"თუ არ მოინანიე, ღმერთს სად დაემალები?" - კვირის პალიტრა

"თუ არ მოინანიე, ღმერთს სად დაემალები?"

როდესაც წმინდასა და უზენაესს - უფალს, ღვთისმშობელსა და საიდუმლო სერობას გიგინებენ, ხმა რომც არ ამოიღო, ადამიანურად მაინც შეწუხდები

ტელეკომპანია "კავკასიაში" შეხლა-შემოხლის შემდეგ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ინციდენტის მონაწილე სასულიერო პირის დაჯილდოებამ. ინციდენტის მეორე დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ისაკაძეს გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა. საპატრიარქოს განმარტებით, გამშვენებული ჯვარი არის ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო ჯილდო, რომელიც მღვდელს ხანგრძლივი ღვაწლისა და დამსახურების გამო გადაეცემა.

მიტრის ტარების უფლება მღვდლის ხარისხში დაწინაურებას ნიშნავს. ამიტომაც, საპატრიარქოს განმარტებით, უსაფუძვლოა აზრი იმის თაობაზე, რომ თითქოს პატრიარქმა მამა დავითი "კავკასიაში" მომხდარის გამო "წაახალისა". ეს ჯილდო არის პასუხისმგებლობისა და მოვალეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი, რაც მღვდლისგან წინანდელთან შედარებით აღმატებულ ღვაწლსა და გარჯას მოითხოვს.

მიუხედავად ამ განმარტებისა, საზოგადოებას მაინც აქვს კითხვები: რატომ იყო მღვდელი დაპირისპირების ეპიცენტრში და რამდენად გამართლებულია მისი მონაწილეობით ცემა-ტყეპა? არის თუ არა შემწყნარებელი ეკლესია ასეთი მოვლენების მიმართ?

დავით ციცქიშვილი, ქაშუეთის ტაძრის მღვდელი: - ჩვეულებრივ, მართლმადიდებლობის მიდგომა ასეთია: რაც შეიძლება თავი უნდა შევიკავოთ ჩხუბისგან, აყალმაყალისგან, ფიზიკური შეხებისგან და ა.შ. პატრიარქის ქადაგებანი ყოველთვის გამოირჩევა ასეთი შეგონებით. მაგრამ ისიც ცნობილია, როდესაც მაცხოვარი შევიდა იერუსალიმის ტაძარში, გამორეკა ყველა მოვაჭრე, "მოაყირავა მეკერმე და მაგიდები", მტრედების გამყიდველებს უთხრა: დაწერილია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგიო. მეორე მაგალითია, თუ როგორ გააწნა სილა წმინდა ნიკოლოზმა ყველას თანდასწრებით ერესის მქადაგებელ არიოზს.

კრების მონაწილე მამებმა ეს გადამეტებულ მოშურნეობად ჩათვალეს, ნიკოლოზს მღვდელმთავრის წოდება ჩამოართვეს და საკანშიც ჩაამწყვდიეს. მაგრამ მალე ღვთის დიდი სათნომყოფელის ამგვარი საქციელის მართებულებაში გამოცხადებით დარწმუნდა კრების მონაწილე რამდენიმე ეპისკოპოსი, როდესაც მათ თვალწინ უფალმა იესო ქრისტემ თავის შვილს წმინდა სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი მხრებზე ომოფორი მოახვია. გაათავისუფლეს წმინდა ნიკოლოზი და ღვთის უდიდეს სათნომყოფელს უწინდებურად აღუდგინეს წოდება.

დღეს ისეთი ვითარებაა, რომ მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ჩხუბისგან, ფიზიკური შეხებისგან და ა.შ. ამას ამბობს უწმინდესი და ეკლესია, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანი, რომელიც ერთგულად იცავს ღვთისმშობლის სახელს, სიწმინდეს, შესაძლოა, სხვანაირად დასაფასებელი იყოს მრევლისა და სასულიერო პირებისთვის, თუნდაც მისი ქმედება გადამეტებულიც იყოს. ჩემი აზრი ასეთია, საზოგადოებას კი შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, ახლა რატომ გადასცეს მამა დავითს გამშვენებული ჯვარიო. ეს არის ადრინდელი დამსახურების გამო და, შესაძლოა, სარწმუნოების ერთგულების გამოც, რომელსაც ის  იჩენს ან გამოიჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვა ასეთი სამწუხარო შემთხვევა.

ისეც შეიძლება, რომ არ გამოჰყვე ასეთ მავნებლობებს. ვიმოქმედოთ  პრინციპით: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, იმ იმედით, რომ ყურადღებას თუ არ აქცევ, პრობლემა მიჩუმათდება. მაგრამ, ჩემი აზრით, რეაგირება საჭიროა, რადგან საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია უფლისა და ადამიანის ურთიერთობა. გავიხსენოთ კომუნისტური წარსული, ყველას, ვინც ტაძარი დაანგრია, სამაგიერო მიეზღო, მათი შთამომავლობა კი სასტიკად დაისაჯა. როდესაც ღვთისმშობელს, მაცხოვარს შეურაცხყოფს ადამიანი, ის ვერ აცნობიერებს, რომ ღმერთს უპირისპირდება.

ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ საშინელი წიგნის პოპულარიზაციას და პრეზენტაციასაც აწყობენ, ადამიანთა რისხვას რომ გადაურჩნენ, ერთ დღეს უთუოდ დაისჯებიან ღვთისგან. ბიჭი, რომელმაც დაწერა ეს ნაწარმოები, იმალება. თუ არ მოინანია, ღმერთს სად დაემალება? თუ არ მოინანია ჩვენი სათაყვანებელი ღვთისმშობლის შეურაცხყოფა, ჩვენ რომ არაფერი გავაკეთოთ, მაინც გადაეხდება სამაგიერო.

ვფიქრობ, საზოგადოების რეაგირება მაინც საჭიროა, შესაძლოა ისიც კი საჭიროა, რომ მთელი მრევლი გამოვიდეს, მოეწყოს მსვლელობა, რომელშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, რომ დაინახონ მავანთ, რამდენი ერთგული ჰყავს ეკლესიას. რეაგირება საჭიროა, მაგრამ მშვიდობიანი, აზრისა და პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია. როდესაც წმინდასა და უზენაესს - უფალს, ღვთისმშობელსა და საიდუმლო სერობას გიგინებენ, ხმა რომც არ ამოიღო, ადამიანურად მაინც შეწუხდები.

წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე: - "მიმდინარე მოვლენები არის გაგრძელება იმ გეგმისა, რომელიც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ. შედგენილი იყო პროგრამა სატელევიზიო გადაცემებისა, რომელთაც უნდა მოეხდინათ ეკლესიის დისკრედიტაცია. ჩვენ ხელს ვუშლით ასეთ პროცესებს და ამიტომაც ვართ ერთ-ერთი ძირითადი დარტყმის ობიექტი "თავისუფლების ინსტიტუტისა" და მისი ფილიალებისთვის.

"კავკასიის" სტუდიაში ინციდენტს წინ უძღოდა მკრეხელური, ვანდალური აქტი, რომლის შემოქმედი იყო თეა თუთბერიძე და ის 200-მდე ახალი იდეოლოგიის გამტარებელი, რომელთაც ხელი მოაწერეს უწმინდესის საწინააღმდეგო წერილს. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს პირები გვევლინებიან ე.წ. საზოგადოებრივ ექსპერტებად, პოლიტოლოგებად, თეოლოგებად და ა.შ., მათ მონოპოლიზებული აქვთ სატელევიზიო სივრცე და ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრის თავიანთ სასარგებლოდ ფორმირებას ე.წ. ლიბერალიზმის დროშით. სწორედ არასწორად გაგებული ლიბერალიზმის გამოხატულებაა ილიას სახელობის უნივერსიტეტში გამართული ღვთისა და ოჯახური სიწმინდის მგმობი წიგნის პრეზენტაცია, რამაც, ბუნებრივია, ზნეობრივად მოწესრიგებული და მორწმუნე სტუდენტებისა და მთელი საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

"კავკასიის" ცნობილი გადაცემის დროს წამყვანი ცდილობდა, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთ სტრუქტურად წარმოეჩინა. სინამდვილეში, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს" სამართლებრივ-სტრუქტურული ერთობა ამ მოძრაობასთან, ისევე როგორც არც ერთ სხვა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არა აქვს. და თუ ჩვენ რომელიმე კონკრეტულ, პრობლემატურ საკითხზე სოლიდარობას გამოგვიცხადებენ, ეს არ ნიშნავს არც სტრუქტურულ ურთიერთკავშირს და არც ორგანიზაციულ ერთობას. სხვა საკითხია პიროვნული, ადამიანური და სამოძღვრო ურთიერთობები, რომელიც მაქვს უამრავ პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან.

რამ გამოიწვია ჩვენი მისვლა "კავკასიის" სტუდიაში? გადაცემაში დამსწრის სტატუსით მიწვეული იყო 18 წლის ახალგაზრდა, ჩემი სულიერი შვილი, ჯაბა გურჩიანი, რომელსაც წაართვეს აზრის გამოხატვის უფლება და რომელსაც სტუდიის თანამშრომლებმა სცემეს. ჯაბამ მოახერხა ჩემთან დარეკვა და ყველაფერი შემატყობინა. ბუნებრივია, როგორც სულიერი მოძღვარი, ვალდებული ვიყავი, მივსულიყავი და აღმეკვეთა კონფლიქტი. ასე ხშირად მოვქცეულვარ, ეს იცის საზოგადოებამ.

როდესაც ვნახე თვალდაზიანებული ჯაბა გურჩიანი (სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, მას დაუდგინეს ტვინის შერყევა და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს), მე მოვითხოვე სახალხო დამცველის მოსვლა. არ არის აუცილებელი დეტალური აღწერა იქ განვითარებული მოვლენებისა, რადგან ვიდეოფირზე ყველაფერი კარგად ჩანს.