"ახლა, როცა ასაკი მომემატა, მოდელობა ძალიან მსიამოვნებს"
26-06-2017
"ახლა, როცა ასაკი მომემატა, მოდელობა ძალიან მსიამოვნებს"
"ჩემს ცხოვრებას ძალიან ალამაზებს­ ქათინაური"

"ქიდადა და რაშიდა ჩემი ცხოვრების სიხარულია. ზოგჯერ მიჭირს დაჯერება, რომ ისინი გაიზარდნენ. საოცარი ადამიანები არიან, ჩემზე გაცილებით ჭკვიანები"


მსახიობი, მომღერალი და ახლა უკვე მოდელი, 60-იანი წლების ამერიკელი ჰიპი, ქუინსი ჯონსის მეუღლე და ლეგე­ნდარული რეჟისორის, დეივიდ ლინჩის­ სერიალ "ტვინ პიქსის" ვარსკვლავი პეგი ლიპტონი სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვ­რ­ობს. თბილი და საოცრად უშუალო - ეს პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც მასთან დაკავშირების შემდეგ გამიჩნდა. გაუხარდა, რომ შევეხმიანე და სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე.

- პეგი, ჩვენი ინტერვიუს დაგეგმვამდე­ ინტერნეტში თქვენი ფოტოები მოვიძიე და გავოცდი, არაჩვეულებრივად გამოიყურებით...

- პირველ რიგში, სასიამოვნოა, რომ ქართული მედია დაინტერესდა ჩემი ცხოვრებით, ამისთვის დიდი მადლობა... ჩემს ცხოვრებას ძალიან ალამაზებს­ ქათინაური. ლოს-ანჯელესში პატარა, ეზოიან სახლში ვცხოვრობ. პირველად ცხოვრებაში შემიძლია ეზოში მოვჭრა ვარდი,­ სახლში შემოვიტანო და
დავტკბე მისით. ვცდილობ, დიზაინი ჩემით შევქმნა, თუმცა ზოგჯერ არ გამომდის...
იოგას ვვარჯიშობ, ცოტა პილატესსაც, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, რომ ისეთივე მოქნილი ვიყო, როგორიც ადრე.

- თქვენ იყავით მსახიობი, მომღერალი­ (ფრენკ სინატრას ჰიტის, Is My lady-ის თანაავ­ტორი), ბესტსელერ Breathing Out-ის ავტორი. რო­მელია თქვენთვის ყველაზე მორგებული?

- როცა ახალგაზრდა ვიყავი, მიყვარდა მუსიკის შექმნა. მუსიკა ადამიანის გონებისა და სულის საზრდოა. გამუდმებით ვუსმენდი სხვადასხვა ჟანრს. დამწყებმა მუსიკოსმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ძველი ჰანგებიც, რომლებიც დრომ შემოგვინახა. ჩემი ცხოვრება არ იყო იოლი, მაგრამ დაბრკოლებებმა უფრო წინ წამწია. ახლა, როცა ცოტა ასაკი მომემატა, მოდელობა­ ძალიან მსიამოვნებს. ბევრი რამ მაქვს, რისი გამოხატვაც შემიძლია. არადა, ადრე ეს არ მომწონდა. ძალიან მორცხვი ვიყავი.
მსახიობობას რაც შეეხება, მომწონს, როდესაც კარგი როლის შესრულების შესაძლებლობა მეძლევა. ამჟამად ბებიის როლს ვითავსებ. ძალიან მიყვარს კომედიური როლები და ჩემს ქალიშვილ რაშიდასთან ერთად რამდენიმე ფილმში ვითამაშე.

- ყველას ახსოვხართ ნორმა ჯენინგის როლში დეივიდ ლინჩის სერიალში "ტვინ პიქსი". 2017 წელს სერიალი ისევ დაბრუნდა და, რა თქმა უნდა, თქვენი გმირიც. მინდა­ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო გადაღებები, თქვენი და დეივიდ ლინჩის შეხვედრა...

- დეივიდ ლინჩთან ოფისში დამიბარეს. მივედი და ვხედავ - დეივიდ ლინჩი, მარკ ფროსტი, სცენარისტი და ფილმის პროდიუსერი, სხედან დიდ მაგიდასთან და წინ უდევთ ჩემი ერთი ფოტო. გავიფიქრე, ალბათ, უკვე იციან როლის შესახებ და მე შემარჩიეს-მეთქი. ძალიან ვღელავდი. წავიკითხე სცენარი და დამაინტერესა. სასინჯი­ კადრები რომ გადავიღეთ, სიხარულს ვერ ვმალავდი. ძალიან მომწონდა ნორმა.

- 1974 წელს თქვენ და ქუინსი ჯონსმა­ იქორწინეთ. კარიერაზე ცოტა ხნით უარი თქვით, რომ მეტი დრო დაგეთმოთ ოჯახისთვის. ჩემთვის ეს გმირული საქციელია, მით უმეტეს, დღეს, XXI საუკუნეში, ძალიან რომანტიკული ჩანს ეს გადაწყვეტილება...

- მე არ მიმაჩნია ეს გმირულ საქციელად, დრო კი ნამდვილად შეიცვალა.­ არაფერი იყო იმაზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოჯახი, ვაღმერთებდი ჩემს მეუღლესა და ორ ქალიშვილს. ქუინსი დანახვისთანავე შემიყვარდა, ეს იყო სანაოსნო ტური ბაჰამის კუნძულებზე. ქუინსი ჯაზის ბენდს ხელმძღვანელობდა, მე მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ის წერდა და პროდიუსერობასაც ითავსებდა. როდესაც სხვადასხვა რასის წარმომადგენლები ქორწინდებიან, ყოველთვის თავს იჩენს სირთულეები, მაგრამ ჩვენ ხალხს ვუყვარდით, ყოველთვის გვერდში გვედგნენ.
1974 წელს, როდესაც ჩვენი უფროსი ქალიშვილი დაიბადა, ქუინსი კინაღამ გარდაიცვალა ანევრიზმით, მისი გამოჯანმრთელებისთანავე ვიქორწინეთ. მე ჰიპი ვიყავი და არ მინდოდა ქორწინება, მაგრამ მასთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა. შემ­დეგ მეორე გოგონა შეგვეძინა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ჩვენ ახლაც ვმეგობრობთ და ხშირად ვნახულობთ­ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებული ვართ.

- მინდა, ქალიშვილებზე გკითხოთ...

- ქიდადა და რაშიდა ჩემი ცხოვრების სიხარულია. ზოგჯერ მიჭირს დაჯერება, რომ ისინი გაიზარდნენ. საოცარი ადამიანები არიან, ჩემზე გაცილებით ჭკვიანები. სამივე ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ასე გადავწყვიტეთ.

ნინო წიფურია
Jepeto Ananiashvili
30 ივნისი 2017 15:25
Saocari Qalbatonia Twin Picksshic da Goderdzi Askanelis Gaizardnen Piligrimebshic gadasatevad tamashobs Lali Parikmaxeris natesavis (Mamis mxridan ) rols. Madloba koveli im cutisatvis rodesac tqven gailvet ekranze am didi interviusatvis.

რედაქტორის რჩევით