"მთავრობამ ერთი-ორი რობოტი უნდა მიამაგროს თითო სოფელს"
03-07-2017
"მთავრობამ ერთი-ორი რობოტი უნდა მიამაგროს თითო სოფელს"
"ამას წინათ ტელევიზორში რკინის გოგო აჩვენეს (სუპერთანამედროვე თემას, ხელოვნურ ინტელექტს ეხება ჩემი ლამის საუკუნეს მიტანებული რესპონდენტი), სოფოს თუ სოფიას ეძახდნენ. ამბობდა, - მალე დედა­მიწას ავითვისებთ, მუშაობა, გათხოვება, და ქმარ-შვილი მინდაო,­ მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა ამის უფლებას არ მაძლევსო. აგერ, ბატონო, ჩვენი მინდ­ორ-ველი, მოიყვანონ და დაასახ­ლონ. ადამიანები სანთლით საძებარი გაგვიხდნენ, ჰოდა, რობოტები მაინც გვეყოლება, ვერც ნადირი დააკლებთ რამეს და ვერც მკაცრი პირობები. მწყემსოს საქონელი სოფიამ და იაროს კოკით ცივ წყაროზე" - ოხუნჯობენ
კაკაბეთელი ქალები


ჯერ ვიფიქრე, რომ ამ გაცხარებულ, დასეტყვილ გულზე კახეთში ჩასვლა საფრთხილო იქნებოდა, მაგრამ მერე კახელების სტუმართმოყვარეობამ ძვალ-რბ­ილში დამიარა და უკანმოუხედავად შევაღე კახეთის კარიბჭე.

- ცარიელდება სოფლები, შვილო, მკვდარს ვიღა ჩივის, ცოცხლების მომკითხავიც აღარ დარჩა. ბარში რომ ეს ამბავია, მთაში­ რაღა იქნება. ამას წინათ ტელევიზორში
რკინის გოგო აჩვენეს (სუპერთანამედროვე თემას, ხელოვნურ ინტელექტს ეხება ჩემი ლამის საუკუნეს მიტანებული რესპონდენტი), სოფოს თუ სოფიას ეძახდნენ. ამბობდა, მუშაობა, გათხოვება და ქმარ-შვილი მინდაო,­ მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა ამის უფლებას არ მაძლევსო. აგერ, ბატონო, ჩვენი მინდ­ორ-ველი, მოიყვანონ და დაასახ­ლონ. ადამიანები სანთლით საძებარი გაგვიხდნენ, ჰოდა, რობოტები მაინც გვეყოლება, ვერც ნადირი დააკლებთ რამეს და ვერც მკაცრი პირობები. მწყემსოს საქონელი სოფიამ და იაროს კოკით ცივ წყაროზე, - ოხუნჯობს კაკაბეთელი ნაზიბროლა ბაბო, უბნის ქალების მეთაური.

ამ ერთობ მომხიბვლელ წინადადებას მისი განუყრელი მეგობრები - ანიკო თამაზაშვილი და ნაზიკო ჭიკაძეც ეთანხმებიან:
-"სოფლის მეურნეობაში ნამდვილად გამოდგებიან სოფიასნაირები, ქარ-წვიმა ვერ შეაჩერებთ და თოვლ-ჭყაპი, მწველი მზე არ შეაწუხებთ და ბინდის კოღო. ხელები აღარ გვივარგა ვენახის ფურჩვნითა და ხილ-ბოსტნეულის­ მარგვლით, ეგ კი არა, მთავრობა უნდა ეცადოს, ერთი-ორი ტრაქტორივით ჯანიანი რობოტი მიამაგროს თითო სოფელს, კაცის საქმეც რომ გაკეთდეს, კაცებიც ცოდონი არიან. ამ ხუმრობაში უბადლო წარმოსახვის მქონე ქალებმა გეგმა დაუსახეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

მუშტისტოლა სეტყვა მოვიდა კახეთში. აქა-იქ თუ გადაურჩნენ სტიქიის მოქნეულ მუშტს კახელები, თუმცა ბუნებას გლეხიკაცი ხელს როგორ შეუბრუნებს, მორჩილად მეორე ლოყა მიუშვირა და მოლოდინმაც არ დააყოვნა, მდინარეები და ხევები აადიდა და რაც მაღლიდან დააკლო ნათეს-ნარგავებს, წყალდიდობით მოუთავა.
წამოსვლისას მარიამჯვრის ნაკრძალის მიდამოებში, მდინარე ანთოკისხევის რიყესთან ჩორთით მომავალ მხედარს გამოველაპარაკე, - ნაკრძალში კავკასიური ფიჭვის კორომებს წყალდიდობამ ხომ არ ავნო-მეთქი.

- ნაკრძალში ნორჩი ნაზარ­დი­ ღვარცოფს ასე თუ ისე გადაურჩა, მაგრამ ზოგ სოფელში საქონელი და შინაური ფრინველი დაახრჩო. კურორტი მარიამჯვარი ჩვენი სოფლიდან ხელის გაწვდენაზეა, გული მწყდება, რომ ერთ დროს განთქმული აგარაკები დღეს გაუდაბურებულია. რას ვიზამთ, მარტო სოფელს კი არ უტევს ბუნება. შარშან არ იყო, მთელი ქალაქი რო დაიტბორა... წელს ახლომახლო სოფლებში ხალხი ვედრ­ოებით ეზიდებოდა ვაზის ფოთო­ლს, დაზიანებულ ბოსტნეულს. ბევრს გაჭირვებით აქვს დაზღვეული, ფაქტი ხომ უნდა შეაგროვონ და სადაზღვევო კომპანიას წარუდგინონ. სურათებს უღებენ, კომპანია კი ეუბნება, - გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ დაზიანების ხარისხი დადგინდეს და ზარალის ნაწილი ანაზღაურდ­ესო. ხალხმა რომ დაზიანების ხარისხის დადგენას უცადოს, ხო სულ ხელიდან წავიდა ის მოსავალი, რაც გადაგვირჩა? ნასეტყვს მეორე დღესვე უნდა მიეხედოს და შეიწამლოს, რომ ცოტა მაინც გამოვარგდეს... აბა, წავედი­, ნაღვლიანად მეუბნება ანთოკელი ალეკო მღვდელაძე."

გულს არ იტეხს წყაროსთაველი ჯანო კერატიშვილი: - შაჰ-აბასის გაჩეხილი და გადამწვარი მუხის ძირები სამი საუკუნე იწვოდა და ნაზარდი მაინც ამოიყარა, ვაზზე აღარაფ­ერს ვამბობ, - ამბობს ჯანო ძია და შინ, ქვევრისპირულად მეპატიჟება. მეც, ჩემი კახელების სიყვარული გულს მიმაგრებს და იმედიანად მივყვები ბერიკაცს...

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით