აბულაძეების ხუთი შვილი უდედოდ გაიზრდება... - კვირის პალიტრა

აბულაძეების ხუთი შვილი უდედოდ გაიზრდება...

"გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბავშვს საღეჭი რეზინი მოუთხოვია, ლალის ბავშვები ოთახში შეუყვანია და ტკბილეულისთვის შესაძენი ფული ყველასთვის დაურიგებია. ეს იყო მისი უკანასკნელი საჩუქარი შვილებისთვის. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა, რაც უნდა მოხდეს, ბავშვები ერთმანეთს არ დააშოროო"

"ამ ქვეყნიდან ყველა მიდის, ეს გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ როცა პატარა შვილები მყავს, მხოლოდ იმას ვფიქრობ, იმხელები მაინც გავზარდო, რომ დედა დაამახსოვრდეთ" - ეს სიკვდილის სარეცელზე, სიმსივნესთან მებრძოლი დედის უკანასკნელი სიტყვები იყო. 39 წლის ლალი ნახუცრიშვილი ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა...

"დაკარგულ დროზე ვნანობ"

ორი წლის წინ, მეხუთე ბავშვზე ორსულობისას ექიმებმა მელანომის შორს წასული ფორმა, მეოთხე სტადია დაუდგინეს. დიაგნოზი თავზარდამცემი იყო... ლალი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერ კიდევ იბრძოდა სიცოცხლისთვის. მას ოჯახთან ერთად ჩვენ, საზოგადოებაც ვამხნევებდით, მაგრამ სიკვდილმა დაგვამარცხა...

ლალი ნახუცრიშვილი: "დემეტრე ერთი თვის იყო, ექიმთან რომ მივედი. როცა პასუხი სამედიცინო ენაზე მითხრეს, ვერ მივხვდი, მაგრამ ექიმებს სახეზე შევატყვე, რომ დამწუხრებული გამომეტყველება ჰქონდათ. მაშინვე დაიწყეს ჩემი დაიმედება, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რაზე იყო საუბარი. მერე გავიგეთ, რას ნიშნავდა მელანომა. ყველაზე საშინელი ის დღე იყო, როცა მეორე ოპერაციის დროს დათესილ ბიოლოგიურ მასალაზე პასუხს მივაკითხე, ექიმმა მითხრა, მედიცინა უძლურია თქვენი დიაგნოზის წინაშე და უნდა შეეგუოთო... გავშეშდი, ხმა აღარ ამომდიოდა პირიდან. ექიმის ნათქვამმა ფსიქოლოგიურად დამანგრია, მაგრამ დიაგნოზს ბრძოლა მაინც გამოვუცხადე... მითხრეს, რომ ყოველი დღე გადამწყვეტი იყო. ვნანობ დაკარგულ დროზე, ვინ იცის, იქნებ ბრძოლა გამარჯვებით დამთავრებულიყო.

გაღიზიანებული ხალის მოკვეთის შემდეგ ოთხი ქიმიოთერაპია დამჭირდა. მეც და დემეტრემაც მძიმე დღეები გადავიტანეთ. ძუძუს ვაჭმევდი, მერე ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანეთ... მერე მეტასტაზები მთელ ორგანიზმს მოედო. ექიმმა ექვსი თვის სიცოცხლის გარანტია მომცა, ორი წელი გადის, მაგრამ ისევ ვიბრძვი. არაფერს ვნანობ, პირიქით, ღვთის მადლობელი ვარ, რომ ხუთი შვილის დედობა მარგუნა. ახლა ერთი ოცნება მაქვს, მინდა იმხელა მაინც გავზარდო ჩემი შვილები, რომ დავამახსოვრდე... ბავშვები სულ საწოლთან მისხედან, მეხუტებიან, მეფერებიან... დე, კარგად რომ გახდები, იქ ხომ წაგვიყვან, ამას ხომ გავაკეთებთო, მეკითხებიან. ასე გადის დღეები. ბოლო პერიოდში ტკივილი გაძლიერდა. ხანდახან, როცა გაუსაძლისი ტკივილი მაწუხებს, მორფს მიკეთებენ..."

"იქ დავბრუნდი, საიდანაც დიდი ხნის წინ წამოვედი"

"საგარეჯოში დავიბადე. ჩვენს მონასტერში დავდიოდი და გათხოვებამდე მედავითნე ვიყავი. ოჯახის შექმნის შემდეგ ისე ხშირად ვეღარ დავდიოდი ტაძარში. ეს დიაგნოზი ისე მივიღე, როგორც განსაცდელი. ახლა სახლში მოდის ჩემი მოძღვარი და ვეზიარები. ამ ავადმყოფობამ ისევ დამაბრუნა ეკლესიის წიაღში."ვინც იგებს ჩემს გასაჭირს, ნაცნობი თუ უცნობი, ყველას მხარდაჭერას ვგრძნობ. არ ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ მათი სიკეთის გადახდას... დილა-საღამოს ვლოცულობ მათთვის. ეს დიდი მადლი და სიკეთეა, სიკეთე, რომლის გაკეთებაც ყველას არ შეუძლია.

ლალი 6 ივნისს გარდაიცვალა. ბავშვები ლალის მშობლებმა კახეთში წაიყვანეს. უფროსი, ილია, მამასთან დარჩა.

შალვა აბულაძე: -"ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბავშვს საღეჭი რეზინი მოუთხოვია, ლალის ტკბილეულისთვის შესაძენი ფული ყველასთვის დაურიგებია. ეს იყო მისი უკანასკნელი საჩუქარი შვილებისთვის. 4 ივნისს საღამოს აბები მივუტანე და წყლის მოსატანად სამზარეულოში გავედი. ოთახში შესულმა რომ შევხედე, აბებს ხელში ნერვიულად ათამაშებდა და მაშინვე გაითიშა. ის ღამე კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში გაატარა, მეორე დღეს გარდაიცვალა... ცოტა ხნით ადრე მითხრა, რაც უნდა მოხდეს, ბავშვები ერთმანეთს არ დააშოროო. სამთავისის მონასტრის მეუფემ და დედებმა გამოთქვეს სურვილი, ბავშვები მონასტერში ერთად გაიზარდონ. მინდა, ისეთი ვაჟკაცები გავზარდო, როგორიც ლალის უნდოდა. სანამ კახეთში წავიდოდნენ,

ხუთივეს ჩემთან ეძინა, გადახედავდნენ თუ არა დედის საწოლს, ტირილს იწყებდნენ, მიჭირდა მათი დამშვიდება, რა უნდა მეთქვა..."

P.S. აბულაძეების ხუთი შვილი უდედოდ გაიზრდება. მათ ლაღი და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონოდათ. 39 წლის ლალი ნახუცრიშვილის უკანასკნელი სურვილის ასრულება ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე-