"წლინახევრისამ ანბანი ზეპირად იცოდა" - პატარა გენიოსი - კვირის პალიტრა

"წლინახევრისამ ანბანი ზეპირად იცოდა" - პატარა გენიოსი

"დღეში 5-6-ჯერ რომ არ წავუკითხოთ რამე,გვიბრაზდება. დამახსოვრებული აქვს, რომელ ფურცელზე რა წერია"

"ლუკას ერთადერთი რამ, რაც ყოველთვის აინტერესებს, კითხვაა"

პატარა ლუკა გელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით სულ რამდენიმე დღეში გაიცნო და შეიყვარა საქართველომ. ის ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა გამართულად კითხულობს ქართულად და ინგლისურად. "კვირის პალიტრა" გელაშვილების ოჯახს ესტუმრა, ლუკას ბიბლიოთეკასაც გაეცნო და ამ პატარა გენიოსის საზოგადოებაში სასიამოვნოდ გაატარა დრო.

თათია თევზაძე, ლუკას დედა: - ჯერ კიდევ ჩვილობაში რომ ვუკითხავდი, სიამოვნებით მისმენდა. ნელ-ნელა კითხვა ძილის წინ აუცილებელ ჩვევად გადაგვექცა. წლინახევრის იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ანბანი ზეპირად იცოდა, ლექსივით ჩამოარაკრაკებდა ხოლმე 33-ვე ასოს.

- ოჯახის რომელიმე წევრმა ასწავლეთ?

- არა. რადგან კითხვა მოსწონდა, ყველა, ვინც კი მოდიოდა, შემეცნებით სათამაშოებს ჩუქნიდა, კუბებს, რომლებზეც ბგერები იყო გამოსახული. თამაშის დროს მეკითხებოდა, აქ რა ასო წერიაო? ასე თამაშ-თამაშში ისწავლა ანბანი. სადაც კი წარწერას დაინახავდა, ამოკითხვას იწყებდა, აფთიაქშიც, მაღაზიაშიც, ყველგან... ჯერ მეგონა, ამას გაუაზრებლად აკეთებდა, მხოლოდ ასოების კითხვა შეეძლო, მაგრამ რა სიტყვა გამოდიოდა, არ იცოდა. მერე ექსპერიმენტები დავიწყე, დავწერდი, ვთქვათ, "წიგნს" - ლუკა წაიკითხავდა, ოღონდ აუცილებლად თითი უნდა გამეყოლებინა წარწერისთვის და მოჰქონდა წიგნი, "ბურთს" დავწერდი, ბურთს მომირბენინებდა.

ბევრი მის ამ უნარს კომპიუტერსა და პლანშეტს უკავშირებს, ვიდეო რომ დავდეთ სოციალურ ქსელში, იქაც აღნიშნავდნენ, რომ ეს ყველაფერი კომპიუტერის დამსახურებაა. ამან გამანაწყენა. კომპიუტერთან საერთოდ არ ვსვამ. პლანშეტიც არ გვაქვს, ტელეფონი კი თვითონ არ აინტერესებს.

ერთადერთი რამ, რაც აინტერესებს, კითხვაა. დღეში 5-6-ჯერ რომ არ წავუკითხოთ რამე, გვიბრაზდება. დამახსოვრებული აქვს, რომელ ფურცელზე რა წერია. ვინც მოდის სტუმრად, მიადგება წიგნით, წამიკითხეო.

- საბავშვო ბაღში როგორ გრძნობს თავს?

- როგორც პედაგოგები გვეუბნებიან, ლექსია თუ სიმღერა ყველაზე ადრე ითვისებს. სიამოვნებით გვიყვება, რომელი ცხოველი როგორი თვისებებით გამოირჩევა და როგორ ხმებს გამოსცემს. როგორც მასწავლებელი გვეუბნება, კითხვას რომ დასვამს, პასუხის გაცემას არავის აცლის - ყოველთვის პირველია, ძალიან აქტიურიო. ბევრმა გვირჩია, ფსიქოლოგი ავუყვანოთ, რათა ბავშვის უნარები სწორად განვავითაროთ.

- ინგლისურად ვინ ესაუბრება?

- მე, მაგრამ მამა უკეთ ფლობს. ის უკითხავდა ხოლმე ინგლისურად და ინგლისურენოვან სათამაშოებსაც ის ყიდულობდა, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ქართული ანბანი აითვისა. შეიძლებოდა, წერა გვესწავლებინა ან სხვა რომელიმე ანბანი, მაგრამ ფსიქოლოგმა დაგვარწმუნა, თუ ასე გააგრძელა, სკოლაში რომ შევა, იმდენი რამ ეცოდინება, იქაურობა ძალიან უინტერესო მოეჩვენებაო. წიგნს არ იშორებს, ხომ არიან ბავშვები, ან დახევენ, ან ჯღაბნიან, ლუკა ისე უფრთხილდება, ვერ წარმოიდგენთ. რომელიმეს ამოირჩევს და იმდენჯერ გვაკითხებს, სანამ მოყოლით არ ისწავლის. მერე სხვა წიგნზე გადადის.

- სხვებს უყვება, რასაც სწავლობს?

- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უყვარს "კომბლე", "სამი გოჭი".

- რა ასაკის ადამიანებთან მოსწონს კონტაქტი?

- ბაბუსთან, ბებოსთან, უფროს გოგო-ბიჭებთან... თუმცა, ბაღში თანატოლებთანაც დაამყარა კონტაქტი.

დიღომში ვცხოვრობთ, აქ ყველა ცნობს ლუკას. რომ დაინახავენ, ეს ის ჭკვიანი ბიჭიაო, ამბობენ.

- სხვა ბავშვებს თუ იცნობთ, რომელთაც მსგავსი უნარი აქვთ?

- არა, თუმცა, ვიდეო რომ დავდეთ, იქ კომენტარებში აღნიშნავდნენ, რატომ გიკვირთ, ბევრია ასეთი ბავშვიო. ალბათ, მართლაც არის, არ ვიცი.

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი

ოსკარ რიგლი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც თანატოლებივით უყვარს თამაში და გართობა. თუმცა, მათგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლია იკონტაქტოს პროფესორებსა და მეცნიერებთან და თუ თამაშსა და წიგნის კითხვას შორის მოუხდება არჩევნის გაკეთება, აუცილებლად მეორეს აირჩევს. ოსკარს 2 წლის ასაკში მიანიჭეს მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვის ტიტული. ბავშვმა ყველა გააოცა - მისი ინტელექტის კოეფიციენტი უკვე მაშინ 160-ს აჭარბებდა და თვით აინშტაინს უტოლდებოდა ინტელექტის დონით!

ეკა სალაღაია