"მეზობელმა ქვეყანამ საზღვარი გადმოსწია, ამ ვითომ ვაჟკაცებს პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ და ორ-სამ უცხოელს დასდევენ" - ვის ან რას ემსახურება "ქართველთა მარში"?! - კვირის პალიტრა

"მეზობელმა ქვეყანამ საზღვარი გადმოსწია, ამ ვითომ ვაჟკაცებს პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ და ორ-სამ უცხოელს დასდევენ" - ვის ან რას ემსახურება "ქართველთა მარში"?!

"სააკაშვილის ავადმყოფურ ტვინში მოიხარშა ეს სისულელე და "ნაციონალური მოძრაობის" დაავადებული და მოღალატე წარმომადგენლები ავრცელებენ ჭორებს იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 ივლისს თბილისში "ქართველთა მარში" გაიმართება.

"ვისაც სამშობლოსთვის გული გიძგერთ!!! ან ჩვენ ან ისინი!!!... 14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა (ირანელები, არაბები, აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!", - ეს არის ამონარიდი ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებიდან. კონკრეტულად რა მიზანი აქვს მარშს და რატომ გადაწყვიტეს მისი გამართვა, ერთ-ერთ ორგანიზატორს, სანდრო ბრეგაძეს დავუკავშირდით.

- "ქართველთა მარშის" მიზანი და მოთხოვნები იქნება: პირველი - აღსრულდეს ქართული სახელმწიფოს კანონმდებლობა და ჩვენი ტერიტორიიდან მოხდეს უცხოელი არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მეორე - დაიხუროს ყველა ის საეჭვო ტიპის დაწესებულება, სადაც არის ბავშვთა პროსტიტუცია, არალეგალური ბიზნესი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ., მესამე - მიიღონ კანონი, რომლის ძალითაც უკიდურესად გამკაცრდება უცხო ეროვნების ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

- ის მოთხოვნები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ახალი არაა, იგივე იყო მაგალითად იანვარშიც, დეკემბერშიც და მაშინ რატომ არ გამართეთ ეს მარში? ახლა, როცა ტურისტული სეზონი იწყება, ასეთი მარშის გამართვა ხომ არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ხომ არ ჯდება მეზობელი ქვეყნის ინტერესებში?

- სააკაშვილის ავადმყოფურ ტვინში მოიხარშა ეს სისულელე და "ნაციონალური მოძრაობის" დაავადებული და მოღალატე წარმომადგენლები ავრცელებენ ჭორებს იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. როგორ შეიძლება ამის უკან იდგეს რუსეთი, როცა ჩვენ პირველ რიგში, ოკუპაციის წინააღმდეგეები ვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს იმ ჭირისგან, რასაც ოკუპაცია ეწოდება. ეს არის ქართველთმოძულეთა და ავაზაკების გავრცელებული ჭორი იმისათვის, რომ შეასრულონ ის დავალება, რაც მათ აქვთ. მსგავსი აქცია გაიმართა ბირმინგემშიც, რომელშიც მონაწილეობა 50 000 ადამიანმა მიიღო, სადაც საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ. აქციები ასევე გაიმართა ლონდონში, პარიზში, ვარშავაში, კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში... ანუ რა გამოდის, ყველგან რუსული კვალია?! ესაა ნაძირალა სააკაშვილის მომხრეების მიერ აგორებული პიარი. ერთადერთი ვინც ამ მარშს ეწინააღმდეგება, არის "ნაციონალური მოძრაობა" და ბოკერიას პარტია, რომლებიც არიან მოღალატე ორგანიზაციები და ისინი კრიმინალებთან ერთად უნდა ჩაირეცხონ. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი დეპორტაცია ვერ მოხდება, თორემ პირადად მე, დიდი სიამოვნებით მოვახდენდი მათ დეპორტაციას.

- თქვენ ამბობთ, რომ ებრძვით ოკუპაციას. მაშინ როცა "მცოცავი ოკუპაცია" უკვე ტენდენციად იქცა, რატომ არცერთხელ გააპროტესტეთ ეს ფაქტი მშვიდობიანი მარშით? ან უშუალოდ კონფლიქტის ადგილას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება ან თუნდაც შვეიცარიის საელჩოსთან, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველოში.

- მაშინ როდესაც სახლში წამოწოლილები ბულკებს ჭამდნენ, მე და ჩემი მეგობრები იარაღით ხელში ვიცავდით სახელმწიფო ინტერესებს, სხვათაშორის 2008 წელსაც. იქ კივილ-წივილი და უაზრო ქმედებები კი არ უნდა, არამედ ჭკვიანურად დაგეგმილი აქციები და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ადამიანებს რომლებიც იარაღით ხელში ჩვენს სამშობლოს ვიცავდით, ნურავინ გვეტყვის, რომ ოკუპაციას არ ვაპროტესტებთ.

- ბატონო სანდრო, გასაგებია თქვენ იბრძოდით, მაგრამ თქვენთან ერთად არის ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც არავითარი ფორმით არ აპროტესტებენ ოკუპაციას და არც თქვენსავით იბრძოდნენ.

- მცოცავ ანექსიას აქცია არ სჭირდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის რაც გასაკეთებელია. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, კონიაკის დასალევად კი არ უნდა იყოს, არამედ იქ უნდა დაისვას რეალური პრობლემები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს და ყველა იმ სტრუქტურამ რომელსაც ეს ევალება. ჩვენ კი ბატონო, დავძრავთ "ქართველთა მარშს" გორის რაიონისკენ, მაგრამ ამას შედეგი არ ექნება, შედეგი ექნება ხელისუფლების ქმედებას.

- ის, რა მოთხოვნებიც აქვს "ქართველთა მარშს", მისი შესრულებაც ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული, ანუ პრიორიტეტი ეს უფროა ვიდრე "მცოცავი ოკუპაცია", რადგან ამის შეხსენება გადაწყვიტეთ ხელისუფლებისთვის?

- პრიორიტეტია ქართული სახელმწიფოს დაცვა, ყველა სხვა ქვეყნის აგრესიისგან და კრიმინალების შემოტევებისგან. ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფერი, არის სახელმწიფოს გასაკეთებელი, მაგრამ არის თემები, რომელიც შესაძლოა გადაწყვიტოს საზოგადოებამ, მაგრამ არის თემები რომელსაც ხალხი ვერ გადაწყვეტს. პირდაპირ გეტყვით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომი სისულელედ მიმაჩნია, მაგრამ ეფექტური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში იქნება პრინციპული და რადიკალური პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აგრეთვე ის პრინციპული პოზიცია რაც უნდა დააფიქსიროს შესაბამისმა ორგანოებმა. მიგვიშვით საგარეო საქმეთა სამინისტროში და განახებთ თუ როგორ შევაჩერებთ "მცოცავ ოკუპაციას". ჩემი აზრით, შვეიცარიის საელჩოსთან მისვლა და რაღაც ფლეშმობების მოწყობა არის პოლიტიკური იმპოტენცია, რომელსაც შედეგები არ მოაქვს. ვფიქრობ, ბევრად უფრო ეფექტური იქნება, თუ ჩვენ მივალთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, აბაშიძესთან და მათგან მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

- და მათთან რატომ არ მიდის "ქართველთა მარში" ?

- ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოვახდინოთ.

- თუმცა ისეთი დიდი მარში, რასაც 14 ივლისს გეგმავთ ჯერ არ გქონიათ...

- არაა საჭირო და იმიტომ. ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭიროა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიდნენ პრინციპული ადამიანიები, რომლებიც განახორციელებენ პრინციპულ დიპლომატიურ ზეწოლას. სხვანაირად გამორიცხულია პრობლემის გადაჭრა და ვართ იმ საშინელი რეალობის წინაშე, როცა ქვეყნის მთავარ მაგისტრალთან 400 მეტრში არიან ოკუპანტები.

ამავე თემაზე კომენტარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილ ხელმძღვანელს, გია ჭანტურიას ვთხოვეთ:

- მეზობელმა ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ, 500 მეტრით გადმოსწია საზღვარი და ამ ვითომ ვაჟკაცებს პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ და ორ-სამ უცხოელს დასდევენ (რომელიც ბუნებრივია, თუ დამნაშავეა აუცილებლად უნდა დაისაჯოს). მარშის მოწყობა იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, არის სისულელე. ამ ხალხს არანაირი პროტეტსის გრძნობა არ უჩნდება რუსეთის ქმედებაზე და არანაირი პროტესტის განცდა არ აქვთ იმ ისტორიულ ფაქტებზე, სადაც ჩანს თუ რას უშვრებოდნენ და რას უშვრებიან რუსები ქართულ მიწას და საქართველოს. ესენი არიან ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანები, რომლებიც ვერ უბედავენ რუსებს ვერაფერს, სამაგიეროდ ჩაგრავენ და ხმას იღებენ იმის წინააღმდეგ ვინც შეუძლიათ რომ დაჩაგრონ. ეს ჩვეულებრივი მშიშარა, მხდალი ადამიანების ფსიქოლოგიაა. ეს ადამიანები ჩინელს გალახავენ იმის გამო, რომ მის ეზოში ხახვი დარგო, თუმცა კანონის დაცვით, მაგრამ რუსმა რომ მთელი ეზო წაართვას და ათასი სისაძაგლე დამართოს, ამაზე ხმას არ ამოიღებენ. რუსი რომ სახლში შემოუვარდეს და საძინებელში დაუსახლდეს ხმას ვერ გასცემენ, სამაგიეროდ სხვა, უბრალო მიზეზის გამო, შეუძლიათ დაჩაგრონ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთიდან იმართება, რადგან ზუსტად ემთხვევა მათ ინტერესებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)