"გაცოფებულ ზღვას მხოლოდ ხრეში დაიჭერს?" - კვირის პალიტრა

"გაცოფებულ ზღვას მხოლოდ ხრეში დაიჭერს?"

"თითქმის ნახევარი საუკუნე გემბანზე გავატარე, ღია ზღვაში ტყვედაც ჩავვარდნილვარ და ნამდვილ მეკობრეებსაც გადავყრივარ"

ივლისიდან ზღვის სეზონი ძალას მოიკრებს. მოაგარაკეც ნელ-ნელა მოემატება სანაპიროს. გადავწყვიტე, კეთილმოწყობილი პლაჟებისთვის გვერდი ამევლო და იმ ადგილებს მივაშურე, რომლითაც ყველაზე ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ოჯახების სტუმრები სარგებლობენ. სუფსის ხიდს გადავედი თუ არა, ძველი თაობის "მარიაკს" (როგორც თავად უწოდა საკუთარ თავს), ახლა სიმინდის დამტარებელს, გრიგოლეთელ ვასილ გაბოძეს შევხვდი, რომელმაც აქაურების გასაჭირზე მიამბო.

- სადღაა განთქმული გრიგოლეთის ფიჭვნარი. სანაპიროზე ლამი ეყარა, მაგნიტურ ქვიშაში ბავშვები თამაშობდნენ, ძვალ-რბილს იმაგრებდნენ... მთელი სიცოცხლე ზღვაში გავატარე, მეგონა, მხოლოდ მე ვართმევდი ზღვას დოვლათს, ახლა კი სამაგიეროს მიხდის, მალე შეიძლება უსახლკაროდაც დავრჩე. ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით მოგვეპარა ზღვა, ზოგს ნაკვეთი წაართვა, ზოგს ეზო. ყოველ წელს რამდენიმე მეტრით გვიახლოვდება ზღვა. ქვიშის მომპოვებელი კარიერები მდინარეთა ხეობებიდან წყალს ზღვაში ქვიშის ჩამოტანას არ აცდიან, არდა, ქვიშა ბუნებრივი სამაგრიცაა, მიწას გამორეცხვისგან იცავს. ერთი წლის წინ გრიგოლეთის სანაპირო მოიხრეშა, ვიფიქრეთ, ნაპირებს ამაგრებენ და გვეშველაო, ზოგმა ისიც თქვა - ნავსადგურის აშენება უნდათ და სანაპიროებსაც მოაწყობენო. თუ სანაპიროს გამაგრება უნდათ, ხრეშთან ერთად ქვიშაც უნდა ჩამოეტანათ და ხრეშზე გაეფინათ. გაცოფებულ ზღვას მხოლოდ ხრეში დაიჭერს? ზღვა თავად მოიტანს ქვიშასო, - დაგვაიმედეს. ისე არ აუდგა გვერდები ჩვენს მტერს, ზღვას იქით მიაქვს ჩვენი სარჩო-საბადებელი.

ასეულობით მილიონი ხომ არ დასჭირდება ერთი პატარა ზღვისპირა სოფლის სანაპიროს გაქვიშიანებას? მარტო ჩვენ კი არა, ყველა ის სოფელი, სადაც სანაპირო სავალალო მდგომარეობაშია, გვერდით დაუდგება ამ საქმეში სახელმწიფოს. 70-ს მივუკაკუნებ, მაგრამ პირობას ვდებ, ხელს წავახმარ მთავრობას ჩემი ნიჩბით. შარშან დამსვენებელი ყირამალა გადადიოდა ქვაღორღზე, წელს არ ვიცი, რა იქნება, ზღვის ნაპირას ვერ დაჯდები კაცი, მოვარდნილმა ტალღამ შეიძლება ქვაც გესროლოს. ქვასროლია ზღვა კი აბა, რომელ დამსვენებელს მოეწონება? იმიტომაც გაუკაცრიელდა აქაურობა. აღარავინ ჩამოდის. გაუყიდავი სიმინდი იმდენი მრჩება, მთელ ოჯახს მეორე დილამდე გვყოფნის, შევწვავთ ხოლმე და შევექცევით, სხვა რა დაგვრჩენია.

- ზღვაოსნობის ამბავიც მომიყევით.

- თითქმის ნახევარი საუკუნე გემბანზე გავატარე, ღია ზღვაში ტყვედაც ჩავვარდნილვარ და ნამდვილ მეკობრეებსაც გადავყრივარ. კარიბის ზღვის კუნძულებზე რამდენიმე თვე მოგვიწია გაჩერებამ, მებადურებმა სათევზაოდ გამიყოლეს. ბადეები მდინარისა და ზღვის შესაყართან ედგათ, ყველა გაგლეჯილი დაგვხვდა. მომდევნო დღეებშიც იგივე განმეორდა. როცა მიზეზი ვიკითხე, კუნძულელებმა სიცილით მითხრეს, - ზღვის ღმერთია ჩვენზე გამწყრალი, სანამ ზღვას რომელიმე უცხოტომელს არ შევწირავთ, მანამ ასე გაგრძელდებაო. რომ ვერ შემაშინეს, მერე სიმართლე მითხრეს - ყველაფერი ზღვის კაიმანების ბრალიაო. ეს თევზი ჯავშნიანია, რომლის სიგრძე ხშირად 4-5 მეტრსაც აღწევს. ქერცლი ისეთი მტკიცეა, რომ მართულბადეების გაწყვეტაც კი შეუძლია. მაგათზე ჭკვიანი თევზი მთელ ოკეანეთში არ ბინადრობსო, ნავებსა და თევზსაჭერ გემებსაც კვალში მისდევენ, უცდიან ბადის თევზით ავსებას. როდესაც ბადე დამძიმდება, შეესევიან, ბადეებსაც აფუჭებენ და "თანამოძმეებსაც" შველიანო...

ეს ამბავიც იქნებ მოცლილი მეზღვაურების მოგონილია, მაგრამ რაღა მავთულის ბადეებზე იმტვრევდნენ ის დალოცვილები ცხვირ-პირს, როცა კუნძულის მტკნარი წყლები სავსე იყო თევზით?

დავემშვიდობე მოხუცს, რომელსაც აქეთ ედავება მშფოთვარე სანაპირო. დავემშვიდობე იმ იმედით, რომ ვინმე კეთილი ადამიანი გამოუჩნდება შეწუხებულ მოსახლეობას, სანაპირო ზოლს თავისი საქმით შეეშველება და ხალხს ფეხზე დააყენებს.

კახა მჭედლიშვილი