"ჩემზე ითქვა, - კარგად მღერის, მაგრამ ნინო ქათამაძეს ჰგავსო"
26-06-2017
"ჩემზე ითქვა, - კარგად მღერის, მაგრამ ნინო ქათამაძეს ჰგავსო"
"სიდონიამ და ბარბარემ ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინეს. სასწაულია მათთან ურთიერთობა. კი გღლიან, დარბიან, გაგიჟებენ, აბა, ბავშვი ვის უნახავს, რომ დაჯდეს და მოგისმინოს, მაგრამ ეს ყველაფერი გაბედნიერებს"

წლების წინ მზე მოიკიდა ხურჯინით და აუყვა შემოქმედის აღმართს... მისი სითბო გაუზიარა მსმენელს. დრო გადიოდა... შემოქმედებითი აღმართის საფეხურები ცვლიდნენ ერთმანეთს... დღეს 2 შვილის დედაა. ხომ გინახავთ, რა ფერისაა ზღვაში ჩამავალი მზე? ამ ფერის თმა აქვთ მის გოგონებს. სწორედ ამ ონავრების ბრალია ის მცირე შემოქმედებითი
პაუზა, რომელიც მომღერალმა ახლახან დაასრულა - 24 ივნისს მეგი გოგ­იტიძის კონცერტი გაიმართა...

- როდის ამღერდა პირველად მეგი?

- ქობულეთელი ვარ. ჩემი ნამდვილი სახელი ნათიაა, მეგის დეიდაჩემი და მამაჩემი მეძახდნენ, თუმცა, მერე ამ სახელით გამიცნო მსმენელმა. ბავშვობიდან ვმღერი. სერიოზულად ფიქრი მუსიკაზე 15 წლისამ დავიწყე, როდესაც ჩემს
დაწერილ ტექსტს მელოდია მივუსადაგე. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ჩემი პატარები როდესაც წამოიზრდებიან, მინდა კონსერვატორიაში გავაგრძელო სწავლა.

- ბევრისთვის თქვენი შემოქმედება ასოცირდება სიმღერასთან "მზე დამაქვს ხურჯინით".

- მე და გიორგი ტიგინაშვილი ამ სიმღერის ავტორები ვართ. სამსახიობო ფაკულტეტზე ერთად ვსწავლობდით. ერთხელ გიორგი გიტარით ხელში კიბეზე იჯდა. მე ჩამოვიარე და ჩავიმღერე. სიმღერის ტექსტი გიორგი ტიგინაშვილისაა, მე მხოლოდ რამდენიმე ფრაზა დავამატე. მერე ჩავწერეთ და ინტერნეტითა და სოციალური ქსელით უცებ იქცა ჰიტად.

- უკრაინულ "ვოისზე" გვიამბეთ.

- წუთითაც არ მინანია ამ კონკურსში მონაწილეობა. ალბათ, ვერასდროს ვიმღერებდი ისე, როგორც მაშინ, როდესაც ბავშვს ვატარებდი მუცლით. ამ პროექტში 3 თვის ფეხმძიმე მივედი და მე-9 თვემდე იქ დავრჩი. ყველაზე დიდი, რაც ამ პროექტმა მომცა, ეს იყო "ყვავილების ქვეყანა", რომელიც სულ სხვანაირად შევასრულე. შუაში ტექსტი ჩემია, მერე - ტერენტი გრანელის. მომწონს მიქსები.

- როდის დაოჯახდით?

- უკვე 4 წელია, ერთად ვართ. გვყავს სიდონია და ბარბარე. ორივე მამიკოს ჰგავს. შვილებმა ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინეს. ვტოვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტი ან რეპეტიცია მაქვს.
ძირეულად შემცვალა დედობამ - ბევრი მიძინებული რამ გააღვიძა ჩემში. სასწაულია მათთან ურთიერთობა. კი გღლიან, დარბიან, გაგიჟებენ, აბა, ბავშვი ვის უნახავს, რომ დაჯდეს და მოგისმინოს, მაგრამ ეს ყველაფერი გაბედნიერებს.

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადევნებთ თვალს?

- მინდა, ადამიანებმა მეტი სიმშვიდე პოვონ, ერთმანეთის ნუგეში ვისწავლოთ, ერთმანეთის სიკეთე გვიხაროდეს. მე მხოლოდ სიმღერით შემიძლია ადამიანებს ველაპარაკო, რაღაცით ვანუგეშო, ასე კარგად სხვა არაფერი გამომდის.

- თქვენ და ნინო ქათამაძე ერთი კუთხიდან ხართ. ვერ ვიტყვი, რომ თქვენი სიმღერები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ორივეს ნამღერი ერთნაირად ემოციური და გულწრფელია...

- ნინოს ახლოს არ ვიცნობ. რაღაც მსგავსება შესაძლოა, თავიდან მართლაც იყო, შესაძლოა, გავლენაც, მაგრამ ამჟამად სხვადასხვაგვარია ჩვენი მუსიკა. ჩემთვის ძირითადი არის ტექსტი და მერე მუსიკა. ნინოსთან თითქოს მელოდიაა წინა პლანზე...
დრო ყველაფერს დაწმენდს. ჩემზე ითქვა, - კარგად მღერის, მაგრამ ნინო ქათამაძეს ჰგავსო და ეს შეფასება მდევდა თან, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მჯეროდა, რამაც დიდი სტიმული მომცა და ჩემი თავი მაპოვნინა.

ეკა სალაღაია
gia
16 ივლისი 2017 21:38
ძალიან ნიჭიერია მეგი!

პირად მე მეგი გოგიტიძეს არც კი შევადარებ ქათამაძეს....

აბსოლუტურად განსხვავებულნი არიან...მეგი გოგიტიძე,პირადათ ჩემთვის,შეუდარებლად უფრო მაღალი დონის მომღერალია...

რედაქტორის რჩევით