რამ გამოიწვია საქართველოში განქორწინებათა რიცხვის ზრდა
03-07-2017
რამ გამოიწვია საქართველოში განქორწინებათა რიცხვის ზრდა
"თანამედროვე ახალგაზრდები არ აღიქვამენ ოჯახს აუცილებელ ტრადიციად და პიროვნული თავისუფლება, როგორც ღირებულება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს"

საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში განქორწინებათა მაჩვენებელი გასამმაგდა.

ნანა აღაპიშვილი, ფსიქოლოგი:
"ფორმალური ქორწინების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულება შეიცვალა. ისინი წყვილდებიან და სანამ შვილი არ გაუჩნდებათ, არ რეგისტრირდებიან. ადრე საზოგადოება ითხოვდა­ - წყვილი თუ ერთად იყო, უსათუოდ უნდა დაქორწინებულიყო... რაც შეეხება განქორწინებას, ერთი მხრივ პოზიტიურად ვუყურებ - როდესაც მეუღლეებს შორის დაძაბულობა წლობით გრძელდება, შესაძლოა, განქორწინება სწორი გამოსავალიც
იყოს ბავშვისთვისაც და წყვილისთვისაც".

მსოფლიო და საქართველოს სტატისტიკა


2008 წელს განქორწინების საკითხზე ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა დასავლეთის 30 ქვეყანა. მონაცემები ასე გამოიყურება:
- დასაოჯახებელი მამაკაცის საშუალო­ ასაკად მიჩნეულია 34 წელი, დასაოჯახებელი ქალის ასაკად
- 32.
- დედობის ასაკად (პირველი ბავშვის შემთხვევაში) 30 წელია მიჩნეული.
- ბავშვების 40% არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფ ოჯახში იბადება.
- წყვილთა მხოლოდ 36% ირჩევს ოფიციალურ ქორწინებას.
- განქორწინებების უმრავლესობა­ მამაკაცებში აღინიშნებოდა 37 წლიდან 44 წლამდე, ქალებისა - 34 წლიდან 41 წლამდე.
- წყვილთა 80% ხვრინვის გამო იყრება.
ამ მაჩვენებლების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში განქორწინების სტატისტიკა განსხვავებულია, ისევე როგორც დასაოჯახებელთა საშუალო ასაკი. საქართველოში დაოჯახებისთვის ოპტიმალურ ასაკად 20-25 წელია მიჩნეული, აქედან გამომდინარე, განქორწინებათა უმრავლესობა 30-34 წლამდე ხდება.

სექსუალური უკულტურობა


განქორწინების მიზეზების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა ფსიქოლოგები ყველაზე ხშირად სექსუალურ პრობლემებს ასახელებენ.

ანდრო კანდელაკი, სექსოლოგი: -
კვლევების მიხედვით, მსოფლიოში განქორწინებათა ერთ-ერთი მიზეზი სექსუა­ლური პრობლემებია. ამის გამო განქორ­წინებულია მამაკაცების 35%, ქალებისა - 15%. ჩვენთან ეს საკითხი ასე დეტალურად არ არის შესწავლილი, თუმცა, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია დაგიდასტუ­როთ, რომ განქორწინებების მიზეზად უმეტესად ეს პრობლემა­ სახელდება. ხშირად პარტნიორები ვერ ამყარებენ ჰარმონიულ ურთიერთობებს, ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სექსუალური უკულტურობა, შეიძლება უმეცრებამდეც იყოს საკითხი მისული, მეორეა - ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტების შეუთავსებლობა. მამაკაცისა და ქალის­ სექსუალურობა ნეირობიოლოგიითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხშირად პრობლემებზე საუბარი უჭირთ და ეს პრობლემა ქვეცნობიერად ილექება, აქედან გამომდინარე,"დაჩაგრულს"შეიძლება გაუჩნდეს მკერდის, გინეკოლოგიური პრობლემები, ანუ ორგანიზმზე აისახოს მუდმივი სექსუალური იმედგაცრუება, რომელმაც შეიძლება ინტერესი დაუკარგოს მეუღლის მიმართ, ანუ სექსუალური ურთიერთობებისადმი. შესაბამისად, ეს დისტანცია იზრდება და მათ შორის ბზარი ფართოვდება თუ ეს პრობლემა დამალულია, საკითხის მოუგვარებლობა გადადის კონფლიქტებში, რომელიც თანდათან მწვავდება და განქორწინების მიზეზიც შეიძლება გახდეს. ოფიციალურ მიზეზად კი სახელდება: ხასიათით ვერ შევეწყვეთ, ყოფითი პრობლემები გვქონდა - ანუ ყურადღება სხვა პრობლემებზე გადააქვთ.
სად არის გამოსავალი?

რუსუდან მირცხულავა, ფსი­ქოლოგი:­ -
ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მუდმივად ითხოვს არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ენერგიის ხარჯვას. ქართ­ულ კულტურაში მიღებული არ არის, ოჯ­ახში­ მეუღლეები საუბრობდნენ ამგვარ პრობლე­მებზე - მას ტაბუ ადევს. ამ თემ­აზე საუბარი­ დაწყებისთანავე ჩხუბში გადადის, სადაც ყოველთვის კაცი იმარჯვებს, რადგან ქალზე ძლიერია... თუმცა, ახალგაზრდებში მატულობს თავისუფლების წყურვილი... ჩემი აზრით, მთავარი, რამაც განქორწინების კატასტროფული ზრდა გამო­იწვია, ფსიქოლოგიური ფაქტორია - დამო­კიდებულების შეცვლა ოჯახისა და ქორწინებისადმი. თუ წინათ ოჯახი აღიქმ­ებოდა, როგორც ჩვევა და აუცილებლობა,­ რომელსაც ვერ გაექცევი, ტრადიცია, რომელსაც ვერ უარყოფ, რომელიც უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, ხელუხლებელი­ ღირებულება, დღეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ახალგაზრდები არ აღიქვამენ ოჯახს აუცილებელ ტრადიციად და პიროვნული თავისუფლება, როგორც ღირებულება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

1970 წელს კალიფორნიის შტატში დარეგისტრირებული 173 000 ქორწინებიდან­ 114 000 განქორწინდა. შტატის სამთავრობო სტრუქტურებში წუხდნენ,­ რომ ეს სოციალური კატასტროფის დასაწყისიაო და განქორწინებული მშობლების ბავშვებს მსხვერპლად მიიჩნევდნენ. ბოლო 10 წლის სტატისტიკით განქორწინებათა რაოდენობა­ საქართველოში ყოველ წელს მატულობს. ზოგიერთი ოჯახს ინარჩუნებს შვილის გამო. საკითხავია, რამდენად გამართლებულია ასეთი მსხვერპლშეწირვა. რა ჯობია, ბავშვი იზრდებოდეს ურთიერთმოძულე მშობლების გვერდით, თუ დაცილებულ მშობლებთან.
დაოჯახებამდე ახალგაზრდის არანაირი მომზადება არ ხდება, ის უცებ რადიკალურად იცვლის ცხოვრების წესს. თუ ასეთ მზაობას ჩამოვუყალიბებთ მათ, გაუადვილდებათ ამ მისიის შესრულება.

მსხვერპლი ბავშვები


საქართველოში 2006 წელს 851 ბავშვის მშობელი განქორწინდა, 2015 წელს ამ ციფრმა 6868-ს მიაღწია. საკითხავია, რამდენად არიან მშობლები ინფორმირებული ბავშვების განცდის შესახებ, რომლებიც მათი დაშორების შემდეგ იჩენს თავს?

ნათია კუჭუხიძე, ფსიქოთერაპევტი: -
ათი წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში მომართვამ იმატა - მშობელი თვითონ ხედავს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და დახმარებას ითხოვს.
ბავშვს ნუ შეუზღუდავთ მეორე მშობელთან ურთიერთობას, რადგან ეს ნეგატიურ განცდებს გამოიწვევს, განსაკუთრებით მცირეწ­ლოვნებში. მან შეიძლება ნეგატიური ფანტაზია ააგოს და ჩათვალოს, რომ მშობ­ლების დაშორება მისი ბრალია, ან განუვით­არდეს უმწეობისა და დაუცველობის განცდა, რადგან მამა და დედა გვერდით აღარ ჰყავს. ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, რომ მშობლები პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, თავიანთ გადაწყვეტილებას და, რაც მთავარია, ბავშვს. არ იყოს ბავშვი მათთვის განტევების ვაცი, ნუ გამოიყენებენ მას ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად, პირიქით, ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ შვილის განვითარებაზე.

მარტოხელა დედის სტატუსი საქართველოსა და ამერიკაში


როგორ ზრუნავს სახელმწიფო მარტოხელა დედაზე და რას გულისხმობს მარტოხელა დედის სტატუსი.

ანა გოგოჩიშვილი, იურისტი: -
მარტოხელა დედად ითვლება ის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ. მარტოხელა დედად ასევე ითვლება ის პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლადე ასაკის ბავშვი, რომელიც ბავშვის შვილად აყვანის დროს არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სამწუხაროდ, საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს მარტოხელა­ დედებისთვის რაიმე შეღავათს, მეტიც, შრომის კოდექსში საერთოდ ვერ იპოვით ჩანაწერს მარტოხელა მშობლის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული შეღავათი მარტოხელა დედებისთვის (და არა მარტოხელა მშობლებისთვის, რაც გამორიცხავს მარტოხელა მამისთვის შეღავათით სარგებლობას). კერძოდ, საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულები არიან ის მარტოხელა დედები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 3000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

გია ხუროშვილი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი: -
ამერიკაში მარტოხელა დედისთვის ბენეფიტები მრავალმხრივია და თუ დედის შემოსავალი დაბალია, ამუშავდება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დედისა და ბავშვების დაცვის რეალური გარანტიაა. შტატების მიხედვით ეს პროგრამები განსხვავებულია. ამ მხრივ ყველაზე "გულუხვი" ნიუ-იორკის შტატია. სახელმწიფო მარტოხელა დედებს ეხმარება: ბინის ქირით, განათლების დაფინანსებით, სასურსათო ვაუჩერით, ფულით, უფასო დაზღვევით. დედებს დახმარებას უწევენ პროფესიულ გადამზადებაში, სამსახურის მოძიებაში, კომუნალური გადასახადის დაფარვაში და ასევე სახელმწიფო აძლევს საბავშვო ბაღის ვაუჩერს. მაგალითად, ორბავშვიანი მარტოხელა­ დედა თვეში იღებს 2000-2500 დოლარის დახმარებას.

ნინო წიფურია

რედაქტორის რჩევით