"23 წლის გოგონა გადაასახლეს და "გულაგიდან" 51 წლის დაბრუნდა"
"23 წლის გოგონა გადაასახლეს და "გულაგიდან" 51 წლის დაბრუნდა"
"დეიდაჩემის თავგადასავალი მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის, მთელი წინა საუკუნის საქართველოს ისტორიაა, სადაც 250 000 კაცი დახვრიტეს"

"კოლიმა თავადაც ციხეს ჰგავს - გარშემო ჩუქჩები ცხოვრობენ იორონგებში. მათ მიღმა კი უმეტესად დათოვლილი ტრამალებია, ცხადია, ხე და ბუჩქი აქ წამლად არ არის"


ადამიანი ამქვეყნად სხვადასხვა მისიით მოდის, კვალის დატოვება ძალიან ცოტას შეუძლია. თუმცა არიან ისეთებიც, ვისიც კეთილი გულით "შეგშურდება". გია ჭუბაბრია ასეთია - კაცს, რომელმაც უხმაუროდ ქვეყნისთვის იმდენი რამ გააკეთა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
80 წელიწადი ისე შეუსრულდა, არასოდეს უყვირია, - შემომხედეთ, რა ბიჭი ვარო! ბატონი გია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქმნიდა საქართველოსთან დაკავშირებულ კინოდოკუმენტებს და მატიანედ აქცევდა.

დღეს ეს მატიანე ქართული კინოს ფონდის შეუფასებელ სიმდიდრედ ითვლება. თუმცა ამ განძის მთავარი საუნჯე ჩვენი ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი თაობის არაერთ წარმომადგენელს. ბავშვობას კი ვერაფერი დაავიწყებს კაცს. მას შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა, მაგრამ ახლაც ხშირად წაიღებს ხელს ხოლმე დეიდის, ლიზა ქავთარაძისადმი მიძღვნილი ცისფერი წიგნისაკენ, სადაც ამჯერად არა დეიდის, არამედ ხევსურულ ტანსაცმელში გამოწყობილი
ქალის ფოტოს მაჩვენებს…და მეუბნება:

- ხედავ ამ მშვენიერ ქალს? თინა იმნაიშვილია. მისი მშობლები დეიდაჩემთან ერთად გადაასახლეს ტაიგაში, თინიკო იქ გაუჩნდათ. ბავშვს რომ თავი ქართველად ეგრძნო, ფეხქვეშ საქართველოს რუკას უდებდნენ! საბედნიეროდ, ისინი
შედარებით ადრე დაბრუნდნენ... დეიდაჩემი 1928 წელს დააპატიმრეს, 23 წლისა. მერე გამოუშვეს. 1940-ში ხელმეორედ გადაასახლეს და მხოლოდ 1956 წელს დაბრუნდა. დედაჩემი და მე დავხვდით გორის სადგურში. სამი წლის ვიყავი, ხელახლა რომ დააპატიმრეს. ჩეკისტების საზიზღარი ოთხკუთხა ულვაშები და დეიდაჩემის ბორკილდადებული პატარა ხელები დამამახსოვრდა. ვაგონში რომ ჩამოვიარე, იმ პატარა ხელებით ვიცანი. "გულაგის" პატიმრების ხელით გაკეთებული, დაბადების დღეზე ნაჩუქარი ნაჭრის თოჯინა მოჰქონდა, რომელიც მერე ჩემს ქალიშვილს აჩუქა. ეს თოჯინა რუსუდანს თილისმად დღესაც აქვს.

ბავშვობაში
შიმშილობით ისე ავად გავხდი, რომ ბებიამ საჩხერეში, ივანწმინდაში, მამისეულ სახლში წამიყვანა გამოსაჯანმრთელებლად, სადაც ხშირად შეშაც არ გვქონდა და გამოყინულ ხის სახლში საწოლში საკუთარი სხეულით და ფეხებში თბილი ტაფით მათბობდა ხოლმე. ერთხელ ვეღარ მოითმინა და საკუთარი ხელით დაჭრა ეზოში ხეები, რაზეც მეზობელმა უჩივლა. ბებია საჩხერის რევკომში დაიბარეს და... უკანვე გამოუშვეს. საოცრად განათლებული ქალი იყო, ექიმი, მთელი სოფელი ემადლიერებოდა და რევკომიც მიხვდა, რომ მისი დაპატიმრება სისულელე იქნებოდა.ასე გავიზარდე.

გამოხდა ხანი და უფლება მოვიპოვე, კოლიმაში გადამეღო ფილმი ქართველი პატიმრების კვალზე. კოლიმა საბჭოთა სახელმწიფოს უმთავრესი "გულაგი" გახლდათ, მაგადანიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, სადაც დეიდაჩემმაც გაატარა ახალგაზრდობის უმწარესი წლები. მოსკოვიდან 15 საათი ვიფრინე და კოლიმაშიც ჩავედი. მომოვიხედე და გავიფიქრე, რომ ეს იყო დედამიწის დასასრული, რომლის იქით აღარაფერია... ეს ადგილი თავადაც ციხეს ჰგავს - გარშემო ჩუქჩები ცხოვრობენ იორონგებში (ირმის ტყავის იურტა), მათ მიღმა კი უმეტესად დათოვლილი ტრამალებია, ცხადია, ხე და ბუჩქი აქ წამლად არ არის. იქაური რაიკომის მდივანი დამეხმარა, რომ მენახა ის ორმოები, სადაც ქართველებს ყრიდნენ, რადგან ზამთარში იქ მიწა ისეა გაყინული, რომ საფლავის ამოთხრაც კი შეუძლებელია. ქართველებს იქ სხვებთან ერთად, ვინმე გენერალი გარანინი ჯგუფურად ხვრეტდა. კაცზე რამდენიმე ტყვიის სროლა ეზარებოდა, ამიტომ თითო ტყვიას ესროდა. ცხადია, თითო ტყვიით ყველა არ კვდე­ბოდა, მაგრამ ყველას ერთად მარხილზე­ აწყობდნენ და ორმოებისაკენ მიჰქონდათ. იქაურებმა მითხრეს, ამ დროს გზაზე სისხლი და მუცლის ღრუდან გადმოყრილი შიგნეულობაც კი რჩებოდა, რომელიც თოვლის გადნობის შემდეგ გამოჩნდებოდა ხოლმეო. თოვლის გადნობის შემდეგ გამოჩნდებოდა აგრეთვე, ორმოებში ჩაყრილი პატიმრების კიდურები, რომელსაც "ჟმურიკები" ერქვა და საითკენაც ჩუქჩები შვილებს არ უშვებდნენ.

დეიდაჩემი 23 წლისა დააპატიმრეს და გულაგიდან 51 წლის ქალი დაბრუნდა. ამას ხომ ვერ ამოშანთავ ცნობიერიდან!
დეიდაჩემის თავგადასავალიც მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის, მთელი წინა საუკუნის საქართველოს ისტორიაა, სადაც 250 000 კაცი დახვრიტეს, დღეს, როცა გვიკვირს, ქვეყანას რატომ ვერ ვაშენებთო, უნდა გავიხსენოთ, თავის დროზე ქვეყანას "ტვინი" როგორ გამოაცალეს. დეიდაჩემის ტკივილს მუდამ თან ატარებდნენ ბებია და დედაჩემი, რაც მეც გადმომეცა. სხვათა შორის, ამ ადგილმა ჩემს სხვა გადაღებებს გაუხსნა გზა: როცა ოხოტის ზღვით ვბრუნდებოდი, შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ოთარ თალაკვაძეს ვთხოვე, - ანძიდან 12-ბალიანი შტორმი გადამაღებინე-მეთქი. ასეთი შტორმი სამყაროს დასასრულს ჰგავს და გადაღების კი არა, გემბანზე გამოსვლის უფლებასაც არავის აძლევენ. კაპიტანმა უარი ვერ მითხრა, თუმცა გამაფრთხილა, - ტალღები ყოველ 3-4 წამში ერთხელ გადაუვლის გემბანს, ამ წამებში თუ არ მიასწარი გემის ანძამდე, წყალი შუაზე გადაგამტვრევსო. იმ ღამეს მთელი გემბანი უცნაურად განათდა. რა ხდება-მეთქი. კაპიტანმა - 12-ბალიანი შტორმისას ზღვის ზედაპირზე თავის გადასარჩენად ერთუჯრედიანი ფოსფორული არსებები ამოდიან და ჩვენი გემბანიც მათ გაანათესო. დილით კაპიტანს პირობა მივეცი, ტალღას გავასწრებ-მეთქი და შევასრულე. 20-მეტრიან ანძასთან მივიჭერი და კიბით ასვლა დავიწყე. როცა ანძის პატარა პლატფორმაზე ფეხი დავდგი და მძიმე საბჭოთა აპარატით დავიწყე გადაღება, შევშინდი - ტალღები გემის ცხვირს ეხეთქებოდნენ, შუაზე იჭრებოდნენ და ზღვაში უზარმაზარი შავი ორმო ჩნდებოდა, ირგვლივ კი ყველაფერი წყლის შხეფებით იფარებოდა. დაბრუნებისას კვლავ გავასწარი ტალღას კაიუტამდე და სიცოცხლის განუმეორებელი სიყვარული ვიგრძენი.

- ასეთი თავგადასავლები სხვაგანაც გექნებოდათ.

- ტაიგაში ჩამოვარდა ჩვენი შვეულმფრენი. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით. როცა იაპონიაში "ორაგულის ბედს" ვიღებდი, მაშინაც გადავურჩი დათვებს.
გადაღებებიდან სხვაგვარი მოგონებებიც შემომრჩა: კოლიმაში არის მდინარე ჩელმჯა და სწორედ მისი გადაცურვისას გიახლდება ის განცდა, რომ აქ დედამიწა დამთავრდა და იქით უკვე აღარაფერია, მხოლოდ უკაცრიელობა და ერთფეროვნება! მოკლედ, მორიგი ფილმის გადაღებისას რეზო თაბუკაშვილიც მახლდა. მივცურავთ ჩელმჯაზე ნავით და უეცრად ნაპირზე ხის ქოხი და მხარბეჭიანი კაცი დავინახეთ. მენავემ ნიჩბები წყალში ჩაუშვა და დაუძახა, - სანია, სტუმრები მოგიყვანეო. ნავიდან გადავდივართ, სანია ცოლს უხმობს, - ნადია, სტუმრები არიან, გამოდიო. ამასობაში ნადიაც მოდის, მე და რეზოს გაშტერებული გვიყურებს და ჩუმად, ქართულად გვეკითხება, - ქართველები ხართ?!

- წარმომიდგენია, რაც დაგემართებოდათ.

- ეს ქალი აღმოჩნდა მაყვალა სანიკიძე, გურული ქალი, რომელსაც ქმარი მაყვალას ვერ ეძახდა და ნადია შეარქვა. გვითხრა, - ძმებთან ერთად გადმომასახლეს კოლიმაში, ამ კაცს გავყევი ცოლად და აქ დავსახლდიო.

- ტრაგიკული ამბავია.

- ძალიან. კოლიმიდან წამოვიყვანე კარლო ღუტიძე, უნიჭიერესი აგრონომი, რომელსაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტაიგაში ყურძნისა და პომიდვრის ჯიშები ჰქონდა შექმნილი. ჩოხატაურში ჩასვლისას დედამ ვეღარ იცნო, - საწყალს, სკლეროზი ჰქონდა. იქნებ შვილზე დარდითაც. კარლო ჩამოსვლიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა - ვეღარ შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება,…არადა, სამშობლოში უნდოდა ცხოვრება.
სამაჩაბლოს ომშიც ვიყავი და აფხაზეთშიც, გადავიღე, რა წამიერად ქრება ომებში სამშობლოსთვის გაღებული სიცოცხლე. სამაჩაბლოში ჯარისკაცებმა სოფელ ფრისში დამპატიჟეს - ცოტა საჭმელი გვაქვს შემონახული, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. ხეობაში მანქანით მიდიოდნენ და ოთხივე ერთად აფეთქდა ნაღმით. წუთით დავიგვიანე მიპატიჟებაზე და დაფლეთილები დამხვდნენ. ეს არის ომი... მაგრამ მე სიკვდილზე არანაკლებად ენგურის ხიდზე, ტყვეების გაცვლისას თვალმოკრულმა "კადრმა" შემძრა. რაღაც მომენტში ქართველმა და აფხაზმა ტყვეებმა ერთმანეთის საპირისპიროდ ჩაიარეს. უცებ ორივე რიგიდან ბიჭები გამოცვივდნენ და…ერთმანეთს გადაეხვივნენ, Mმერე ისევ თავ-თავის რიგში ჩადგნენ და გზა გააგრძელეს - ერთმა სოხუმისაკენ, მეორემ - თბილისისკენ. აAმიტომ მაშინებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, სადაც უსაზღვროდ დიდი ვაჟკაცობის მხარდამხარ უსაზღვროდ დიდი შეცდომები და ღალატიც მოაბიჯებს...

ყოველ მხრივ მტერია, რუსეთი, რომელმაც ჩვენ და მათ შორის, ჩემს ოჯახსაც ტკივილი მიაყენა, მაგრამ ერის ასიმილაცია ვერ მოახდინა. მასზე მეტად მაშინებს თურქეთი, რომელმაც ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სტამბოლად აქცია! ამ ქვეყნებისგან კი დღეს არაფერი გვიცავს, მათ შორის საკუთარი ხელისუფლებაც, რომელსაც არც კი სცალია იმაზე საფიქრალად, გვერდით რამხელა ახალი საფრთხეა ჩასაფრებული!… …

ეთერ ერაძე
ნანა
14 ივლისი 2017 10:51
ღმერთმა დაგლოცოთ,ბატონო გია
qeTi -s
13 ივლისი 2017 18:24
მეც იგივეს გეტYვით, რაც ბატონმა გიგამ განგიმარტათ!!!
ucnobi
13 ივლისი 2017 12:06
batoni gia cocxalia? gamexarda statia rom cavikitxe masze, bebiachemis ojaxtan megobrobda, bebias meugle deputati iko kremlshi, exla orive dagupulia, xshirad mikveboda xolme bebia v baton gias ambebs tumca mashemdeg agaraferi msmenoda masse. me parade gogo vikavi mashin
naka
13 ივლისი 2017 10:34
ეჰ, ჩემო კეთილო ბატონო გიორგი,დღეს ცოტას თუ ტკივა ჩვენი სამშობლო...წარსული ტრაგედია კი იციან?
რუბრიკის სხვა სიახლეები
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?