საქართველოსა და ბრიტანეთის მუზეუმებში დაცული ძვირფასი ქართული ყელსაბამები - კვირის პალიტრა

საქართველოსა და ბრიტანეთის მუზეუმებში დაცული ძვირფასი ქართული ყელსაბამები

ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ყელსაბამს სხვა ძვირფას ქვებთან ერთად ბრილიანტებიც ამშვენებს. ბრიტანეთის მუზეუმში შედგენილი აღწერილობის თანახმად, ჯვარი სანაწილეა და მასში ჩაბრძანებული იყო წმინდანის ნაწილი, რომელიც დღეს დაკარგულია

უცხოეთის მუზეუმებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ბრწყინვალე ნიმუშია დაცული. არცთუ იშვიათად, ისინი აუქციონებზეც ხვდება. 2014 წლის 9 ივლისს "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა ძვირფასი თვლებით შემკული და მინანქრით გაფორმებული, ქართული წარმომავლობის გულსაკიდი ჯვარი ვარდულებიანი ყელსაბამით (გვიანი XVII საუკუნე). ის აუქციონის კატალოგში ასე არის აღწერილი: "ოქროს გულსაკიდი ჯვარი სამყურა დაბოლოებებით, შემკული ზურმუხტით, ლალებითა და საფირონით, ჯვრის ცენტრის ირგვლივ დამაგრებული მარგალიტებით. მწვანე მინანქრით დაფარული და ლალებით გაფორმებული ვარდულებისგან აწყობილი ყელსაბამი".

ჩვენამდე ოთხმა ასეთმა ყელსაბამმა მოაღწია. ერთი - სოთბის აუქციონზე გაიყიდა, ორი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და ერთიც ბრიტანეთის მუზეუმს ამშვენებს. ჯვარი და მისი ყელსაბამზე დამამაგრებელი რგოლი ორთავიანი არწივის გამოსახულებით სამ სამკაულში იდენტურია, ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ყელსაბამში კი არწივი მტრედით არის ჩანაცვლებული.

ლადო მირიანაშვილი, ისტორიკოსი: - აუქციონზე გაყიდული ყელსაბამის თავდაპირველი მფლობელი გახლავთ სოფიო ნაკაშიძე-დადიანისა. იგი ნიკოლოზ დადიანის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს სოფიო ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1924 წელს მისი ვაჟი დაქორწინდა და სოფიო ნაკაშიძემ რძალს საქორწილო საჩუქრად თავისი ყელსაბამი უსახსოვრა. ოქრომჭედლობის ეს ბრწყინვალე ნიმუში""სოთბის" აუქციონზე სოფიოს მემკვიდრეებმა გაიტანეს, რომელიც 74.000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

მტრედისგამოსახულებიანი ყელსაბამი ბრიტანეთის მუზეუმისთვის ოლივერ უორდროპის ქალიშვილს, ნინოს შეუწირავს, მას კი ეს ძვირფასი სამკაული საქართველოს ქალთა საზოგადოებამ უსახსოვრა.

ლადო მირიანაშვილი: - ოლივერ უორდროპის დიდი ბრიტანეთის მისიაში მუშაობის დროს, კერძოდ, 1920 წლის 10 იანვარს, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დე ფაქტოდ აღიარეს. ამ მოვლენით გახარებულმა ქართველმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს, ოლივერ უორდროპისთვის, მადლიერების ნიშნად ოქროს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, 130.000 მანეთის ღირებულების ყელსაბამი ეჩუქებინათ. იმის გამო, რომ უცხოელ დიპლომატს ასეთ ძვირფას საჩუქარს პირდაპირ ვერ შესთავაზებდნენ, საჩუქრის მირთმევა ნინოობას დაამთხვიეს (14 იანვარს ნინოობა იყო, ოლივერის მცირეწლოვან ქალიშვილს კი ნინო ერქვა), მიმღებად კი გოგონა გამოაცხადეს.

ყელსაბამის საყიდლად შემოწირულობები რომ შეეგროვებინათ, სახელდახელოდ ქალთა საზოგადოება დააარსეს და თავმჯდომარედ ელისაბედ ორბელიანი აირჩიეს. ის თბილისში 1919-1920 წლებში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის, The Georgian Messenger-ის გამომცემელი იყო. ქალთა საზოგადოებამ ყელსაბამი შეიძინა და უორდროპს მისი გოგონასთვის გადასაცემად მიართვა. The Georgian Messenger-ის სტატიაში საჩუქარი "წმ. ნინოს ძველებურ ჯვრად" იწოდება.

მანანა გაბრიჭიძე