სპინერი - ჰიპნოზური ბზრიალა?! - კვირის პალიტრა

სპინერი - ჰიპნოზური ბზრიალა?!

საზოგადოდ, მიჯაჭვულობა რაღაცაზე ყოველთვის დესტრუქციული ქცევის გამოხატულებაა, იგივე შეიძლება ითქვას სპინერზე, იმიტომ, რომ ეს არის ის, რაზეც გადაგვაქვს ყურადღება. მას ჰიპნოზური ეფექტიც აქვს, გთიშავს, როდესაც უყურებ, როგორ ბზრიალებს, ხოლო რაც რეალური სამყაროსგან გთიშავს, ის არ შეიძლება, კონსტრუქციული იყოს

მის გამოგონებას ორი ადამიანი იბრალებს მსოფლიოში - სკოტ მაკოსკერი ამბობს, რომ 2014 წელს გამოიგონა, რათა მოუსვენრობასა და კონფერენციებზე დისკომფორტს გამკლავებოდა; ინჟინერ-ქიმიკოსი კატერინ ჰეტინგერი კი ამტკიცებს, რომ ეს გამოგონება 1993 წელს დააპატენტა და მისი შექმნის იდეა ისრაელში მოუვიდა, როდესაც დაინახა, ახალგაზრდები სამართალდამცველებს ქვებს როგორ ესროდნენ. მაშინ იფიქრა, გამოეგონებინა სათამაშო, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი ექნებოდა და ახალგაზრდების ყურადღებას მიიპყრობდა.

2016 წლიდან სპინერით თამაშმა იმდენად გაიტაცა ახალგაზრდობა, რომ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ბევრ სკოლაში მისი შეტანა აკრძალეს. რაც შეეხება "უწყინარობას", ფსიქოლოგები ამ სათამაშოს უწყინარს ნამდვილად არ უწოდებენ.

ჩვენი რესპონდენტია ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე:

- სასაცილოა, რომ ერთფეროვნების ჩასანაცვლებლად ასევე ერთფეროვანი საგანი მოიფიქრეს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სათამაშოდ სპინერი. შესაძლოა, მის შემქმნელებს ვერც წარმოედგინათ, როგორი ეფექტის გამომწვევი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ სპინერმა ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა, განსაკუთრებით ბავშვებზე, და ის ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, სპინერი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვისაც მისაღებია - ის დროის მოსაკლავ, მოსადუნებელ საშუალებად იქცა.

წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ზეგავლენაზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებული პოზიტიური ეფექტი მას არა აქვს, უფრო შესაძლებელია, ნეგატიური ჰქონდეს.

საზოგადოდ, მიჯაჭვულობა რაღაცაზე ყოველთვის დესტრუქციული ქცევის გამოხატულებაა, იგივე შეიძლება ითქვას სპინერზე, იმიტომ, რომ ეს არის ის, რაზეც გადაგვაქვს ყურადღება. მას ჰიპნოზური ეფექტიც აქვს, გთიშავს, როდესაც უყურებ, როგორ ბზრიალებს, ხოლო რაც რეალური სამყაროსგან გთიშავს, ის არ შეიძლება, კონსტრუქციული იყოს.

სპინერის ტრიალი გამაბრუებელ ეფექტს იძლევა, თან თითქოს უვნებელია - ნარკოტიკი არ არის, არც ალკოჰოლია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი, რაც გვაძინებს, გვაბრუებს, არ არის მისასალმებელი.

შესაძლოა, მშობლებს გაუხარდათ კიდეც, რომ ბავშვებმა ყურადღება გადაიტანეს ამ საგანზე, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოს ფსიქომოტორული ეფექტი აქვს, ავითარებს თითების მოტორიკას - რაც არასწორია, იმიტომ, რომ სპინერს არა აქვს განსაკუთრებული და მრავალგვარი ზედაპირები, რომ აქტიურად შეხებით მან რაიმე განავითაროს. მხოლოდ 3 თითზეა ლაპარაკი და მათ ერთსა და იმავე მოძრაობაზე. მერწმუნეთ, თიხის ძერწვას გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე სპინერის ტრიალს.

ის უსაფრთხოც არ არის. იყო შემთხვევა, როცა სპინერით დაიზიანეს თითები, თვალი... დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სკოლებმა კატეგორიულად აკრძალეს სპინერის მოხმარება.

- როგორც ამბობენ, სპინერი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.

- ტყვიის შემცველობა არ არის იმდენად საზიანო, რამდენადაც სხვა ფაქტორები. საკითხავია, მსოფლიოში რატომ დადგა სპინერის პრობლემა? - იმიტომ, რომ შემცირდა ადამიანური კავშირები. განსაკუთრებით ოჯახის წევრებს შორის. სოციალურ გარემოში ადამიანებს შორის ჩამნაცვლებლები გაჩნდა როგორც ვირტუალური ურთიერთობის, ისე სპინერის მსგავსი ნივთების სახით. პარადოქსულია, მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვთან ერთად ატარებენ დროს და ამ დროს ორივე თავ-თავის ტელეფონშია თავჩარგული.

როდესაც სმარტფონებისა და ტელეფონების შემდეგ გადადის ყურადღება ასეთ "ცოცხალ" საგანზე, როგორიც სპინერია, ხშირად მშობელი ფიქრობს, რა კარგია, ახლა აღარ გაატარებს დიდ დროს კომპიუტერთანო, მაგრამ ის კი არ იცის, რამდენად განსხვავებული ტიპის ქცევას ახორციელებს ასეთ დროს ბავშვი.

ეკა სალაღაია