მოდის აქ და მივხვდი...

ხელოსანმა ირაკლიმ ჩემთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა...

- ადრე, წლების წინ, თუ რამეს სარკე ეხსნებოდა, ყველაფერს იპარავდნენ და აბარებდნენ ელიავას ბაზრობაზე. ჩემთანაც მოსულან, სარკეს არ ჩაიბარებო? უარს ვეუბნებოდი. მერე ქურდების დაჭერა დაიწყეს და ვინც მოპარულ ნივთებს იბარებდა, იმათაც არ დააყენეს კარგი დღე. რადგან ჩამბარებელი არ იყო, ქურდიც აღარ იპარავდა. ბოლო პერიოდში ისევ გამოჩნდნენ ამგვარი პრობლემით შეწუხებული ადამიანები. ამას წინათ მამაკაცი მოვიდა პრადოს ჯიპით, იგინებოდა, სარკეები მომპარეს და პოლიციაში რომ მივიდე, ვის დავადო ხელიო...

დღეს იყო კიდევ ერთი, X5-ის პატრონი, - სავაჭრო ცენტრ "მეგალაინის" მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე სარკე მომპარესო...

- რა ღირს თქვენი მომსახურება?

- 10 ლარიდან 80 ლარამდე - ეს მხოლოდ ხელოსნის მომსახურება. სარკის შეძენა მე არ მეხება, ეს მძღოლისთვის ცალკე ხარჯია და მისი ფასი დამოკიდებულია მანქანის მოდელზე. ყველა დეტალის გათვალისწინებით, ავტომანქანის სარკეების ფასი 150 დოლარამდეც ადის.

ეკა სალაღაია