როგორ დავზოგოთ ქულები
03-07-2017
როგორ დავზოგოთ ქულები
პირველ ივლისს მართვის მოწმობების 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. რამდენად მომზადებული შეხვდა ახალ კანონს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურა, მძღოლები და რა მოლოდინს ბადებს ამ კანონის ამოქმედება? - ჩვენი რესპონდენტია "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე:

- რამდენად გამართულად ხვდება საგზაო ინფრასტრუქტურა ახალი კანონპროექტ­ის ამოქმედებას?

- საზოგადოებას აქვს შენიშვნები, რაც უკავშირდება იმას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაუმართავია, მეორე მხრივ კი, არასწორად ორგანიზებული. არასწორად არის განთავსებული საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები. საზოგადოდ, საგზაო მოძრაობა
არასწორად არის ორგანიზებული, რაც მძღოლს იძულებულს ხდის, დაარღვიოს წესები. არის შემთხვევები, სადაც კონკრეტულ მონაკვეთზე 2 ურთიერთგამომრიცხავი საგზაო ნიშანი დგას. მაგალითად, რუსთავის გზატკეცილზე ერთი საგზაო ნიშანი მიუთითებდა მოძრაობას პირდაპირ და მარჯვნივ, მაშინ როცა მარჯვნივ გადახვევა არ შეიძლება, იმიტომ, რომ დახაზული იყო უწყვეტი ღერძულა ხაზი.

საბედნიეროდ, შეცდომა
გამოასწორეს. თუმცა ასეთი პრობლემა დღემდე უამრავია. მაგალითად, თბილისის ვიწრო ქუჩები.
არსენას ქუჩა, სადაც მოძრაობა დაშვებულია ორივე მიმართულებით, იმავდროულად კი დახაზულია ღერძულა უწყვეტი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ისჯება შესაბამისი მუხლით - 100 ლარი და 15 ქულა. ქუჩის ორივე მხარეს დასაშვებია პარალელური პარკინგი, რაც ავიწროებს გზის სავალ ნაწილს და დიდი სატრანსპორტო საშუალებები ვერ მოძრაობენ ისე, რომ არ გადაკვეთონ ღერძულა უწყვეტი ხაზი. ამ შემთხვევაში თავად ინფრასტრუქტურა უბიძგებს მათ, დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.

ჩანს, სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების საფუძვლიანი მონიტორინგისთვის რესურსი არ ჰყოფნის. ამიტომ შევთავაზეთ, შემუშავებულიყო სისტემა, რომელშიც მოქალაქეების ჩართულობა იქნებოდა მაღალი და სწორედ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას გზებზე შეუსაბამო მონიშვნისა და საგზაო ნიშნების პრობლემის აღმოფხვრაში. ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - გასაჩივრების სისტემას უკავშირდება.
როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ან "ჭკვიანი" ვიდეოფიქსატორი გვაჯარიმებს, ჩვენ კი გვაქვს განცდა და არგუმენტები, რომ უსაფუძვლოდ დაგვაჯარიმეს და გვსურს, გავასაჩივროთ, ზოგჯერ გასაჩივრების პროცედურები ბიუროკრატიულია. აქტიურად დასაქმებული მოქალაქისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი დროის დათმობა ამ პროცედურებისთვის.

თბილისში გასასაჩივრებლად ჯერ უნდა მიბრძანდეთ შსს-ში, მე-12 ოთახში, სადაც ხშირად რიგია, უნდა დაწეროთ განცხადება-საჩივარი, რომლის ჩასაბარებლად ისევ რიგში უნდა ჩადგეთ. მერე დაელოდოთ 10 დღეს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წაბრძანდეთ ქალაქის მეორე ნაწილში - საქალაქო სასამართლოში და რიგში რამდენიმესაათიანი დგომის შემდეგ შეიტანოთ საჩივარი. ამის შემდეგ საკითხავია, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი... ამ პროცედურებს გადიან მოქალაქეები მხოლოდ მაშინ, როდესაც პრინციპულად აქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე იარონ სიმართლის დასამტკიცებლად.

ჩვენ შევთავაზეთ შსს-ს, შეექმნა გასაჩივრების თანამედროვე ელექტრონული სისტემა, სადაც მოქალაქე, თუ ის დაჯარიმდება იმის გამო, რომ გზის განსაზღვრულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა გაუმართავია, ამის შესახებ ელექტრონულად შეატყობინებს უწყებას. ერთი მხრივ, ეს იქნებოდა გასაჩივრებაც და მეორე მხრივ, შსს მიიღებდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ გზის რომელიღაც მონაკვეთზე არასწორადაა განთავსებული საგზაო ნიშანი ან შეცდომით არის მონიშვნა და დროულად მოახდენდა რეაგირებას. ჩვენი წინადადება კი მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

- პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოს საგზაო მოძრაობის წესების ბევრი ცვლილება მოჰყვა. ცალმხრივი გახდა პეკინიც და მთელი კანდელაკის ქუჩაც. ახლახან­ პარკირებისთვის მონიშნულ ადგილას გავაჩერე ავტომანქანა და გარკვეული დროის შემდეგ შემთხვევით მივუსწარი პატრულის ეკიპაჟს, რომელიც ჩემი ავტომანქანის საჯარიმო ადგილზე გადაყვანას აპირებდა. მითხრეს, პარკირების ნიშანი გადატანილი გვაქვს, უნდა შეგემჩნიათ, მონიშვნას კი ჯერჯერობით ნუ მიაქცევთ ყურადღებასო. გამოდის, მონიშვნა და საგზაო ნიშანი არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან, მძღოლი კი ზარალდება.

- როცა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაო, გზაზე აყენებენ ავარიულ მანათობელ ნიშნებს, რომლებიც მძღოლის ყურადღებას მეტად იქცევს.
რაც შეეხება კანდელაკის ქუჩას, იქ არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ცალმხრივი­ გახდა და ამას კონკრეტული­ მიზეზი ჰქონდა - ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს კანდელაკის ქუჩაზე და მიჩვეულია, რომ ქუჩა ორმხრივია, როდესაც ეზოდან ქუჩაზე გამოდის, ადგილზე არ ხვდება არანაირი საგზაო ნიშანი. ისიც აგრძელებს სვლას და გამოდის, რეალურად საპირისპირო მიმართულებით იწყებენ მოძრაობას. ამას ბევრი კონფლიქტური სიტუაცია მოჰყვა.

- ასეთ დროს ვინ აგებს პასუხს?

- ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს - ავტოსაგზაო შემთხვევების 100%-ში დამნაშავე ყოველთვის მძღოლია. მიზეზად არ განიხილება თუნდაც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ან მოძრაობის არასწორად ორგანიზებულობა და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორი მძღოლისგან ერთი ითვლება დამნაშავედ და იხდის ჯარიმას 250 ლარის ოდენობით.

- 100-ქულიანი სისტემიდან, ყველაზე მეტი ქულა რის გამო აკლდებათ მძღოლებს?

- თუ ავტომობილის მართვის უფლებას გადავცემთ მას, ვინც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ ან ნასვამია, ასეთ შემთხვევაში დაგვაკლდება 30 ქულა, განმეორებით შემთხვევაში 40 ქულა. იმ მძღოლს კი, რომელიც მართავს ავტომობილს ასეთ მდგომარეობაში, ჩამოერთმევა მართვის მოწმობა. 20 ქულით დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც გზას არ დაუთმობენ სასწრაფო ან სამაშველო სამსახურის საშუალებებს. იგივე წესები იმოქმედებს, თუ ტაქსისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.

- როცა ხდება უკონტაქტო პატრული­რება, მაშინაც აკლდებათ მძღოლებს ქულები?

- ვიდეოკამერით დაფიქსირებული დარღვევის გამო მძღოლს ქულა არ ჩამოაკლდება, რადგან ვიდეოკამერა ვერ ახდენს მძღოლის იდენტიფიცირებას, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც კამერამ აღბეჭდა.

- არასწორი პარკირებისთვისაც თუ ჩამოაკლდებათ მძღოლებს ქულა?

- პარკირება ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, თბილისში.
ოფიციალურად თბილისის მერიაში აღრიცხულია 3600 ადგილი პარკირებისთვის, ქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა კი 450-500 ათასს შეადგენს. ფაქტობრივად, პარკირების 1 ადგილზე დაახლოებით 15 ავტომობილი მოდის. არასწორი პარკირებისთვის კი ჯარიმა 10 ლარია.
თუმცა, არსებობს ჩანაწერი, რომელიც, ვფიქრობ, ერთგვარი საკანონმდებლო ხარვეზია, სადაც წერია: "თუ არასწორმა პარკირებამ გამოიწვია მოძრაობის შეფერხება, შექმნა საცობი, მძღოლი ჯარიმდება 200 ლარით". სამწუხაროდ, პატრულ-ინსპექტორები ხშირად აჯარიმებენ მძღოლებს ამ წესის მიხედვით. რაც შეეხება ქულათა სისტემას, ჩვენი რეკომენდაციით, პარკირების გამო ქულის დაკლების მუხლი ამოიღეს კანონიდან. ჩვენი რეკომენდაციით ამოიღეს კიდევ ერთი მუხლიც - მოვითხოვეთ, რომ, თუ მართვის მოწმობა თან არ ექნებოდა მძღოლს, ის არ დაჯარიმებულიყო 5 ქულით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ბევრისთვის ჯარიმის გადახდა არ იყო პრობლემა, ახლა კანონი ყველასთვის ერთი იქნება. ვისაც მართვის მოწმობა შეუჩერდება, 1 წელი მოუწევს ლოდინი ან ხელმეორედ გამოცდის ჩაბარება, რათა კვლავ ისარგებლოს მართვის უფლებით. ეს კანონი ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს!

ქულათა სისტემა


2017 წლის 1-ლ ივლისს თქვენს მართვის მოწმობას მიენიჭა 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1-ლ იანვრამდე.
კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის ნულამდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით.

მართვის უფლებების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია: თუ პირი წარმატებით ჩააბარეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებად გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში პირი დაიშვება მხოლოდ ერთხელ.
სატრანსპორტო საშუალებების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება შეუჩერდება, ხოლო მართვის უფლება ვადამდე აღუდგება გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პირს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების ან 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდის საშუალება ეძლევა სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ.

ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ქულები


ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა - 5-20 ქულა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა - 15-35 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-დან მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ისა - 10 ქულა.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 20 ქულა.
სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა - 20 ქულა.

ეკა სალაღაია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით