"ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვაზე იგეგმება" - რას პასუხობენ მერიაში ხანძრის გამომწვევ სავრაუდო მიზეზებზე? - კვირის პალიტრა

"ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვაზე იგეგმება" - რას პასუხობენ მერიაში ხანძრის გამომწვევ სავრაუდო მიზეზებზე?

2 ივლისს საღამოს,  ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. შს სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გია სულაქველიძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ ინფორმაციები ვრცელდებოდა.

როგორც სულაქველიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ამის გამო არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა თუ სად და როგორ განთავსდებოდა ელიავას ბაზრობა, აქედან გამომდინარე, მოერიდა რისკებს და თავი შეიკავა დაზღვევის გახანგრძლივებისგან.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება.

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის, გოჩა ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის პერიოდში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში შენობაში იმყოფებოდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ხეცურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და ამ ინფორმაციას ფლობს დაცვის სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც დღეს უკვე დაიკითხნენ. ხეცურიანის თქმით, მისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები და გარკვეულ დეტალებზე საუბარი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ უფრო შესაძლებელი იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია.

"ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შიგნით რაიმე ახალი კერის გაჩენის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან კარგად იმუშვეს სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა, რადგან საკმაოდ ინტენსიური ხანძარი იყო. ჩვენი დღვანდელი გეგმაა, შიგნით მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა არის დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ ჩვენ გვინდა შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. რაც მთავარია, შიგნით საკმაოდ ბევრი საქონელი არის გადარჩენილი. ორი მაღაზია არის გადარჩენილი. ეს საქონელი და მაღაზიები გადარჩნენ იმის გამო, რომ ისინი კაპიტალურად შუშებში არის მოწყობილი", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია დამწვარი საქონლის, იქამდე ციფრებზე საუბარი შეუძლებელია.

თბილისის მერიის ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით