"თუ რეაბილიტაცია შეჩერდა, ფულსაც და სახელმწიფოს გარჯასაც წყალი წაიღებს"
26-06-2017
"თუ რეაბილიტაცია შეჩერდა, ფულსაც და სახელმწიფოს გარჯასაც წყალი წაიღებს"
"ვისაც სურები უნახავს, იცის, რომ თუ არ მოასფალტდა, მხოლოდ მოხრეშილ გზას მდინარე წაიღებს, უკვე მიაქვს კიდეც - თან ტექნიკა მუშაობს, თან გზა ზვავდება. აი, ასეთია მდგომარეობა, არადა, გვეუბნებიან, - გზას ვერ მოგიასფალტებთ, უნდა მოითმინოთო"

ორი წლის წინ რედაქციაში მოსულ წერილში ჩოხატაურის სოფელ სურების მოსახლეობა 17-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვდა. ეს ულამაზესი მთიანი სოფელი, სადაც ათეული წლის წინ 2000-მდე კაცი ცხოვრობდა და გურიის ბეღელს (სიმინდით, თაფლითა და რძის პროდუქტით) წარმოადგენდა, დღეს დაცლის
პირასაა, რაც, უმთავრესად უგზოობის ბრალია. სურებელებისა და ჟურნალისტების ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო - შარშან სოფლის სრულიად ამორტიზებულ გზაზე ტექნიკა ამუშავდა. ჩვენც სურებს დიდი სიხარულით მივულოცეთ ეს ამბავი. წელს კვლავ შეგვეხმიანნენ, - წერილს, სოფლის სახელით, სურების გზის რეაბილიტაციის საინიციატივო ჯგუფიდან ბატონი ზურაბ დარსალია და გიორგი ტრაპაიძე აწერენ
ხელს, თქვენც გთავაზობთ და გულწრფელად მოვუწოდებთ მთავრობას, არ დაუშვან სურების გზის უხარისხოდ კეთება - იქაურები ამას არ დათმობენ!

"რომ არა თქვენი თანადგომა, სურების გზის გაკეთება მრავალი წლით გადაიწევდა უპერსპექტივო მომავლისკენ. თავის დროზე თავად გვითხრა ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, - თქვენ გზას ვინ გაგიკეთებთ, სოფელში ხალხი აღარ ცხოვრობსო.­ არადა, ხალხს იმ სოფელში რა გააჩერებს, სადაც გზა არ არის! სურები იმდენად გვიყვარს, მისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და შარშან სურების გზის 17-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის (ბუკისციხიდან ვანამდე) მოხრეშვა-მოასფალტებისთვის გამოყო თანხა; წელს თებერვალში კი დარჩენილის (ვანიდან ზემო სურებამდე) რეაბილიტაციაც დაიწყო. ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვდა თითოეული სურებელი - სოფელში მცხოვრებიც. სხვადასხვა რაიონში გადასახლებულმა სურებელებმა სოფელში დაბრუნებაც დაიწყეს - გარდაბნიდან 2 ოჯახი დაბრუნდა. ამასვე აპირებენ სხვებიც; თუმცა, ბოლო დროს დიდი შიში გაგვიჩნდა: ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, - სურების გზას მხოლოდ მოვხრეშავთ, ასფალტის დაგებას ვეღარ ვახერხებთ, რადგან სხვა სერიოზული პროექტები გვაქვს გასაკეთებელიო. ამ დაწესებულების მინისტრი სამჯერ შეგვპირდა, - ხეობაში ჩამოვალ და პრობლემას ადგილზე განვიხილავო, მაგრამ სამჯერვე მოგვატყუა. გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მიაწვდინოთ ხმა, რომ თუ გზა არ მოასფალტდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომა წყალში გადაიყრება და სოფელს გზა არ ექნება. ამას არ დავუშვებთ და აქციების საშუალებით შევეცდებით მიზანს მივაღწიოთ".

წერილის ავტორები რედაქციაში მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, ეამბათ, რა ხდებოდა.

ზურაბ დარსალია: -
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჟურნალისტებს სურების გზის რეაბილიტაციაში დახმარებისთვის. ვერ წარმოიდგენთ, თითოეულმა ჩვენგანმა რა შრომა გავწიეთ. 2 წლის წინ იმას მივაღწიეთ, რომ სოფელში, სადაც 25 წლის განმავლობაში ნათურა არ ანთებულა, ელექტროენერგია დავაბრუნეთ. ბოლოს, გზის მშენებლობაც დაიწყო... პროექტში გზის მოასფალტება უპირობოდ იყო, რადგან ვისაც სურები უნახავს, იცის, რომ ამ ხეობაში ყოველ ზამთარს დიდთოვლობაა და გზის გაწმენდა აუცილებელია. მხოლოდ მოხრეშილ გზას კი ყველა გაწმენდისას ტექნიკა გაანადგურებს და ხრეში მდინარეში ჩაიყრება. ფაქტი სახეზეა - 2015 წელს დაგებული ბუკისციხე-ვანის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ გავლა კვლავ შეუძლებელია.

- ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ პროექტში სახელმწიფოსაგან ჩადებული თანხები წყალში იყრება.

- რასაკვირველია. ასფალტი უპირველესად ამ გზის პირველ, 7-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა დაიგოს, რომელიც უკვე დაიხრამა, მერე დანარჩენზე, თორემ შესრულებული სამუშაო განადგურდება და პროექტში ჩადებული თანხები წყალში ჩაიყრება. გასაოცარია, ეს როგორ არ ესმით იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფო აბარია. თუმცა რა გვიკვირს - ინფრასტრუქტურის მინისტრის დაქვემდებარებულმა პირებმა ეთერში განაცხადეს, ამ გზაზე ასფალტი რომ დავაგოთ, ხალხი ხეობაში გადაიჩეხებაო. თუმცა, არა უშავს, - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და სამინიტროს წინ გამართული აქციებით მიზანს მაინც მივაღწევთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები