"ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია" - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ? - კვირის პალიტრა

"ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია" - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ?

ავიაკომპანია Georgian Airways-ის "თბილისი-სანკტ-პეტერბურგის"რეისზე ბომბს ეძებენ. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი "სოვა"მგზავრზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტ "პულკოვოს" ჩამოფრენის ტერმინალთან შორიახლოს დაჯდა.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, საავარიო ან სათადარიგო ბილიკია. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველამ გასასვლელისკენ გავიწიეთ, მაგრამ ბორტგამცილებლებმა გაგვაჩერეს. გვითხრეს, რომ ჩატარდება შემოწმება. ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან გავფრინდით. ჩვენ სამჯერ შეგვამოწმეს - "ეფ-ეს-ბემ", კინოლოგებმა და კიდევ ვიღაც ფორმიანებმა. ახლა ველოდებით ბარგის შემოწმებას. თითქოს ყველაფერი რიგზეა", - განუცხადა პორტალს თვითმფრინავის მგზავრმა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის"გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, პეტერბურგში, აეროპორტ "პულკოვოს" აეროპორტში შევიდა ანონიმური შეტყობინება, რომ პეტერბურგი-თბილისის რეისზე შესაძლოა ყოფილიყო რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა.

”ამის გამო მოხდა რეისის შეფერხება. აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ხელახლა შეამოწმა თვითმფრინავი, ბარგი. ამ ეტაპზე მგზავრებმა გაიარეს ხელახალი სკანირება. საბედნიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამოდენიმე წუთში რეისი გამოფრინდება”,- განაცხადა გივი დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"