"თუ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად" - რა მოხდა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში?
18-07-2017
"თუ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად" - რა მოხდა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში?
"აზერბაიჯანის ტელეკომპანია ARB-ის ეთერში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპი ტრიალებს და ამ კლიპში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში იმანჭება"

"როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი,­ არასოდეს გიკითხავს, რატომ გქვია ინგი­ლოო, არავინ­ დაინტერესებულა, რას განვ­იცდიდი­ მე, თქვენი მეგობარი, როცა ინგილოს მეძახდით და არა ჰერს. სინამდვილეში ინგ­ილო გამაჰმადიანებულ ქართველს ნიშნავს, ჩემს წინაპარს კი ჰერების მიწაზე რწმენა არასოდეს შეუცვლია, არც სისხლისა და ტკივილის ფასად. ვინც შეიცვალა, დღესაც ტანჯვით იხსენებს იძულებით შეცვლილ თავის რჯულს", -
მწერდა ჩემი ჰერი მეგობარი, რომელმაც ამ წერილით სახტად დამტოვა, რადგან მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რა ტკივილს ვაყენებდით, ასე ერთი სიტყვით, რომ ვუვიწყებდით ქრისტიანობისთვის თავდადებას.

რწმენასთან დაკავშირებული ყოველი ნიუანსი დღესაც სულისშემძვრელი დარდია­ ამ კუთხისთვის, მით უფრო, თუ საქმე­ ჰერ­ეთის უძველესი ქრისტიანული ტაძრების შეურაცხყოფას ეხება. დღეს ეს ტაძრები
აზერბაიჯანში ალბანურ ძეგლებად ითვლება და თითოეულ მათგანს "ალბანურობის" აღმნიშვნელი დაფებიც აქვს მიკრული. ცოტა ხნის წინაც უკვე მერამდენედ შეურ­აცხყვეს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი - ჰერეთის ქრისტიანობის სალოცავი, რომლის ძალასაც აზერბაიჯანელი მუსლიმანებიც პატივს სცემენ. ვანია თოფალაშვილმა ამ ფაქტის შესახებ გვიამბო და გულისტკივილით დასძინა, - უსაშველო გვჭირს ქართველებს, ჩვენს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრისას, ჰერეთი თუ არსებობს, არ აგონდებაო.

ვანია თოფალაშვილი: -
ჰერი თუ მოკვდა, ჰერეთიც აღარ იქნება.­ შვილებსაც ისე ვზრდით, თითოეული ქართული სიტყვა და ქართული ნამღერი სიწმინდედ ჩათვალონ და აბა, წარმოიდგინეთ, ეკლესიების შეურაცხყოფა როგორ გვეტკინება. მუსლიმანური სალოცავების თუნდაც ვაგლახად მოხსენიებას აზერბაიჯანის ხელისუფლება არავის შეარჩენს, ჩვენს კი... ნუთუ ასე ძნელია, აზერბაიჯანის ხელისუფალთ შეხვედრისას უთხრან, - ქრისტიანული ტაძრები ტუალეტებად გაქვთ გადაქცეული, საკურთხევე­ლში კი რწმენის შეურაცხმყოფელ კლიპებს იღებთო!
რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის ტელეკომპანია ARB-ის ეთერში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპი ტრიალებს და ამ კლიპში რომელიღაც აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში იმანჭება.

- ეს ის ტაძარი არ არის, რომლის ძალისაც მუსლიმანებს სწამთ?

- მუსლიმანები ქრისტიანებივით ადიან ამ ეკლესიაში სათხოვარზე, ახსოვთ, ამ ხატ-საყდარმა რამდენჯერ შეისმინა მათი სათ­ხოვარიც, მაგრამ ამან სულაც არ შეუშალა­ ხელი ტელევიზიას, ქურმუხის ეკლესიის კარზე დადებული ბოქლომი აეხსნათ და შოუები ჩაეტარებინათ. ეს ამ ტაძარში გადაღებული ARB-ის მეორე კლიპია. პირველი­ 2015 წელს გადაიღეს კარატეს ილეთებით, სადაც ქრისტიანული მღვდელმსახურების შეურაცხყოფა ჩანს.

- ამ ფაქტს საქართველოდან ვინ გამოეხმაურა?

- ერთადერთი, საპატრიარქომ მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდ­ერს და ფაქტის დროული მოკვლევა სთხოვა. რატომ უნდა იყოს ასე შეშინებულ-დამფრთხალი ჩვენი ხელისუფლება, რატომ ვერ უნდა იღებდეს ხმას?!
გავიძახით, აზერბაიჯანელები სტრატეგიული პარტნიორები არიანო. კეთილი, მაგრამ თუ პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად. როცა ეროვნულ გრძნობებს და რელიგიას ეხება საქმე, იქ წვრილმანი პრობლემები არ არსებობს - ჰერებისთვის ტაძრის შეურაცხყოფა­ სიკვდილის ტოლია!
აზერბაიჯანში ჩვენი სხვა ეკლესიებიც მძიმე დღეშია. გიშის VI საუკუნის ტაძარში ალბანური მუზეუმია მოწყობილი (გიშის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალმა დააარსა). დღეს კი ამ ძეგლს ასეთი წარწერა ამშვენებს: "პამიატნიკ ალბანსკოი არქიტექტური". ერთ XIX საუკუნის ტაძარში ტუალეტია გამართული, რაზეც უბრალო აზერბაიჯანელებიც კი შეწუხებული არიან - ბევრი მათგანი პატივს სცემს ქრისტიანულ ტაძარს, როგორც სიწმინდეს.

- ეს ტაძარი სად არის?

- ზაქათალაში. ასე რომ, ამ მხარეში ჯერ კიდევ მაშინ ახსენებდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, ვიდრე ბოლშევიკები ამ მიწას აზერბაიჯანს მიაჩუქებდნენ. აქ ხალხი დღესაც 40 კილომეტრზე I(სოფელ ქოთოქლოდან კახში) დადის სალოცავად და ამ დროს ტაძარი ხელის გაწვდენაზე აქვთ, საქართველოს ხელისუფლებას კი ამასთან დაკავშირებით რეაქცია არა აქვს.
ჰერეთი ამ მიწაზე მაინც გაძლებს­ - მითხრა ვანიამ და საუბარი­ დაასრულა იმ იმედით, რომ საქართ­ველოს ხელისუფლება ამჯერად მაინც გააპროტესტებს მომხდარს და ამით მხოლოდ ჰერებს კი არ გაამხნევებს, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის ძალასაც იგრძნობს.

გამახსენდა მწერალი აკა მორჩილაძე:
"აქ საინგილოს (ჰერეთი) სევდაა. ის თვალებშიცაა და ხელებშიც, მიხრა-მოხრასა და ღიმილშიც. ეს ძლივს შესამჩნევი სევდაა: ახლო სიშორის თუ შორეული სიახლოვის გამომხატველი. თითქოს დამალული და მაინც თავგამოჩენილი, თავწახრილი, მაგრამ მაინც მომზირალი. ეს სიმშვიდეა ეგებ ბევრგან საძებარი, საინგილოში (ჰერეთი) კი ასეთი უხვი და შეუმჩნევლად მოძრავი. მგონი, ეს სიმშვიდე საუკუნეებს ითვლის, ოდესღაც დაიწყო და არასოდეს დამთავრდება. საინგილო (ჰერეთი) ისედაც რაღაცნაირი ჩურჩულის ქვეყანაა, თითქოს ჩუმი ლოცვისა თუ რაღაც ასეთის. ალბათ ამ სიმშვიდის გამო მას სიტყვის გარეშეც შეუძლია გვითხრას რაღაც: ათასი რამით, ქცევით, თვალებით, ღიმილით. ყველაზე სანდონი ფიქრებით უსიტყვოდ ლაპარაკში ბავშვები არიან. საერთოდ საინგილოში (ჰერეთი) არაფერი იტყუება: არც ბავშვის თვალები, არც ბებიის ღიმილი და შემპარავი სითბო. ისტორიამ უცნაური გაწირვა იცის ხოლმე. წაიღებს სისხლს, ხორცს, ძალას, ღონეს და დატოვებს მხოლოდ გულსა და სულს. მერე კი კაცმა უნდა უბეროს სული გულს, ეცადოს მის გამოცოცხლებას, გაღვიძებას, ამუშავებას. ეს გრძელი და ტკივილით სავსე ამბავია, მაგრამ ეს სიცოცხლისა და გადარჩენის ამბავიცაა".

ეთერ ერაძე
მედეა
20 ივლისი 2017 10:03
მარტო ახლა კი არა ეს პრობლემა ნახევარი საუკუნის წინაც იდგა. მე ვიყავი კახში ექსკურსიაზე 1972 წელს და ვიცი, როგორ ჩუმად გველაპარაკებოდნენ ქართულად, აღვშფოთდით, მაგრამ რა შეგვეძლო ჩვენ? მარტო ახლანდელ მთავრობას ნუ აბრალებთ ამას! აქ სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული! გამოსაკვლევია ყველაფერი და დასადგენი იმის მიზეზი,რაც გვჭირს--ყველგან და ყველაფერში ჩვენ რომ ვართ წაგებული! კვირიკაშვილი ლოიალური კაცია, იგი ხმას ვერ ამოიღებს---ისეთი დატანჯული სახე აქვს .......შეგეცოდება რომ შეხედავ, აზერბაიჯანს კოჭს შევარდნაძეც და სააკაშვილიც უგორებდა რაღაცაშია საქმე, კაცური კაცია საჭირო და ვაჟკაციც, რომელსაც ეცოდინება იმის მიზეზი--რატომაც არიან ჰერეთში და მთელ საქართველოში--ქართველები დაჩაგრულ მდგომარეობაში----ექნება ძალა შეცვალოს მდგომარეობა და წელში გაასწოროს ჩვენი ბედკრული ერი! აუცილებლად გამოჩნდება ასეთი გმირი, გამხნევდით ხალხო, სადაც აქამდე მოგვითმენია---ცოტაც მოვითმინოთ, მწამს რომ საქართველო გაბრწყინდება უფლის ძალით!
პირველი­ 2015 წელს გადაიღეს კარატეს ილეთებით, სადაც ქრისტიანული მღვდელმსახურების შეურაცხყოფა ჩანს. ---------------ოოო
20 ივლისი 2017 10:00
პირველზე რომ არ გქონდათ არანაირი რექაქცია იმიტო გადაიღეს მეორეც. აბა გაბედეთ და მუსლიმანების სალოცავში შედით და კლიპი კიარა უბრალოდ ცოტა განსხვავებულად მოიქეცით........... გეყოთ წესიერი ხალხის როლის თამაში დამნაშავეს მოსთხოვეთ და აგებინეტ პასუხი რომ სხვა აგარ გაბედოს
qartveli
19 ივლისი 2017 23:23
ყოველ დღე გული მტკივა ყოველ დღე განვიცდი ასეთ უსუსურობას მაგრამ დადგება დღე უფალი მოხედავს ჩვენს სამშობლოს ძველებს უთქვამთ წყალიც იბრუნებს ძველ კალაპოტსო ყველანი მიყვარხართ ჩემო ამაყო და გაუტეხელო ჰერეთლებო.

რედაქტორის რჩევით