"ეს ისევ ის ყბადაღებული აეროპორტია თუ გვეშველა?!" - კვირის პალიტრა

"ეს ისევ ის ყბადაღებული აეროპორტია თუ გვეშველა?!"

ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ უცხო სტუმარს პირველი შთაბეჭდილება ქვეყანაზე სწორედ აეროპორტიდან ექმნება. ამიტომაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტით თავმოწონება ერთ რამედ ღირს, თუმცა ძალაუნებურად უნაკლო და კომფორტულ მომსახურებაზეც გიჩნდება კაცს სამართლიანი პრეტენზია...

ახლახან, როცა დანიელი ჟურნალისტები გვესტუმრნენ, ჩამოსვლისთანავე გვკითხეს, ეს ის აეროპორტია, ქარმა სახურავი რომ გადახადაო? ცოტა არ იყოს, ასეთი პირდაპირობა გვეწყინა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტუმრებს თავაზიანობა გამოუჩენიათ და ამით აეროპორტში მომსახურებით გამოწვეული უკმაყოფილება დაუმალავთ. იმავე დღეს საქართველოში ჩამოსულმა დუბაი-თბილისის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა იმ პიკის საათის შესახებ მოგვითხრო, რომელიც აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავის მიღებისას წარმოიშვა და ამ არცთუ სახარბიელო ვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარმოგვიდგინა: "ამ ჩვენს ნაქებ აეროპორტში ღამის 3 საათზე ჩამოვფრინდით. ჩვენი თვითმფრინავი საჰაერო ხიდთან რატომღაც არ მიიყვანეს. არადა, ორი ხიდი იყო თავისუფალი.

თვითმფრინავთან მოვიდა პატარა ავტობუსი, რომელშიც მგზავრები ძლივს "ჩავეტენეთ". "აუ, გადაიწიეთ ცოტა! ცოტაც კიდევ!" - იყო გადაძახილ-გადმოძახილი. მძღოლი კი უკმაყოფილო სახით ამბობდა, კაცო, 80-ადგილიანია ეს ავტობუსი და 65 კაცი რით ვერ ეტევითო. ეს იყო პატარა, "პაზიკის" ტიპის ავტობუსი, რომელმაც, რატომღაც ჩაბნელებულ, ნესტიან და დაობებულ კიბესთან მიგვიყვანა. ავედით დარბაზში, გავიარეთ საპასპორტო განყოფილება და ჩავედით იქ, სადაც ბარგი უნდა აგვეღო.

ვფიქრობდი, ჩვენი ბარგიღა იქნება დარჩენილი და სწრაფად ავიღებთ-მეთქი, მაგრამ... დამქანცველი ლოდინი მოგვიხდა. ამ დროს აეროპორტში სტამბოლის, ვენისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის თვითმფრინავები ჩამოვიდნენ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მათი მიღებისთვის აეროპორტი მოუმზადებელი იყო და, ბუნებრივია, შეიქმნა "საცობი". კომუნისტების დრო გამახსენდა, როცა მგზავრები ბარგს  2-3 საათის განმავლობაში ელოდნენ.

KvirisPalitra.Geერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ბარგმა კანტიკუნტად დაიწყო გამოსვლა. მგზავრებს სახეზე დაღლა შეეტყოთ. შევნიშნე ისიც, რომ ტაბლოზე არც გამოუტანიათ ჩვენი ავიარეისის აღმნიშვნელი ინფორმაცია, თითქოს არც ვარსებობდით. მაგალითად, 2 საათსა და 45 წუთზე სტამბოლი-თბილისის ავიარეისი შესრულდა და ეს ტაბლოზე ეწერა, 3 საათსა და 5 წუთზე კი ჩვენ ჩამოვფრინდით დუბაიდან, მაგრამ ეს ინფორმაცია ტაბლოზე აღნიშნული არ იყო.

ზუსტად საათი და 35 წუთი გავიდა, როცა გავიფიქრე, გვეშველა-მეთქი. როგორც იქნა, ბარგი ავიღეთ! ამის შემდეგ ყველანი ერთად გავედით ავტოსადგომზე და ახლა შლაგბაუმთან წარმოიქმნა საცობი. მოგეხსენებათ, იქ ისე ვერ გაივლი, თუ ფული არ გადაიხადე და ხელახლა რიგში ჩადგომა და ლოდინი მოგვიხდა.

KvirisPalitra.Ge

ბოლოს, როგორც იქნა, გავედით და თვალს მოხვდა  ათეულ მილიონად გაკეთებული რკინიგზის სადგურის ცარიელი შენობა, სადაც მატარებელი, რა თქმა უნდა, არ  მოძრაობს და ფანჯრებიც ისე ჭუჭყიანი აქვს, გულს შემოგეყრება კაცს. ერთი სიტყვით, ახალი აეროპორტიდან მომსახურებით ასე უკმაყოფილო არასოდეს წამოვსულვარ. ადრე ბარგსაც  სწრაფად ვიღებდი და  რიგში ხანგრძლივად დგომა არ მჭირდებოდა. როგორც ჩანს, პრობლემები ბოლო დროს შეიქმნა და ვერ გეტყვით, ეს რითია განპირობებული.

KvirisPalitra.Ge...და კიდევ, ძალიან არ მომეწონა  ის, რომ  დუტიფრიში, სალაროზე წარწერა მხოლოდ თურქულ და ინგლისურ ენებზე იკითხება და ქართულად - არა. ეს უპატივცემლობის გამოხატულებად არ მივიჩნიო? მიკვირს, რომ ამის გამო თურქულ კომპანიას საყვედურს არავინ ეუბნება".

ჩვენი რესპონდენტის ნაამბობის შემდეგ ახალი აეროპორტით თავმოწონება ერთბაშად სადღაც გაქრა და მისი ადგილი გულისტკივილმა დაიკავა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა ქმნის იმ პრობლემებს აეროპორტში, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა.

მიზეზებზე  გვესაუბრა ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც აეროპორტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გართულების თავიდან აცილების მიზნით ვინაობის დასახელება არ ისურვა:

- თურქული კომპანია "ტავ-ჯორჯია" პროფესიონალურად არ უდგება ამ პრობლემების გადაწყვეტას. ამ აეროპორტში 24 საათის განმავლობაში ათამდე თვითმფრინავი ასრულებს ავიარეისს. ათივე ჯდება და მიფრინავს ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე, რაც ხელს უშლის მგზავრების ნორმალურად მომსახურებას. დატვირთვა 24 საათზე უნდა იყოს გადანაწილებული. საზოგადოდ, თვითმფრინავებისთვისაც, მგზავრებისა და აეროპორტისთვისაც მხოლოდ  დღის საათებში ფრენაა  ხელსაყრელი. ამასთან, ღამით ფრენა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დღისით.

- ანუ ღამის ავიარეისებისგან აეროპორტს უფრო მეტი მოგება რჩება?

- მოგება უმნიშვნელოა, რადგან ღამით მომსახურე მუშახელის ხარჯიც იზრდება და განათებისაც.

- როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა გვიამბო, აეროპორტში ჩაბნელებული და ობმოკიდებული კიბე დახვდა. მან ბარგის დაგვიანებაც მუშახელის ნაკლებობით ახსნა. ნუთუ თურქული კომპანია ჩვენს ხარჯზე ფულს ზოგავს?

- რა თქმა უნდა, თუმც ეს მნიშვნელოვანი და არსებითი არ არის. პრობლემებს ის ქმნის, რომ ყველა ევროპული აეროპორტი (95% მაინც) ღამის საათებში დახურულია და ამის გამო უცხოური ავიაკომპანიებისთვის ხელსაყრელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ღამის საათებში მუშაობა და საქართველოც, "ბანანის ქვეყნების" მსგავსად, ღამის საათებში თვითმფრინავების მიღებაზე უარს არ ამბობს და მთელი დატვირთვით მუშაობს.

- რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ის, რომ აეროპორტში სულ 3 საჰაერო ხიდია?

- ჩვენს  აეროპორტში ღამის განმავლობაში 7-8 თვითმფრინავი ჩამოდის. რა თქმა უნდა, 3 საჰაერო ხიდი ცოტაა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველა თვითმფრინავი  თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მოფრინავს და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მიფრინავს. ყველა სახის პრობლემა, რაც აეროპორტში პიკის საათის დროს იქმნება, ადამიანური ფაქტორითაც არის განპირობებული. ღამის პირველი საათიდან  დილის 5 საათამდე ადამიანს ეძინება, მოდუნებულია, მუშაობის სურვილი არა აქვს. ამ ფაქტორს ითვალისწინებენ ევროპელები და ღამით აეროპორტებს კეტავენ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მომგებიანია. რატომ? იმიტომ, რომ  სწორედ ღამის საათებში შეიძლება ქვეყანაში შემოიპაროს ტერორისტი, ძებნილი ავაზაკი და ა.შ...

რა თქმა უნდა, "კვირის პალიტრა" აეროპორტის ხარისხის კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელსაც ესაუბრა და მგზავრთა მომსახურებაში შექმნილი პრობლემების გამო კომენტარი სთხოვა.

მზია ლონდარიძე, აეროპორტის ხარისხის მენეჯერი: "ჩვენ  24-საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ. ეს ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ ფრენისთვის სასურველი დრო. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში დანერგილი სტანდარტებით (ძირითადად, ხმაურის გამო) ღამით ფრენა აკრძალულია. მიმაჩნია, რომ აეროპორტი მგზავრების სათანადოდ მომსახურებას ახერხებს. ჩანთების შემოწმებას დრო სჭირდება და, ბუნებრივია, პიკის საათის დროს შეიძლება წარმოიქმნას შეფერხება და ესეც გამონაკლის შემთხვევებში ხდება.

- აეროპორტს სამზე მეტი საჰაერო ხიდი რომ ჰქონდეს, მგზავრების ავტობუსში ჭყლეტა ხომ აღარ იქნებოდა საჭირო?

- აეროპორტის ტერმინალს აქვს სამი საჰაერო ხიდი და ჰყავს სამი ავტობუსი. თითოეული 80 კაცს იტევს. ჩვენი საერთო დატვირთვიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ეს საკმარისია. ზოგიერთი თვითმფრინავი ისე პატარაა, რომ ხიდთან ვერ დადგება. საჰაერო ხიდები უფრო ბოინგის ტიპის, მასიური თვითმფრინავებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, გეთანხმებით, მგზავრებისთვის დისკომფორტის შექმნა დაუშვებელია. შეიძლება 30 მგზავრის ერთი ავტობუსით გადაყვანა, ხოლო 30-ის - მეორით, მაგრამ ყველა მგზავრს პირველივე ავტობუსში უნდა ჩაჯდომა. როგორც ჩანს, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაც იყო, რომ ერთი ავტობუსი მომსახურებოდა მგზავრებს.

- ძირითადად, ავიარეისები ღამის საათებში სრულდება, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ პიკის საათიც საკმაოდ ხშირია?

- მართალია, ღამის საათებში სრულდება ავიარეისები, მაგრამ პიკის საათი ყოველთვის არა გვაქვს(!). ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დატვირთულია თვითმფრინავები როგორც მგზავრებით, ასევე ბარგით. ამის წინასწარ განსაზღვრა  ძნელია. დარწმუნებული ვარ, იშვიათ და გამონაკლის შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა მგზავრებს დისკომფორტი შეექმნათ, გარწმუნებთ, ამას სისტემატური სახე არა აქვს, ასე რომ არ იყოს, მგზავრების საჩივრები შემოვიდოდა.

- ჩვენ გვაქვს ფოტო, სადაც ჩანს, რომ ტაბლოზე სრული ინფორმაცია არ აისახება.

- ფრენების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის აისახება ტაბლოზე, ეს სისტემა გამართულად მუშაობს. შესაძლოა, რაღაც მომენტში სხვა ინფორმაცია გამოისახა და, ალბათ, ფოტოც მაშინ არის გადაღებული.

- ე.ი. შესაძლებელია ტაბლოზე ყოფილიყო გამოსახული შესრულებული ავიარეისების მაჩვენებელი ინფორმაცია მხოლოდ ერთის გამოკლებით?

- მიჭირს პასუხის გაცემა, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს.

- შესაძლებელია თუ არა თუნდაც პიკის საათებში მგზავრებს აარიდოთ ბარგის მიღებისთვის აუცილებელი დამქანცველი ლოდინი?

- ასეთი შემთხვევებიც იშვიათია. როგორც ჩანს, იმ დღეს, როცა თქვენმა რესპონდენტმა იმგზავრა, მართლაც პიკის საათი იყო. ყველა ჩანთას შემოწმება სჭირდებოდა, რამაც შეფერხება გამოიწვია...

- დუტიფრიში, სალაროზე თურქულად  და ინგლისურად არის წარწერები, რატომ არ არის იქვე ქართული წარწერა?

- ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ.

P.S. იმედია, თურქული მხარე მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნაზეც იზრუნებს და მეტი პატივისცემით, გაგებით მოეკიდება სტუმარმასპინძლობით განთქმული ქართველის "ლეგიტიმურ" სურვილს - ახალ აეროპორტში თავი კომფორტულად იგრძნოს და უცხო სტუმართანაც თავი არ შეირცხვინოს.