ჭადრაკის უნიკალური ნიმუშები
10-07-2017
ჭადრაკის უნიკალური ნიმუშები
სპეციალისტების აზრით, ეს ჭადრაკი XVI-XVII საუკუნეების საწყის პერიოდს განეკუთვნება. ეს აღმოსავლური უნიკალური ნაკეთობა სპილოს ძვლის 32 ფიგურისაგან შედგება და თითოეული განსხვავდება ფორმით, ფერითა და ზომით

საჭადრაკო კომპოზიციაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დავით გურგენიძე ორმოცამდე წიგნის ავტორია. მათ შორის "ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში" იგი გვიამბობს: "დადიანების სასახლეთა მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის (1850-1910) სხვა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია მისი ჭადრაკი, რომელიც სპეციალურად დაუკვეთეს ევროპაში. ის ერთადერთი ეგზემპლარია. დაფა გაფორმებულია სადაფით, ფიგურები
კი სპილოს ძვლისგან არის გაკეთებული.

ჭადრაკი "ვეფხისტყაოსნის" მოტივებით


ძვირფას ჭადრაკებს შორის მოხვდა მხატვარ ია გიგოშვილის შექმნილი ჭადრაკი, რომლისთვისაც ხელოვანმა ვერცხლი, შავი და თეთრი მარმარილო და ალმასები გამოიყენა. "მინდოდა, ჭადრაკში "ვეფხისტყაოსნის" მოტივებიც შემეტანა... სხვათა შორის, ჩემს გამოფენას, რომელიც ორი წლის წინ გავმართე, "თამარის მზითევი" დავარქვი. საქართველოში,
მოგეხსენებათ, ტრადიცია გვქონდა, ქალს მზითევში "ვეფხისტყაოსანსა" და ჭადრაკს ატანდნენ. ჭადრაკი ცხოვრებისეული თამაშია, ბევრ რამეს გვასწავლის - სიბრძნეს, მოთმინებას, სტრატეგიას... ჩემ მიერ შექმნილი ჭადრაკი უფრო შუა საუკუნეების სტილშია შესრულებული"... - ამბობს ია გიგოშვილი.

3 მილიონად შეფასებული უძვირფასესი ჭადრაკი

"აჭარის სახელმწიფო მუზეუმის სპეციალურ საცავში დაცულია ჭადრაკი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ბათუმის საბაჟოს თანამშრომლებმა ჩამოართვეს პირს, რომელიც გაგრიდან ისრაელში მიემგზავრებოდა. ჭადრაკი დეკლარაციაში აღნიშნული არ იყო.

"კვირის პალიტრაში" (18-24 დეკემბერი, 2000 წ.) საბაჟოს მაშინდელი უფროსი ნოდარ დუმბაძე ასე იგონებს შემთხვევას: "ჭადრაკი გულდაგულ დავათვალიერეთ და დავასკვენით, რომ ფიგურები მრავალი საუკუნის წინ უნდა იყოს დამზადებული... ყოველი დეტალი საოცარი სინატიფითაა გამოკვეთილი. ეს მართლაც უმაღლესი დონის ხელოვანის ნამუშევარი უნდა იყოს". ჭადრაკი აჭარის მუზეუმს გადაეცა, სადაც თითოეული ფიგურა 100.000 მანეთად შეაფასეს, რამაც ჯამში სამი მილიონ ორასი ათასი­ შეადგინა. სპეციალისტების აზრით, ეს ჭადრაკი XVI-XVII საუკუნეების საწყის პერიოდს განეკუთვნება."

ნანა ქორიძე, მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი: -
ჭადრაკი აღმოსავლური უნიკალური ნაკეთობაა (სავარაუდოდ, ჩინური). სპილოს ძვლის 32 ფიგურა ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ფერითა და ზომით და არც ერთი ფიგურა არ მეორდება, განსხვავდებიან სახეებით, ჩაცმულობით, ზომებით. ჭადრაკის ფიგურებში კარგად ჩანს როგორც საბრძოლო, ასევე ყოფითი სტილი: არიან ცხენოსნები ფართოფარფლიანი ქუდებით, ხელში საბრძოლო ცულებითა და შუბებით, ფლეიტაზე დამკვრელები,­ ბუდისტი ბერები, ღვინის დამტარებლები, გლეხები კალათებით..

ჩვენი ინფორმაციით, ჭადრაკის მეპატრონე იყო აფხაზეთში მცხოვრები ებრაელი, რომელიც 1970-იან წლებში გადავიდა ისრაელში საცხოვრებლად. ჭადრაკი შეძენილია ლენინგრადში, შემთხვევით, ბაზრობაზე. 2007 წელს მუზეუმს სტუმრობდა ჭადრაკის ყოფილი მეპატრონის ქალიშვილი, რათა დარწმუნებულიყო, მუზეუმში ნამდვილად ინახებოდა თუ არა. მისივე ინფორმაციით, ჭადრაკი 400 წლის წინ უნდა ყოფილიყო დამზადებული.

მანანა გაბრიჭიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით