"ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია" - უბედური შემთხვევა ელიავას ბაზრობაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილი დანაშაული?! - კვირის პალიტრა

"ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია" - უბედური შემთხვევა ელიავას ბაზრობაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილი დანაშაული?!

2 ივლისის საღამოს ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სამსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც ავტონაწილები, საბურავები და საღებავები იყიდება.

როგორც ირკვევა, ე.წ. სექტორებში მაღაზიების მფლობელები მეხანძრეების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მათი განცხადებით, ისინი ეფექტურად ვერ მუშაობენ. ამის გამო სამართალდამცველებსა და მაღაზიების მფლობელებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხანძარი ამ დროისთვის შედარებით შესუსტებულია. ადგილზე კვლავ მუშაობენ მეხანძრე მაშველები. ტერიტორია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ შემოღობილი.

ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

"გამორიცხულია ხანძარი ძალით იყოს გაჩენილი", - განაცხადა დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილმა, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მივიდა.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მისი თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია და ეს მიყენებული ზარალის დათვლის და აღრიცხვის შემდეგ უნდა განიხილონ.

ბაზრობის თანამშრომლების განცხადებით, ე.წ სექტორები ყველაზე დაცული შენობა იყო მთელი ბაზრობის ტერიტორიაზე. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელება ამასთან, მაღაზიების მფლობელთა ნაწილი ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე საუბრობს, თუმცა დაინტერესებულ პირებს ვერ ასახელებენ.

მომხდარს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ, თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ბარემ ახლავე ვიტყვი.

მე საერთოდ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც უაპელაციო ბრალდებები არა მჩვევია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღების მიპყრობას.

ელიავას თაობაზე ძალიან კარგი პროქტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რომელიც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას (ადგილებიც შერჩეულია, საკმაოდ კარგიც) და აქ დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობას, მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ ფაქტობრივად ბაზრობის გადახურულ ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით.

სახელისუფლო წრეებში ამ თემაზე სრული ერთსულოვნება არაა, მაგრამ ცხადია მეორე ვარიანტი უფრო პოპულარულია: ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. თუმცა, ასე პირდაპირ თავიანთივე დამტკიცებული გენგეგმის ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ.

ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო.

წარმოდგენილი პროექტი საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა (ძირითადად ოპოზიციისგან და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმაც მტკიცე პოზიცია დაიჭირა) და საბოლოო ჯამში მისი განხილვა გადაიდო.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო მიზანმიმართულ ქმედებაზე. ბოლო-ბოლო ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან, ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე. დაზარალებულებს სახელმწიფო, ცხადია, შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ აქ ისეთი დახმარების ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, მე ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს.

ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ამაზეა ნათქვამი".