გალაკტიონის 10 უნიკალური ფოტო "ბილაინისგან" მუზეუმს - კვირის პალიტრა

გალაკტიონის 10 უნიკალური ფოტო "ბილაინისგან" მუზეუმს

გალაკტიონის დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტოები კომპანია "ბილაინმა" საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს გადასცა. პოეტის ძმისშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ ტაბიძემ ფოტოების კოლექცია 21-ე საუკუნის აღმოჩენად შეაფასა.

კერძო პირმა მუზეუმს პირადი კოლექციის შეძენა შესთავაზა, რის შემდეგაც კოლექციაში აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი პოეტის აქამდე უცნობი ფოტოები. რამდენიმე ფოტოზე გალაკტიონი აკაკის საფლავთან არის გადაღებული. მუზეუმის დირექცია აცხადებს, რომ ეს ფოტოები აღმოჩენაა მათთვის, ხოლო საზოგადოებისთვის კი ფასდაუდებელი განძი. კოლექციაში, რომელიც "ბილაინმა" მუზეუმისთვის შეიძინა, არის ასევე ფოტოკადრები ფილმიდან "გიორგი სააკაძე", რომლებიც ფილმის საბოლოო ვარიანტში არ მოხვდა. ამავე კოლექციაში ნახავთ ნატო ვაჩნაძის ფოტოს ფილმიდან "უკანასკნელი ჯვაროსნები". კოლექციაში დაცულია ასევე შუშის ნეგატივები, რომლებზეც აღბეჭდილია კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, მწერალი შალვა დადიანი და მსახიობი სერგო ზაქარიაძე.

გიორგი კალანდია (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი): "ყველა ეს ფოტო არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი შეეხება გალაკტიონ ტაბიძეს. დამეთანხმებით, რომ ისეთ დიდ სახელთან, როგორიც გალაკტიონია, დაკავშირებული ყველა ნივთი თუ მემორიალური ფოტო ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვან როლს იძენს. ეს ფოტოები ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ფოტოს მინაწერი აქვს რომ ეს არის საცდელი ვარიანტი, ანუ ეს ფოტოები არ დაბეჭდილა და შესაძლოა, ორი გარემოების გამო - პირველი იმის გამო, რომ ვიღაცას დაავიწყდა, რაც ნაკლებ სავარაუდოა და მეორეც, შესაძლოა საბჭოთა ცენზურის მიერ იქნა დაწუნებული. ეს უკანასკნელი ვარიანტი უფრო სავარაუდოა, რადგან ამ ფოტოებზე გალაკტიონი პოზირებს და არ იმყოფება საბჭოთა მწერლის იკონოგრაფიაში.

KvirisPalitra.Geის ერთგან ლექსს წარმოთქვამს, მეორეგან ჩიბუხით არის გადაღებული, კიდევ სხვაგან აკაკის საფლავთან დგას, კიდევ ერთ ფოტოზე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჩანს, საბჭოთა ცენზურამ ეს ფოტოები დაიწუნა, რადგან მოგეხსენებათ, როგორ უღებდნენ საბჭოთა მწერლებს ფოტოებს. აქედან გამომდინარე, ამ ფოტოებმა ჩვენთვის შეიძინა ორმაგი მნიშვნელობა - ეს არის გალაკტიონის უცნობი ფოტოები და გალაკტიონი ამ ფოტოებზე არის ძალიან უჩვეულო, იშვიათად გვინახავს ასეთი გალაკტიონი. აქედან გამომდინარე, ეს ფოტოები ამ მუზეუმისთვის ძალიან ძვირფასი შენაძენია.

- როგორც ვიცი, გეგმავთ, რომ ფოტოები გამოფინოთ და ფართო საზოგადოებას მისცეთ მათი დათვალიერების საშუალება...

- ამ ფოტოებს 18 მაისს პირველად გამოვფენთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში. ეს იქნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ჩვენი შენობის რეაბილიტაცია და როდესაც გაიხსნება ფოტოგამოფენის დარბაზი, ეს ფოტოები თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

ეს კოლექცია აქ ვერ მოხვდებოდა, რომ არა კომპანია "ბილაინი". სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ კომპანია "ბილაინთან" ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს. როგორც კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდება, რაც არ უნდა დაიკარგოს და შეუნარჩუნდეს ხალხს როგორც ეროვნული საგანძური, ჩვენ მაშინვე ვუკავშირდებით კომპანია "ბილაინის" წარმომადგენლებს და ისინიც ყოველთვის მზად არიან, ქველმოქმედების სამსახურში იყვნენ.

- საინტერესოა, თუ იცოდნენ ამ ფოტოების არსებობის შესახებ გალაკტიონ ტაბიძის ნათესავებმა?

- ეს ფოტოები კერძო პირმა მოგვიტანა და გვითხრა, რომ ეს იყო გამოუქვეყნებელი ფოტოები, თუმცა ამაში ზერელედ დარწმუნება საკმაოდ რთულია. ჯერ ამ ფოტოებმა გაიარა ჩვენი შემსყიდველი კომისიის საექსპერტო დასკვნა და მიჩნეული იქნა, რომ ნამდვილად ღირდა მათი შესყიდვა. შემდეგ ფონდების მთავარმა მცველმა თავისი შემოწმების ქვეშ გაატარა ფოტოები და მანაც მიიჩნია, რომ ეს ფოტოები უნიკალურია. შემდეგ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს ფოტოები გვეჩვენებინა ფაქტობრივად ექსპერტისთვის გალაკტიონის ცხოვრებისა და მისი შემოქმედების, მისი ძმისშვილისთვის, ბატონი ნოდარ ტაბიძისთვის. მან ერთ-ერთ ფოტოზე თქვა კიდეც: თუნდაც ამ ერთი ფოტოს გულისთვის ღირდა მთელი კოლექციის ყიდვაო. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი ფოტო - გალაკტიონი აკაკის საფლავთან, ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, დანარჩენი კი სრულიად უცნობია.

თეონა ბაღდავაძე (კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): "მუზეუმის თხოვნით ეს კოლექცია კერძო კოლექციონერისგან შეიძინა "ბილაინმა". ეს არის უნიკალური ფოტოები. მე პირადად განცვიფრებული დავრჩი ამ ფოტოების ხილვისას. მათზე აღბეჭდილია გალაკტიონის ცხოვრების ღირსშესანიშნავი წუთები, მაგალითად აკაკის საფლავთან გადაღებული ფოტო, ან ფოტო, რომელზეც გალაკტიონი მთაწმინდის პარკშია გადაღებული, ან ფოტო, რომელზეც პოეტი თავის ლექსს კითხულობს. ჩვენ მადლიერები ვართ მუზეუმის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ასეთ საქველმოქმედო საქმეში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ამ ფოტოების სახით ქართველმა ხალხმა პოეზიის კიდევ ერთი საგანძური შეიძინა."

R