"იაკუძა" - იაპონიის კლანური ორგანიზაცია - კვირის პალიტრა

"იაკუძა" - იაპონიის კლანური ორგანიზაცია

დანაშაულის გამოსასყიდად მხოლოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის, მონანიება ცოტა მეტს - თითის ფალანგის საკუთარი ნებით მოკვეთას მოითხოვს, დანაშაულის ჩამდენი მოწიწებით უძღვნის მას ბოსს

რამდენიმე საუკუნის წინ ბატონების გარეშე დარჩენილი სამურაები მცირერიცხოვან ბანდებად გაერთიანდნენ და ჯერ მოგზაურებსა და ვაჭრებს ძარცვავდნენ, მერე კი ქალაქებისა და სოფლების აოხრება დაიწყეს. ყოფილ სამურაებს ბრძოლა ჩხუბისთავებმა, ბანქოს მოთამაშეებმა და ჯიბის ქურდებმა გამოუცხადეს და გამარჯვებაც მალე იზეიმეს, თუმცა მოსახლეობის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ახლა მათი მხსნელები იქცნენ მჩაგვრელებად.

სწორედ მათ, ახალჩამოყალიბებულმა მძარცველებმა და მოძალადეებმა მიიღეს "მატი-იოკოს" სახელი. "მატი-იოკოსგან" განსხვავებით, "ტეკიას" წარმომადგენლები არა მოძალადეები, არამედ თაღლითები იყვნენ, რომლებიც ექიმბაშების სახელით დახეტიალებდნენ და მოსახლეობას ჯადოსნურ სამკურნალო ბალახს სთავაზობდნენ. მალე ყოფილმა მკურნალებმა სტატუსი შეიცვალეს და მეწვრილმანეები, ანუ "ტეკია" დაირქვეს, კოდექსი "არ მოატყუებ, ვერ გაყიდი", შეიმუშავეს და დიდ დაჯგუფებებად გაერთიანდნენ. ძლევამოსილმა ბანდამ ბაზრებში წესრიგის დამყარებაც ითავა და მოვაჭრეებისგან ხარკის აკრეფა დაიწყო. სწორედ "ტეკიას" რიგებში გაჩნდა ის იერარქიული სისტემა, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს თანამედროვე "იაკუძა".

მესამე დაჯგუფების - "ბაკუტოს" დაბადებას ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ჩინოვნიკებმა ქვეყანაზე ზრუნვის მეტად ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს და დაიქირავეს აზარტული მოთამაშეები, რომელთაც სახელმწიფო მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ბანქოს თამაშით უნდა გაერთოთ, ოსტატურად გაეცურებინათ და მოგებული თანხა ისევ ქვეყნის ხაზინაში დაებრუნებინათ. თუმცა თაღლითებმა ფულის დაბრუნებაზე უარი თქვეს, საკუთარი საქმე წამოიწყეს და ჩინოვნიკებს უკანონობაზე თვალის დახუჭვა აიძულეს. სწორედ "ბაკუტოს" წევრებმა გაიკეთეს პირველად ტატუ და მოიხატეს მთელი ზურგი, რაც დიდ ნებისყოფას მოითხოვდა, რადგან ამგვარი ფერწერული ტილოს შექმნას, სულ ცოტა, 100 საათი მაინც სჭირდება. სწორედ "ბაკუტომ" დაამკვიდრა თითის ფალანგის მოჭრის ტრადიციაც და საკუთარ ბანდას ორიგინალური სახელი - "იაკუძა" დაარქვეს.

"იაკუძა" მსოფლიოს ბანდებს შორის ყველაზე ორგანიზებულად ითვლება და როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ყველაზე მეტად სცემს კანონს პატივს. ის 750 კლანს აერთიანებს. მის მთავარ მტრად დღემდე ჩინური მაფია, "ტრიადა" ითვლება. "იაკუძა" ქვეყნის ხელისუფლებას არასოდეს ემტერებოდა, ჩინოვნიკები კი არასოდეს ყოფდნენ ცხვირს მაფიის საქმეებში.

საკუთარი იერარქია "იაკუძამ" ქვეყნის ტრადიციულ წყობასთან გააიგივა და მამისა და შვილების ურთიერთობას დაუქვემდებარა. მას ჰყავს საერთო ლიდერი, რომელიც ამაყად ატარებს იო-აბუნის ტიტულს. იერარქიულ კიბეზე შემდეგი არიან უფროსი მრჩეველი, მოადგილე და თანაშემწეები, რომლებიც მეთაურის მემკვიდრეებად ითვლებიან. "იაკუძას" საკუთარი ბუღალტრები, მდივნები და კონსულტანტები ჰყავს. პოლიტიკაში ჩაბმული "იაკუძა" ემხრობა ოჯახში ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას, მილიტარისტული პოლიტიკის დაბრუნებას და სამურაის მივიწყებული ტრადიციების აღდგენას, თუმცა ადგილობრივ ორგანიზაციას ყველაზე მეტად მაინც ჩაგრულების გულშემატკივრად უყვარს თავის გასაღება. მაგალითად, 1995 წლის მიწისძვრის შემდეგ იამაგუტი-გუმის კლანმა, რომელიც "იაკუძას" ყველაზე გავლენიან კლანად ითვლება, მშობლიურ ქალაქ კობეს სოლიდური ფინანსური დახმარება გაუწია.

"იაკუძა" ადამიანებს ორ კატეგორიად: იაკუძად, ანუ მათი წრის ადამიანებად, და კატაგებად, ანუ უიღბლოებად ყოფს. კატაგები არ მიეკუთვნებიან მაფიას და მათი ლიკვიდაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ თავად "იაკუძას" ემუქრება საფრთხე. თუმცა მათზე ძალადობა, ძარცვა და დამცირება ყოველდღიურ საქმიანობად ითვლება. "იაკუძას" რიგებში კოლეგების მკვლელობაც მიღებულია და ხშირად კლანები ერთმანეთის წინააღმდეგ კამიკაძე-კილერებსაც ქირაობენ. მართალია, "იაკუძას" საქმიანობა როგორც იაპონიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ მრავალფეროვანია, მაგრამ თითოეული კლანი მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს კურირებს. იაპონიაში ძნელია ბიზნესის დაწყება "იაკუძას" უნებართვოდ. გარდა ამისა, "იაკუძას" ელიტა ჩაბმულია ქვეყნის პოლიტიკურ და ფინანსურ საქმიანობაში, აბანდებს ინვესტიციებს საერთაშორისო ბიზნესპროექტებში, მონაწილეობს მსხვილი კორპორაციების საქმიანობაში და ხშირად აქციონერების მაგივრადაც იღებს გადაწყვეტილებას. უცნაურია, მაგრამ "იაკუძა" მოსისხლე მტერთან, "ტრიადასთანაც" თანამშრომლობს. იაპონელები, ძირითადად, წარმოებაზე მუშაობენ, ჩინელები კი რეალიზაციაზე ზრუნავენ.

ტატუირება დიდი ხანია იქცა მსოფლიოს მაფიოზური ორგანიზაციების სამეტყველო ენად, რომლის მიხედვითაც შეიძლება ადამიანის ბიოგრაფიის წაკითხვა. იაპონიაში ტატუ დიდხანს ასოცირდებოდა მხოლოდ "იაკუძასთან", რადგან სწორედ მის წევრებს ჰქონდათ აჭრელებული ტანი ფერადი ნახატებითა და წარწერებით. "იაკუძას" საინტერესო რიტუალებიც აქვს. მაგალითად, დანაშაულის გამოსასყიდად მხოლოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის, მონანიება ცოტა მეტს - თითის ფალანგის საკუთარი ნებით მოკვეთას მოითხოვს. დანაშაულის ჩამდენი მოწიწებით უძღვნის მას ბოსს. ცერემონიას, რომლის დროსაც ახალწვეული კლანის ერთ-ერთი წევრის პირისპირ ჯდება და მასთან ერთად სვამს საკეს, საკაზუკიტო ჰქვია. ეროვნული სასმლის კოლექტიურად მირთმევა მეგობრობის ან თანამშრომლობის დაწყებას ან კლანების შერიგებას ნიშნავს. სასიკვდილო განაჩენი, რიტუალური თვითმკვლელობა "სიპოკუ", ანუ მუცელში ხმლის გაყრა, სამურაების ტრადიციების პატივისცემაა, სწორედ ასე იკლავდნენ ისინი თავს. სასტიკ სასჯელს თავს ვერავინ აარიდებს, უარის შემთხვევაში კლანის წევრები თავად გაფატრავენ კოლეგას. ამ წესს იაპონელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ მაფიის წევრი სხვას დააბეზღებს პოლიციაში.

1990-იანი წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა იაპონური მაფიისთვის, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა მისი შემოსავლები და შეთხელდა კლანის რიგები, თუმცა სწრაფად დადგა ფეხზე და მისი წევრები დღეს უკვე სოლიდური ბიზნესმენების რანგში აგრძელებენ არალეგალურ საქმიანობას.