"სოფელი საბერიო დღეს პაპინრხუაა, კელასური - აბგიძარა..." - ტოპონიმთა ომი აფხაზეთში - კვირის პალიტრა

"სოფელი საბერიო დღეს პაპინრხუაა, კელასური - აბგიძარა..." - ტოპონიმთა ომი აფხაზეთში

"არ უნდათ, რომ ტოპონიმებში საქართველო გამოჩნდეს"

"ქართული სახელების აფხაზურად გადაკეთება მიზანმიმართულად ხდება"

კოშკები და ციხე-ქალაქები ყოველთვის ავსებენ ისტორიას, მათი ნანგრევებიც კი - უიმათოდ ისტორია ასეთი მშვენიერი და დამაფიქრებელი, ასე უკვდავი არ იქნებოდა. მაგრამ არსებობს ამაზე უკვდავი ისტორიაც. ეს ტოპონიმია - რომელიმე ადგილის გეოგრაფიული სახელი, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის, ათასი ჯურის დამპყრობს უძლებს და საბოლოოდ მაინც იმას მოგითხრობს, უხსოვარ წარსულში, თუნდაც მანამდე, ვიდრე ციხე-კოშკს აშენებდნენ, აქ რომელი ხალხი ცხოვრობდა. ამიტომაც ყველა დამპყრობი უპირველესად ტოპონიმთა შეცვლას ლამობს და... უმრავლეს შემთხვევაში არ გამოსდის - ტოპონიმი ყველაფერს უძლებს.

ამ დარგის სწავლულებმა შეუფასებლად დიდი საქმე გააკეთეს სამშობლოს ისტორიისთვის. მათ შორის პროფესორმა პაატა ცხადაიამ. როცა აფხაზეთი დაგვიბრუნდება, ჩვენ ამ განძს აუცილებლად გამოვიყენებთ. ბატონმა პაატამ 70-80-იან წლებში აფხაზეთში სამურზაყანოს ტოპონიმიკა შეისწავლა, - ქართული ტოპონიმიკა, რომელსაც დღეს აფხაზეთში ომი აქვს მტერთან.

ბატონ პაატა ცხადაიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეწვიეთ და აფხაზეთში სამუდამოდ აღბეჭდილ ქართულ კვალზე ვესაუბრეთ.

- აფსუების ბრძოლა საქართველოსგან აფხაზეთის ჩამოსაშორებლად დაიწყო რუსეთთან შეერთების მცდელობით და მასთან ერთად - ქართულ ტოპონიმიკაზე შეტევით (მაგალითად, XX საუკუნის 30-იანი წლებშიც გადააკეთეს რამდენიმე ქართული ტოპონიმი აფხაზურად). უნდა მომეხერხებინა, რაც შეიძლება მაქსიმალურად შემესწავლა ადგილობრივი ტოპონიმები - ეს ხომ მხოლოდ გეოგრაფიული სახელები არ არის, ტოპონიმებში ყველაფერი იკითხება, მათ შორის ისიც, რომელი ხალხი სად ცხოვრობდა, ან თუნდაც რას საქმიანობდა. აფხაზეთის ქართულ ტოპონიმებში კი ცხადია, ჩვენი, ქართველების, განსაკუთრებით კი მეგრელ-სვანების ისტორიაა გადმოცემული და ტოპონიმის შეცვლით აფსუებს ამ ისტორიის გადაფარვა უნდათ.

70-იან წლებში ქართული ტოპონიმების შედარებით მცირე ნაწილი იყო გადაკეთებული აფხაზურად... ადგილობრივი ტოპონიმების შესასწავლად გაგზავნილ პროფესორ ამბაკო ჭკადუას ფეხი ხეირიანად არც კი ჰქონდა ჩადგმული სოხუმში, უნივერსიტეტში რომ დეპეშა მოვიდა, ცხადია, რუსულ ენაზე - გთხოვთ, სასწრაფოდ გაიხმოთ უკან ამხანაგი ჭკადუაო. საქმე ის იყო, რომ ბატონმა ამბაკომ სოხუმში გულახდილად განაცხადა, - ქართული ტოპონიმების შესასწავლად ჩამოვედიო!.. მე სხვა გზა ავირჩიე, აფხაზებს ვუთხარი, - ქართულ ენაში შემოსული აფხაზური სიტყვების გამოკვლევას ვაპირებ-მეთქი. გაუხარდათ და სოფლებშიც გამიშვეს. მდინარე ღალიძგაზე ვერ გადავედი, მაგრამ სამურზაყანოში 11 000 ტოპონიმი შევისწავლე, უმეტესობა უძველესი ქართულია, მათ შორის მეგრულ-სვანური, რაც ასე არ მოსწონდათ აფსუებს.

- ტოპონიმების გამძლეობა საკვირველია, მას ვერაფერი მოერია, ვერც საუკუნეები და ვერც დამპყრობი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ჩვენს მიწაზე, თუმცა როცა აიბარგებოდა, ადგილობრივი ტოპონიმი კვლავ ცოცხლდებოდა.

- როცა მტერი წავა, ერის გენეტიკური მეხსიერება ტოპონიმს აუცილებლად აღადგენს, ან ადგილს მიანიჭებს იმ სახელწოდებას, რომელიც მის ისტორიას ასახავს... მაგალითად, "ნავენახარი" - ყველამ ვიცით, აოხრების მაჩვენებელი რომ არის, თბილისში არაბების 4-საუკუნოვან ყოფნას ასევე ასახავს არაბული სიტყვები: "ავლაბარი" (მთავარი, პირველი), "ისანი" (ციხე-სიმაგრე)... ძირითადად კი ერი მისთვის საარსებო ტოპონიმებს ინარჩუნებს.

აფხაზეთის ტოპონიმიკაში ქრისტიანობამდელი და ქრისტიანობის დროინდელი ქართულ-მეგრული ფესვებია. სიტყვა "ჯგირი" - ქრისტიანობამდე კარგს, კეთილს ნიშნავდა, ქრისტიანობის შემდეგ კი წმინდანის აღმნიშვნელად იქცა. მაგალითად, სენაკის სოფელს ჯგერელია (წმინდა ელია) ჰქვია, აფხაზეთის სოფელს კი ჯგერდა (წმინდა). ორივე ქართულ-მეგრულია და ორივე წმინდას ნიშნავს.

აფხაზებს კი სწორედ ის არ უნდათ, რომ ტოპონიმებში საქართველო გამოჩნდეს და, ამიტომაც დაიწყეს მათთან ომი. მახსოვს, აფხაზეთის ერთ სოფელში ერთმა გაბრაზებულმა მოხუცმა მითხრა, შენს მოსვლამდე აქ აფხაზი მკვლევარი იყო, სოფლის ქართული სახელი "ღუმურიში" "ღუმურიფშად" გადააკეთა და ჩვენი სოფელი აფხაზურ სოფლად ჩაწერაო. ღუმურიში სუფთა სვანური სიტყვაა და ნაძვს ნიშნავს. სხვათა შორის, კვლევისას ღრმად მოხუცებულმა აფსუამ მითხრა, - ჩვენები გუმისთის გადაღმა, მთებში ცხოვრობდნენ. მერე ამოვიდნენ აფხაზეთიდან - ამ მთებში რა გინდათ, ჩვენთან წამოდით, უამრავი ადგილი გვაქვსო და დავყაბულდითო. ისიც დასძინა, - მახსოვს, როგორ დადიოდა ბაბუაჩემი გუდაუთაში, ფსხუს ხეობაში სალოცავადო. საოჯახო, გვარის სალოცავზეა საუბარი, რომელიც აფსუებს ფსხუს ხეობაში ჰქონდათ. ამ მოხუცს ჩემი, როგორც ქართველის მიმართ ცუდი განწყობა არ ჰქონია... მერე კი ყველაფერი შეიცვალა, მით უფრო ომის შემდეგ.

დღეს აფხაზეთში ყველა ქართული ტოპონიმის აფხაზურად გადაკეთება ხდება. აფხაზებს ჰყავთ მათთვის პოპულარული ისტორიკოსი, ვალერი კვარჭია, ქართული კვალის წასაშლელად ქართული ტოპონიმების აფხაზურად შეცვლის მედროშე. ეს ყველაფერი წიგნადაც გამოსცა რუსულ ენაზე. კვარჭიამ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლა რომ მოინდომა, რადიო "ამერიკის ხმამ" ჩემი ნაშრომიდან ნაწყვეტების კითხვა დაიწყო, ცხადია, კვარჭიას "ნაშრომის" გასაცამტვერებლად. გულსაკლავია, რომ დღეს აფხაზეთში ქართულ ტოპონიმებს პირდაპირ აფხაზურად თარგმნიან. მაგალითად, სოფელი საბერიო დღეს პაპინრხუაა, სოფელი დიხაზურგა აბააკიტი, კელასური - აბგიძარა, მაფაწყუ (მეფისწყარო) აფსჰაიძიხი... ესეც პირდაპირ აქვთ ნათარგმნი, აფსა აფხაზურად მეფეს ნიშნავს, იძიხი - წყალს. არადა, აფსუებს, იმ ჩრდილოკავკასიურ ტომს, რომლის წარმომადგენლებიც ისინი არიან, მეფე არასოდეს ჰყოლიათ.

- ამის მიუხედავად, აფხაზეთში მაინც ბევრი ქართული ტოპონიმი დარჩება.

- თითქმის მოურეველია მდინარეების სახელწოდებები. ამის მაგალითად მდინარე რიონიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელსაც ბერძნებმა ფაზისი უწოდეს და საუკუნეების განმავლობაში ასე უწოდებდნენ. რიონი სვანური ტოპონიმია, "რივენი", მღვრიეს ნიშნავს და დღესაც ზუსტად ამ სვანური სახელით მოედინება...

- მღვრიე, მაგრამ ძველი და ამაყი!

- დიახ, სწორედ ასეა.

ეთერ ერაძე