რატომ არ შეხვდა დონალდ ტრამპს ქართველი გამომგონებელი - კვირის პალიტრა

რატომ არ შეხვდა დონალდ ტრამპს ქართველი გამომგონებელი

"მე რომ ტრამპს შევხვედროდი, დამავლებდნენ ხელს, გამომამწყვდევდნენ ციხეში და რამდენიმე საათში პატენტის მფლობელები "ნაციონალების" ხელდასხმული პირები გახდებოდნენ"

"ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მინები სენტგობეინის ცნობილი მინებია, რომლებიც დღეში 110 ვოლტ ელექტროენერგიასა და 70 ვატს მოიხმარს. ამასთან, ძალიან ძვირია - კვმ-ის ფასი 1.500 დოლარია და აქვს მხოლოდ ორი პოზიცია... ჩვენს მინას კი ანალოგი არ გააჩნია და მისი ღირებულებაც მაქსიმუმ 250 დოლარი იქნება..."

რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ქართველ გამომგონებელთან, თემურ მაისურაძესთან შეხვედრას დაჟინებით ითხოვდა... რომელი ინოვაციური პროექტით დაინტერესდა ტრამპი და რა ბედი ეწია ამ პროექტს?! ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" თემურ მაისურაძე ესაუბრა.

- როცა სააკაშვილმა დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოიყვანა, ბიზნესმენის წარმომადგენელი დამიკავშირდა, მითხრა, თქვენი გამოგონებით დაინტერესდა და შეხვედრა უნდაო. ეს გამოგონება აშშ-შიც მქონდა დაპატენტებული. როგორც ჩანს, ტრამპმა ინფორმაცია იქიდან მიიღო.

- და რა გამოგონებაა ეს?

- მზის ენერგიაზე მომუშავე, მართვადი გამჭვირვალე მინის შექმნა, რაც მართლაც ინოვაციური პროექტია. ეს მინა ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, მზის ენერგიით იკვებება და დისტანციური პულტით მისი გამუქება ან გაღიავება შეიძლება. შეიძლება ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანაც - მზის ამოსვლისას მინა გამუქდება, დაბინდებისას კი გაღიავდება. ასეთი მინით შეძლებთ, ე.წ. ვირტუალური ფარდა ჩამოაფაროთ. თუ ავტომატურ რეჟიმს ჩართავთ, რაც მეტი შუქი იქნება, მეტად გამუქდება, შებინდებისას კი თანდათან გამჭვირვალე გახდება. ეს მინები სასტუმროებისთვის არის სასურველი. როგორც ჩანს, ტრამპსაც საკუთარი სასტუმროების ქსელისთვისაც უნდოდა... მისი გამოყენება შეიძლება ავტომობილებში, სათვალეებში და ა.შ.

- ასეთი მინები ხომ უკვე აქვს ბიძინა ივანიშვილს თავის რეზიდენციაში?

- ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მინები სენტგობეინის ცნობილი მინებია, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობს. დღეში 110 ვოლტ ელექტროენერგიასა და 70 ვატს მოიხმარს. ე.ი. სენტგობეინის მინები იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც სახლში თუნდაც ერთად ჩართული ყველა ხელსაწყო ვერაფრით დახარჯავს. ამიტომაც ამ მინებს ფართოდ არ იყენებენ. ის რომ ფართოდ გამოიყენებოდეს, მსოფლიოს კიდევ უამრავი ელექტროსადგურის აშენება დასჭირდებოდა... ამის გარდა, სენტგობეინის მინები ძალიან ძვირია - ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1.500 დოლარია და აქვს მხოლოდ ორი პოზიცია: დააჭერ პულტს და მინა რძისფერი გახდება, დააჭერ და - გამჭვირვალეა.

ასე რომ, ჩვენს მინას ანალოგი არ გააჩნია. უპირველესად, ელექტროკვება არ სჭირდება, მეორეც, მისი ღირებულება (მოგების ჩათვლით) კვმ-ზე მაქსიმუმ 250 დოლარი იქნება. მას აქვს ყველა პოზიცია (აბსოლუტური გაუმჭვირვალობიდან სრულ გამჭვირვალობამდე). გარდა ამისა, ინფრაწითელი სხივების 70%-ს ირეკლავს.

- და თქვენ ტრამპს შეხვდით?

- არა, უარი ვუთხარი...

- რატომ?!

- ხომ ვიცოდი, იმხანად ბიზნესმენები "ნებაყოფლობით" როგორ უფორმებდნენ წილებს სახელმწიფოს, ჰოდა, მე რომ ტრამპს შევხვედროდი, დამავლებდნენ ხელს, გამომამწყვდევდნენ ციხეში და რამდენიმე საათში პატენტის მფლობელები ხელისუფლების ხელდასხმული პირები გახდებოდნენ, ტრამპი კი ვერაფერს გაიგებდა! ამიტომ მის წარმომადგენელს ვუთხარი, პროექტი უკვე რეალიზებულია და სხვა პარტნიორთან თანამშრომლობას ვერ დავიწყებ-მეთქი.

მაშინ "ეროვნული ფორუმის" წევრი ვიყავი, ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჰოდა, ჩემ გვერდით მყოფი პოლიტიკოსებიც ვერ გაიგებდნენ, სააკაშვილის ჩამოყვანილ ტრამპს რატომ შევხვდი...

თანაც მაშინ მართლაც მყავდა გერმანელი პარტნიორი, რომელიც მზად იყო, ამ პროექტის განხორციელებისთვის 12 მილიონი გაეღო, აქედან 6 მილიონს გრანტად გვაძლევდა, ოღონდ ბიზნესში აღიარებული წესის თანახმად, თანხა ქართულ მხარესაც უნდა ჩაედო. მართლაც ერთი თანახმა იყო, ამ საქმისთვის 4 მილიონი გაეღო, თუმცა ბოლოს პატენტის მფლობელობის 50% მოითხოვა, რასაც არ დავთანხმდი, ამიტომ პროექტი ჩაიშალა. ისე, გერმანელები დღესაც მზად არიან, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ, მაგრამ საქართველოში მოქმედ ბიზნესმენებს უჭირთ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობა.

- მიკვირს, ბიძინა ივანიშვილი თქვენი პროექტით რომ არ დაინტერესდა...

- წინა მოწვევის დეპუტატი ვიყავი, მაგრამ მასთან ამ თემაზე ლაპარაკი არ მიცდია. მომერიდა, არ ეფიქრა, პოლიტიკაში იმიტომ მოვიდა, ფულის შოვნა უნდაო.

- ტრამპისთვის ხმის მიწვდენა აღარ გიფიქრიათ?

- ეს არც ისე იოლია. ის უკვე აშშ-ის პრეზიდენტია, რასაც მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა.

- კიდევ არაერთი საინტერესო გამოგონება გაქვთ.

- გამოვიგონე რკინიგზის ახალი ისრული გადამყვანი, რომელიც 4-ჯერ უფრო მეტი რესურსის გამტარებელია, ვიდრე მსოფლიოში გამოყენებული გადამყვანები.

ამჟამად ყველა ისრული გადამყვანი ერთი მილიონი ტონის გატარების შემდეგ ცვდება, ჩვენი კი ოთხი მილიონი ტონის გატარების მერე გაცვდება.

ამ გამოგონებით სანქტ-პეტერბურგის სარკინიგზო მაგისტრალის უნივერსიტეტი დაინტერესდა და საქართველოს რკინიგზასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი ისრული გადამყვანის დამზადება, რომლის გამოცდაც პოლიგონზე მოხდება და შემდეგ მისი წარმოება დაიწყება.

ეკა ასათიანი