როგორ ვეძებდი სამსახურს - ექსპერიმენტი - კვირის პალიტრა

როგორ ვეძებდი სამსახურს - ექსპერიმენტი

"ვარ 34 წლის ჯანმრთელი მამაკაცი. თანახმა ვარ ნებისმიერ სამუშაოზე", - ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გაჩერებაზე ამოვიკითხე. განათების ბოძზე გაკრულ ფურცელზე მამაკაცის კოორდინატებიც იყო მითითებული. პროფესიულმა ინტერესმა არ მომასვენა და მითითებულ ნომერზე დავრეკე. გელა ყოფილი სპორტსმენი აღმოჩნდა და უკვე დასაქმებულიყო. მას სამსახური ქუჩაში გაკრული განცხადებით ვერ უშოვია. გაზეთში ამოკითხულ ვაკანსიაზე დაურეკავს და კომპანიაში ტვირთის დამცლელად დაუსაქმებიათ.

"ადამიანები ეძებენ სამსახურს, დამსაქმებლები ეძებენ კადრებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, განცხადებების მიღმა, უკეთეს შემთხვევაში, სულ სხვა სამსახური და მოთხოვნებია, უარესში კი ვერასდროს დარეკავთ..."

სამსახურის მაძიებლების უმეტესობა, ძირითადად, გაზეთებში, სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში გამოკრულ ვაკანსიებს ეტანება, ამის მიზეზი კი დამსაქმებლისგან მოთხოვნილი მინიმალური კრიტერიუმებია, რომლებსაც საქართველოში დღეს თითქმის ყველა აკმაყოფილებს. როგორ დავსაქმდეთ, რა ღირს შრომა ჩვენს ქვეყანაში, რა სამუშაო გრაფიკს გვთავაზობენ და რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ სამსახური ვიშოვოთ? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" ექსპერიმენტი ჩაატარა და ქუჩაში, სოციალურ ქსელებსა და გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებებზე, როგორც სამსახურის მაძიებელმა, ისე დავრეკეთ.

31 წლისამ, ორი უცხო ენის მცოდნემ, შრომისმოყვარემ და ფიზიკურად არცთუ ისე სუსტმა პირველად გაზეთში ამოკითხული განცხადების ნომერზე დავრეკე. დამსაქმებლები ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში დამხმარე ბიჭებს ეძებდნენ. კარგა ხანს ვრეკავდი, თუმცა არავინ მიპასუხა. იმედგაცრუებული შემდეგი დამსაქმებლის ნომერს ვკრეფ. სადღეღამისო ავტოსამრეცხაოში ავტომობილის კვალიფიციურ მრეცხავებს ეძებენ. შუახნის მამაკაცმა მიპასუხა:

- განცხადებაში წერია, რომ დღის და ღამის ცვლაა. რამდენსაათიანი გრაფიკია?

- დილის 9-დან საღამოს 9-მდე, და საღამოს 9-დან დილის 9-მდე.

- ანაზღაურება?

- მოჭრილი ხელფასი არ არის. გამომუშავებული თანხის 30 პროცენტია.

- კარგი, მოვიფიქრებ და შეგეხმიანებით.

სოციალურ ქსელში ამოკითხულ ერთ-ერთ განცხადებაში კი დამსაქმებელი, საქმის ადგილზე შესწავლით, თხელი ლავაშის წარმოებისთვის შრომისუნარიან კადრებს ეძებდა. მოთხოვნებში მითითებულია, რომ სამსახურის მსურველი სტაბილური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა იყოს. ობიექტი, სადაც დამსაქმებელმა გასაუბრებაზე დამიბარა, გლდანში აღმოჩნდა.

- როგორია სამუშაო გრაფიკი?

- დილის 8-დან საღამოს 7-მდე. დილის 8-ზე აქ უნდა იყო, 15 წუთში უნდა მოწესრიგდე, ჩაიცვა ფორმა და დაიწყო მუშაობა. დასვენება კვირაში ერთი დღეა. ახლა ორი "ღუმელი გვაქვს და მესამეს ვამატებთ. ახალი ჯგუფი მესამე "ღუმლისთვის" მჭირდება. თუ გყავს სანაცნობოში ორი ენერგიული გოგო, მოიყვანე.

- განცხადებაში წერია, რომ საქმეს ადგილზე შემასწავლით...

- კი ბატონო. დღის განმავლობაში 1000-1200 სომხური ლავაში უნდა გამოაცხო. 1000 ლავაშზე 21 ლარი, 1200-ზე - 26. ხელფასი თვეში 500 ლარი გამოდის.

- დასვენება რამდენი საათია?

- დაახლოებით ნახევარი საათი...

"დამატებითი შემოსავალი! დღეში სამსაათიანი სამუშაო გრაფიკის მსურველთათვის","- ეს განცხადება დასაქმების ოფიციალურ ვებგვერდზე ამოვიკითხე. სასურველ მოთხოვნად რუსული ენაა მითითებული. გაურკვეველ პოზიციაზე დასაქმების მსურველმა ინტერესი ვერ დავიკმაყოფილე, რადგან ტელეფონს არავინ უპასუხა... იმედგაცრუებული გაზეთში შემდეგ ვაკანსიას ვეძებ და აი, ისიც...

"მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს! მიღება გასაუბრებით, სასურველია, რუსული ენის ცოდნა" - იმ იმედით, რომ აქ მაინც გამიმართლებდა, მითითებულ ნომერზე დავრეკე. შუახნის მამაკაცმა ჯერ ასაკი და განათლება მკითხა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბაკალავრი ვარ, გასაუბრებაზე სათავო ოფისში დამიბარა. როცა კომპანიის შესახებ ვკითხე და რისი გაკეთება მომიწევდა, გაღიზიანდა და მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.

- საოფისე სამსახურია, გექნებათ ხალხსა და საბუთებთან შეხება. ასე ტელეფონზე როგორ გითხრათ? - მისამართი ჩამაწერინა და დამემშვიდობა.

კიდევ ერთ საინტერესო განცხადებას გადავაწყდი გაზეთში:""სტრუქტურის ხელმძღვანელის 5 ვაკანტურ ადგილზე ინტელექტუალურ-საოფისე საქმეს გთავაზობთ, მზარდი ანაზღაურებით. გამოგვეხმაურონ უმაღლესი და საშუალო განათლების 25-65 წლამდე ასაკის ქართულ-რუსული ენების მცოდნე შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და კომუნიკაბელური ადამიანები. იჩქარეთ, ნუ დააყოვნებთ, დრო ოქროდ ფასობს!"

ამ "ოქროს" ასოებით" დაწერილი განცხადების ადრესატს ვერსად მივაგენი, მითითებული ნომერი გამორთული იყო.

საქართველოში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი არცთუ ისე ცოტაა, ადამიანები ეძებენ სამსახურს, დამსაქმებლები ეძებენ კადრებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, განცხადებების მიღმა, უკეთეს შემთხვევაში, სულ სხვა სამსახური და მოთხოვნებია, უარესში კი ვერასდროს დარეკავთ.

ხვალ ახალი დღე გათენდება, სამსახურის მაძიებლები ისევ არარსებული სამსახურის ძიებაში გალევენ კიდევ ერთ დღეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი