”მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდი ძლიერი ბერკეტებია ხელისუფლების ხელში” - კვირის პალიტრა

”მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდი ძლიერი ბერკეტებია ხელისუფლების ხელში”

განრიდება თუ აგრესია?!

"როგორც კი ადამიანის გონებას სრულად დაიმორჩილებენ, დედამიწაც დაიღუპება"

ბოლო დროს პოლიტიკურ დაპირისპირებას რელიგიური კონფრონტაცია დაემატა.  საზოგადოება დაპირისპირების საშიშ ფაზაში შევიდა. ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით, მორწმუნეთა და სიტყვის თავისუფლების დამცველთა ქიშპი უკვე მთელი ქვეყნის დასანახად პირდაპირ ეთერში ხდება, ზნეობრიობა და უზნეობა ერთმანეთში აირია, ეროვნულ, ფუნდამენტურ  ღირებულებებს სიყალბემ იმდენად შეუტია, რომ ადამიანს ვერ გაუგია, სად და რაში ეძებოს ჭეშმარიტება. გამოსავალი დროულად არის მოსაძებნი, რომ უფრო დიდ უბედურებაში არ გავეხვიოთ და  დედასამშობლოს მეტად არ ვავნოთ. ეს განწყობილება კარგად ჩანს ჩვენი მკითხველის კომენტარებშიც, რომლებიც "კვირის პალიტრის" საიტზე მოგვწერეს.

მარიამ სააკაშვილი

ხალხნო, ნუთუ ვერ ხვდებით, სადამდე მიგვიყვანს ეს ურთიერთქიშპი? სირცხვილია, ერთმანეთს რომ ვჭამთ ქართველები.

GIOSTO

საქართველოს მომხრეები უნდა ვიყოთ და არა სააკაშვილის. საქართველოს უნდა ვიცავდეთ და არა სააკაშვილს. ქვეყნის დაქცევაში ნაშოვარი ხელფასი კი არ უნდა უხაროდეს მავანს, არამედ რცხვენოდეს ასეთი ხელფასისა..

KvirisPalitra.Geთრუსოელი

"ბნელი ძალების" მიზანი მიღწეულია, აბა, რა არის? - ერთმანეთისა აღარ გვესმის, ერთმანეთში ეჭვი გვეპარება, ქვეყანა ხელისუფლების ტაშის დამკვრელებად და ოპოზიციის დამქაშებად, რუსეთის აგენტებად და ამერიკის მოენეებად დავყავით. ერთ ენაზე ვეღარ ვლაპარაკობთ და ერთმანეთისა აღარ გვესმის...

ჯერ სახელმწიფო, ერი და ღმერთია და მერეა სადღაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც!

ჩვენს თავშია მოსაძებნი გამოსავალი!

ტარიელი

დრო იშოვეს სააკაშვილის ხანაში დეისაძეებმა, თევზაძეებმა, მინდიაშვილებმა და "თავისუფლების ინსტიტუტის" სხვა კრამიტდაცურებულებმა.

მათ სატანურმა სექტებმა უთხრეს: ფული გინდათ? აგინეთ პატრიარქს, აგინეთ მართლმადიდებლობას, აგინეთ ღვთისმშობელს, წაბილწეთ ყველაფერი წმინდა!

ჰოდა, აგინებენ, - ფული უნდათ, ბინძურიც იყოს, ეს არ ადარდებთ.

რაც ყველაზე უარესია, ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვა საზოგადოების დაპირისპირების კიდევ ერთი შანსი. ამით ოთხი კურდღელი დაიჭირა: 1. მამისონზე დროშის აფრიალება მიიჩქმალა; 2. პროვოკაციამ არასასურველი პირების აყვანის საბაბი მისცა; 3. ძალაუფლებით ტკბობის კიდევ ერთი შანსი ხელიდან არ გაუშვა; 4. ნატოში ხელის მოცარვის სხვაზე გადაბრალება გაიადვილა.

ლაილა

მართლმადიდებლობა აკადემიური რელიგიაა, არც მე მომწონს მორწმუნეთა ზოგიერთი ჯგუფის სექტანტური თავგამოდება, მაგრამ ის, რასაც ახლა დემოკრატია დაერქვა საქართველოში, მიზანმიმართული ბრძოლაა არა მანკიერი ტრადიციების, არამედ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ქართული ჰქვია. ჩვენი ყოფა მიშას "პიარშჩიკების" სცენარებს დაექვემდებარა, რასაც უნდათ, იმას გვათამაშებენ და ჩვენი ასპარეზი მხოლოდ ინტერნეტკომენტარებია, სადაც ერთმანეთს ის ხალხი ვუშლით ნერვებს, ვისაც არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. აი, ასე "კაიფობენ" ჩვენზე, თორემ რად უნდოდა პიარი ამ უნიჭო სიბილწეს. ამაზე დავა და კამათი იყო მათი მიზანი, რადგან კამათში ყოველთვის ჭეშმარიტება კი არ იბადება, ზოგჯერ ის არსებაც, რომლის მსახურებიც ესენი არიან!

ჩვენთან საუბრისას შექმნილ რეალობას ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საზოგადოების კრიზისი  უწოდა.

-  საზოგადოება განვითარების მორიგ ეტაპს გადის, ვითარება კვლავაც დაძაბულია და ამის გამოხატულებაა არსებული ქაოსი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლება დაქირავებული ჰყავს და თუ ის  საქმეს თავს ვერ გაართმევს, უფლება აქვს, დაითხოვოს. პოლიტიკოსის საქმიანობის შესაფასებლად შედეგი უნდა ავწონოთ და სულ არ მოგვეთხოვება  გავუგოთ ხელისუფლებას, რატომ ვერ შეძლო დაპირების შესრულება.

საზოგადოება არ უნდა იყოს ჩართული ემოციურ შეფასებებსა და ხელისუფლების ნაბიჯების ახსნაში. როდესაც საზოგადოებას პრაგმატული დამოკიდებულება აქვს მოვლენებთან, მოთხოვნებსაც სწორ ფორმას აძლევს.

-  რელიგიური საკითხების გამო დაპირისპირება საზოგადოების ნაწილმა გაიგო როგორც ერთი ჯგუფის მცდელობა, ყველა საშუალებით შეუნარჩუნოს სააკაშვილს ხელისუფლება და დარტყმის ეპიცენტრი ხელისუფლებიდან რელიგიურ თემებზე გადაიტანოს.

-  ადამიანს აქვს თვისება, ყოველთვის ეძებს ახსნას და იქ, სადაც ვაკუუმია, ჩნდება ვარაუდი ან ჭორი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც პროვოცირებული პროცესი იყოს.

ხელისუფლება ხშირად გველაპარაკება მიღწევებზე და გვეუბნება, კორუფციაც აღარ არისო.  სინამდვილეში კორუფცია არის, მაგრამ არ ჩანს. მხოლოდ წესები და ვექტორი შეიცვალა. თუ ადრე კორუფციის მიმართულება ქვევიდან ზევით იყო, ახლა ყველაფერი ზემოდან მოდის და მერე ნაწილდება ქვემოთ, ანუ ზემოდან ქვემოთ ხდება საზოგადოების ერთი ნაწილის მოსყიდვა.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ქვეყანაში 250 ათას ნარკომანზე მეტია აღრიცხული. გავამეხუთედოთ ეს ციფრი. დავუშვათ, დღეში 50 ათასი კაცი მოიხმარს ნარკოტიკს.  დღიური დოზის ფასი 25-30 ლარია. დაითვალეთ, რა თანხა ბრუნავს ყოველდღიურად ამ სფეროში და სადამდე ადის ეს თანხა წელიწადში. ვინ დამაჯერებს, რომ ძლევამოსილმა შს მინისტრმა არ იცის, საიდან და როგორ ტრიალებს ეს ფული? ეს ფული ზემოთ, ერთ კასტაში ნაწილდება და მერე იშლება ქვემოთ.

ცხოვრების წესად იქცა ზემოდან ქვემოთ მოსყიდვა. ის, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს, სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობს. როგორ გგონიათ, მარტო ქალბატონ ბურჯანაძეს ჰქონდა ერთ ლარად ქონება მიცემული? დარწმუნებული ხართ, რომ ამავე პირობით მოსამართლეებს არა აქვთ? ეს ყველაფერი კანონით გაფორმდა, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ სინამდვილეში ეს მოსყიდვაა.

სხვადასხვა უწყებაში ასეთი წესია, - ვინც თავს გამოიჩენს (მაგალითად, მომიტინგეების დარბევაში), უფორმდება მივლინება, სადაც ის ოჯახთან ერთად მიდის. კარგია, რომ ორგანიზაცია თანამშრომელზე ზრუნავს, მაგრამ როდესაც ის ოჯახთან ერთად ისვენებს მივლინების ანუ ბიუჯეტის ფულით, ესეც მოსყიდვაა.

ზოგიერთ ექსპერტს ფულს ჯიბეში არავინ უდებს, მაგრამ აძლევენ გრანტს ან ორდენს. ეს ის მეთოდებია, რითაც ხალხის მართვა და მანიპულაცია შეიძლება. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობის დაშინებაზე. ეს ორი, მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდი ძლიერი ბერკეტებია ხელისუფლების ხელში.

ჩვენი საზოგადოება ფრუსტრირებულია. ამ დროს ჩნდება განრიდება ან აგრესია. განრიდება გამოიხატა მიგრაციის დიდ პროცენტში, აგრესია კი  - საპროტესტო გამოსვლებში.

- 6 მაისს არ იყო ისეთი მძაფრი პროტესტი, როგორიც უწინ..

- ეს დაშინების გამოა, მაგრამ მოსახლეობას არ უნდა, თავს გამოუტყდეს, რომ დაშინდა. ამიტომაც ურჩევნიათ, ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალონ. ოპოზიციას იმაზე მეტს აბრალებენ,  ვიდრე ბრალი აქვთ. ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ძალას ვერ ხედავს ოპოზიციაში. არ არიან დარწმუნებული, თუ ქუჩაში გამოვლენ, დაცული იქნებიან თვითონ, მათი ოჯახები და ახლობლები.

მახსოვს, როდესაც ოპოზიცია აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხელისუფლებიდან წამოვიდა სლოგანი - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", რითაც მიანიშნა, რომ თავად საქმეს აკეთებდა, ოპოზიცია კი მხოლოდ ლაპარაკობდა. როდესაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, კი მაგრამ, რა გააკეთა ხელისუფლებამო, ახალი სლოგანი გაჩნდა, - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". ხელისუფლების ყველა სლოგანი საოცარ უნისონშია საზოგადოების შეკითხვებთან.

თავის დროზე, სლოგანმა "მიშა მაგარია" სამ პიარორგანიზაციაში გაიარა ტესტირება. ეს არის მარტივი, გასაგები, ყოფითი და უარგუმენტო სლოგანი. სად აქვს ოპოზიციას იმის საშუალება, 75 ათასი დოლარი გადაუხადოს (და ეს თანხა მართლაც გადაუხადეს - თითოს 25 ათასი დოლარი) ამ ორგანიზაციებს სლოგანის ტესტირებისათვის.

- რელიგიურ თემებზე დაპირისპირებაც საზოგადოებით მანიპულირებისთვის დაიწყო?

- თუ რელიგიური დაპირისპირება დაგეგმილია, ეს გათვლილია ერთ რამეზე, რაც მეტი მტკივნეული თემა გაჩნდება, მით უფრო ნაკლები იქნება  დარტყმა ხელისუფლებაზე. თუ მართლმადიდებლობა დისკრედიტირებული იქნება, ხელისუფლებისათვის უკეთესია, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ხელისუფლებაზე მეტი ძალა აქვს.

- როგორც ლექტორს, გკითხავთ, ნორმალურია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელი წიგნის პრეზენტაცია იმართება?

- უნივერსიტეტი რაიმე იდეოლოგიის მხარდამჭერი არ უნდა იყოს, მაგრამ რა მოხდა, თუ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი რეაქციით ხელი შევუწყვეთ ამ წიგნის პოპულარიზაციას. 100 წელი არ მეცოდინებოდა ეს წიგნი, მაგრამ რადგან ასეთი ხმაური ატყდა, შევედი ინტერნეტში და ფრაგმენტები წავიკითხე. ალბათ, წიგნსაც წავიკითხავ. სხვა საკითხია, მომეწონება თუ არა.

საზოგადოების ღირებულებების ფორმირებაში მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მედიასაშუალებებში დეისაძის ტიპის ავტორების პოპულარიზაცია და ტირაჟირება დაიწყება,  ახალგაზრდობა მას მიჰბაძავს. ჰკითხეთ მოზარდს, როგორი გინდა იყოო და თუ აირჩევს კეთილშობილ, მაგრამ ხელმოცარულ  მეცნიერს? თუ ტელევიზიით ხშირად ჩანან მეცნიერები და ნიჭიერი ხელოვანები, ახალგაზრდასაც უჩნდება სურვილი, მათ გაჰყვეს, მაგრამ როდესაც ტელევიზიით ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რომელიც ბოლო მარკის ავტომობილით დადის ქუჩაში, ახალგაზრდობისათვის ის ხდება ორიენტირი.

- მაგრამ ხომ არსებობს ყალბი და ჭეშმარიტი ღირებულებები, მათი განსხვავება რით უნდა მოხდეს?

- გააჩნია, რა ზნეობრივი და მორალური ფასეულობების პროდუქტის მიღება გვინდა. ლევან რამიშვილის კონცეფციაში წერია, ჩვენს პროდუქტს (ახალ ადამიანს) 30 წლის მერე მივიღებთო. ჩემი და თქვენი თაობა ამათი თვალთახედვით გაფუჭებულია, რადგან ჩვენი ღირებულებათა სისტემა უკვე ფორმირებულია. იმისათვის რომ ღირებულება შეიცვალოს, ფუნდამენტური ღირებულებები უნდა დაშალო, რომელიც სხვა ღირებულებებთან ერთად თანავარსკვლავედს ქმნის. როდესაც ფუნდამენტურ ღირებულებებს პირდაპირ ვერ ურტყამენ, ურტყამენ თანავარსკვლავედის კომპონენტებს, რათა ფუნდამენტური ღირებულებები დაასუსტონ. მართლმადიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებაა და  იციან, თუ პირდაპირ შეუტევენ,  წააგებენ. ამიტომაც მუშაობენ იმ კომპონენტებზე, რომელსაც მართლმადიდებლობა კრძალავს ან მიუღებელია მისთვის.

ერთ-ერთ უნივერსიტეტში მითხრეს, ნიჭიერ სტუდენტებზე არ გაამახვილოთ ყურადღება, ჩვენ შრომისმოყვარე სტუდენტები გვინდაო. სტუდენტის შემოქმედებითი აზროვნება უკანა პლანზეა, მარტო შრომისმოყვარეობაა წახალისებული. სტუდენტებს აქვთ უამრავი წასაკითხი და დასაწერი. იმდენად ფორმალიზებულია ეს ყველაფერი, რომ ტვინის განძრევაც არ სჭირდებათ. მხოლოდ ამ ფორმალობების დაცვაა საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო. ამით უმაღლესი სასწავლებელი ზრდის ინსტრუქციის კარგ შემსრულებლებს.

მსოფლიოში დიდი ექსპერიმენტები ტარდება გონების სრულ დამორჩილებაზე. ეს ძალზე გასაიდუმლოებული კვლევებია სამხედრო ხაზით. კლონირება უკვე შესაძლებელია, მაგრამ გონების დამორჩილება ვერ ხერხდება. ეს კარგია, რადგან როგორც კი ადამიანის გონებას სრულად დაიმორჩილებენ, დედამიწაც დაიღუპება. ბუნებას თავისი კანონები აქვს და არა მგონია, ვინმემ რამიშვილის კონცეფციის მიხედვით ახალი ადამიანის ჯიში  გამოიყვანოს.

მჯერა, ჩვენს საზოგადოებას პერსპექტივა უსათუოდ ექნება, მაგრამ სულსწრაფები ვართ და გვეჩქარება. ადრე თუ გვიან, ყველაფერი დალაგდება. პროცესების დაჩქარება კი განათლებითა და კრიტიკული აზროვნებით შეიძლება. დავანებოთ ემოციებს თავი. სჯობს ემოცია ინტელექტუალური პროდუქტის, შემოქმედების ნაყოფის ხილვისაგან მივიღოთ. თავი დავანებოთ ხელისუფლების შეცოდებასაც. გაგახსენებთ ფრაზას, - ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო. ჩვენ ხომ მართლაც ხშირად ვამბობთ, რა დროს ხელისუფლებასთან პრეტენზიებია, ომიაო. ხელისუფლებაც მუდამ ჩაგვჩიჩინებს, ომი არ დამთავრებულაო. ეს იმიტომ, რომ ომის დროს მომთხოვნი ვერ იქნები, მშვიდობა კი კრიტიკული აზროვნებისათვის ქმნის პირობებს.

გონიერი ხალხი ხშირად სძულთ ძლევამოსილ მბრძანებლებს როტერდამელი