ფერადი მოგონებები მზიანი ველიდან - კვირის პალიტრა

ფერადი მოგონებები მზიანი ველიდან

"სოციალური ინკლუზია" საჭიროების მქონე ბავშვებს დამოუკიდებლობას აჩვევს, სთავაზობს იმ აქტივობებს, რაც მათ სოციალურ ყოფაში ჩართვას შეუწყობს ხელს

სერგი, მარიამი, ანანო, ალექსანდრე - ეს ბავშვები დაუნის სინდრომით დაიბადნენ და სამყაროს ათბობენ. არადა, იყო დღე, როცა მათმა დაბადებამ მშობლები ცოტათი შეაშინა - ბევრმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა უნდა გაეკეთებინა განსაკუთრებული საჭიროების ბავშვისთვის, რათა ცხოვრების გზაზე გაეყვანა. ბოლო ხანს უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვინც მათ ეხმარება.

- "პორტიჯის ასოციაციისა" და 21-ე საჯარო სკოლის გარეშე, სადაც ჩემი შვილი სხვა განსაკუთრებული საჭიროების და ტიპური განვითარების ბავშვებთან ერთად დადის, ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა - მეუბნება სერგის დედა, ჩემი მეგობარი მარინა ღონღაძე და სწრაფად მივაბიჯებთ ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისკენ - სერგის ერთი სული აქვს, ვიდრე იქ მივა, დღეს მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სასეირნოდ მიდის... უფრო დამოუკიდებელი და შემართებული გახდა, სკოლაში მისვლაც უხარია. სკოლის მნის დანახვაზე სახე ებადრება და სიხარულით ესალმება".

შენობაში შევდივართ. აქაურობას ბავშვების ყიჟინი ავსებს. იქ თამარ უჩანეიშვილს ვხვდები და ვეკითხები, - რა არის "პორტიჯი"-მეთქი.

- ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განვითარების პროგრამა "სოციალური ინკლუზია", განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ეხმარება, რათა მათ დამოუკიდებლობასა და სოციალურ აქტიურობას შევუწყოთ ხელი, შევთავაზოთ ის აქტივობები, რაც მათ სოციალურ ყოფაში ჩართავს. მაგალითად, მშობლის გარეშე ბიბლიოთეკა-მედიათეკაში ჩაწერა, ფილმის შერჩევა, კინოს ბილეთის ან სუპერმარკეტში პროდუქტის ყიდვა. პროექტი მაკლეინის საზოგადოებამ დააფინანსა, - მეუბნება თამარი და ბავშვებთან ერთად ხელჩაკიდებული მიდის პიკნიკზე. მარინა კი სერგის მეგობრების მშობლებს მაცნობს.

- ამ ინსტიტუტში აღზრდილი თითქმის ყველა ბავშვი 21-ე საჯარო სკოლაში დადის, - მეუბნება ანანოს დედა, რომელიც თავადაც მასწავლებელია - უნდა ნახოთ, როგორ ზრუნავენ პედაგოგები ჩვენს შვილებზე, როგორ უხმაუროდ აგვარებენ პრობლემებს...

- უამათოდ არც ვიცი, რა უნდა გამეკეთებინა, მხარში ამომიდგნენ, ჩემი შვილი უკეთესობისკენ შეცვალეს... ხომ არაფერი დაშავდება, სამი ადამიანი რომ მაინც დავასახელო? - მეკითხება ჩემი მეგობარი და პასუხს არც კი უცდის, ისე მაცნობს 21-ე სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის და პედაგოგების: ნინო ქევხიშვილისა და ლია კილასონიას სახელებს - ხალხს, რომელიც სიკეთეს უანგაროდ აკეთებს, ყველა უნდა იცნობდეს!

საღამოს ბავშვები დაბრუნდებიან და თან ფერად მოგონებებს წამოიღებენ, სერგი კი, - რაიმე სახსოვარსაც. ხოლო საღამოს გახუხული პურით, ჩხირებითა და ლიმონათით ეზოს ბავშვებს თავად მოუწყობს პიკნიკს.

- ამას წინათ ტილოები ამოალაგა კამოდიდან და ეზოში მაგიდაზე გაშალა, ზედ პიკნიკიდან წამოღებული…ჩხირები დააწყო, მეც დამამატებინა ნუგბარი და ბავშვებს დაუძახა, - მოდით, ვიპიკნიკოთო. ასე გამამართვინა ლხინი, - იღიმება ჩემი მეგობარი და უცებ სახე ეღრუბლება: - ესეც დაწერე:

მართალია, ხალხს გული ძალიან გაუთბა ჩვენი ბავშვების მიმართ, მაგრამ ზოგი მაინც ვერ ხვდება, მათ რა ადარდებთ. ტრანსპორტში ვინმე ზედმეტი ცნობისმოყვარეობით რომ მიაშტერდება, ბავშვები სახეს მალავენ. ერთხელ ვიღაც ქალმა მკითხა, - ამ ბავშვის მამა ჩინელიაო? ალბათ, დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელი თვალების გამო. პასუხი საჭიროდ არ ჩავთვალე, სერგიმ კი მითხრა, - არაფერია, დედა, ამ ქალმა ეს ისე თქვა, შენ ნუ იდარდებო... დედისთვის შვილები ღვთის საჩუქარია და ამქვეყნად მათი ფასი არავინ არის.

ეთერ ერაძე