"ორი უბანი წარმოადგენს თბილისის ელიტას?!" - კვირის პალიტრა

"ორი უბანი წარმოადგენს თბილისის ელიტას?!"

"სულ ვამბობ, არ ვარ თბილისელი-მეთქი, მაგრამ ბარე ორი თბილისელი გამეჯიბროს ჩემი ქალაქის სიყვარულში"

"ბევრი პოლიტიკური პარტია მირეკავდა, პოლიტიკურ-სააგიტაციო კონცერტებში რომ მიმეღო მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი. პოსტიც დავწერე სოციალურ ქსელში, დროშებით, ლოგოებით და "ხმა მომეცის" ძახილით კონცერტზე გამოსვლა არ მინდა, გმადლობ-მეთქი"

ინტერვიუ კარალეთის დღეების გახსენებით დავიწყეთ... ვისაუბრეთ ე.წ. საზღვრისპირა სოფლების ყოფაზე, ჩვენს დედაქალაქზე... მოკლედ, ყველასთვის საყვარელ მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ.

- ჩემი ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებები იმ ტერიტორიას უკავშირდება, რომელსაც დღეს ე.წ. საზღვრისპირად მოიხსენიებენ. კარალეთში ჩემი დილა მამლის ყივილითა და ქათმების კრიახით იწყებოდა, ბებია და პაპა ყველაზე ადრე იღვიძებდნენ. ისმოდა შეშის ჭრის ხმა, გადაძახილები ეზოდან ეზოში... გვყავდა 4 ძროხა, სხვადასხვა წვრილფეხი, ქათმები, იხვები, ნახირშიც წავსულვარ. მოთხრობაც მაქვს დაწერილი, სადაც ის დილა მაქვს აღწერილი, რომელიც ნახირში წასასვლელად მზადებით იწყება. მე და ჩემი ძაღლი გაფაციცებული ვიყავით, რომ პაპა უჩვენოდ არ გაპარულიყო. პაპაჩემის სამუშაო იარაღების გვერდით ყოველთვის ელაგა ჩემი პატარა იარაღებიც. მომწონდა და მეხალისებოდა მიწის ჩიჩქნა.

სოფელში ორ კვირაში ერთხელ ჩავდივარ, ხან შერბენით, ხან დარჩენით, იქ ხომ ყველაზე ძვირფასი ადამიანები მეგულებიან... გასულ ზაფხულს დიდი ხანი გავატარე - სახურავი იყო გამოსაცვლელი და წყალი გასაყვანი.

- მშობლებზეც მიამბეთ?

- იმ დროს თბილისსაც უჭირდა, მაგრამ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო, ხშირად სკოლაშიც ვერ მივდიოდით. "ტანკებმა უნდა გაიარონ, სკოლაში არ გაუშვათ ბავშვები!" - ჩამოივლიდნენ და მეგაფონით გამოაცხადებდნენ. შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. დღეს იმავე ინტენსივობით ვეღარ ვკითხულობ, ძილის წინ გადავშლი და ჩამომეძინება...

მამა ფოლკლორისტია, ძალიან კარგად მღერის. ჩემი პირველი მასწავლებელიც ის იყო. დედა ტექსტებს წერს. ჩვენი ეზოდან სულ სიმღერა ისმოდა. შინ სულ გაშლილი გვქონდა სუფრა. დღეს გახვალ და უცებ იყიდი მზა პროდუქტს, ახლა ვფიქრობ, რა ჯადოქრობას სჩადიოდნენ მაშინ დედაჩემი და ბებიაჩემი... ბებია სულ თონეში იყო ჩაკიდებული, დედა ღუმელს ვერ შორდებოდა.

მამა ორმაგი მოქალაქეა - რუსეთ-საქართველოსი, 15 წელია მიდი-მოდის. იქ პროფესიით მუშაობს.

- თქვენ არ გაგიხედავთ იქით?

- მამა სულ მთავაზობს და მე სულ ვპასუხობ, არა-მეთქი. ამ საკითხზე მე ჩემი პრინციპები მაქვს... მცოცავი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა. შეიძლება საქართველოში დაიძინო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიღვიძო. ყველა ამ ფაქტს უფრო აქტიურად გაშუქება სჭირდება.

მე და ჩემმა ძმამ კონცერტი გავმართეთ სოფელ ფლავისმანის სკოლის ეზოში, ეს ე.წ. საზღვრისპირა სოფელია. ერთი გენახათ, რა ერთსულოვნება და ხალისი იყო. ე.წ. საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან რეკავდნენ, ოსურებს არ იმღერებთო? მერე დაუცხვიათ ხაბიზგინები, დარაზმულან და წამოსულან, მაგრამ არ გადმოუშვეს. ჰოდა, მხოლოდ ხაბიზგინების გამოგზავნით დამთავრდა ეს ამბავი. ორივე მხარეს ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს, კეთილმეზობლობენ, ერთმანეთს ბავშვებს უნათლავენ...

- თბილისზე რას იტყვით?..

- სულ ვამბობ, არა ვარ თბილისელი-მეთქი, თუმცა, ბარე ორი თბილისელი გამეჯიბროს ჩემი ქალაქის სიყვარულში. ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვება კითხვას, უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი თბილისელი. პასუხად ისმის ათასნაირი განცხადება, ჩამოსულები, ამ უბნელები, ვიღაცა სამი თაობის ვაკელია... დედაქალაქის 2 უბანი წარმოადგენს ელიტას?! ერთმა თქვა, თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს, კარგად უნდა იცნობდეს ქალაქს, თბილისი უნდა სტკიოდესო.

სამშენებლო კომპანიის თბილისელი მფლობელი რომ ხარ და სპორტის სასახლესთან გინდა კიდევ ერთი სახლი დადგა, მაშინ არ გტკივა თბილისი?! ბეტონის ხროვას დაემსგავსა დედაქალაქი. ცალკე პრობლემაა გამონაბოლქვი. წლიდან წლამდე გადააქვთ სავალდებულო ტექდათვალიერების კანონი. კარგი ძვრები დაიწყო, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ძალაში შესვლა, ვფიქრობ, ქვეყნის ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

ბევრი პოლიტიკური პარტია მირეკავდა, პოლიტიკურ-სააგიტაციო კონცერტებში რომ მიმეღო მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი. პოსტიც დავწერე სოციალურ ქსელში, დროშებით, ლოგოებით და "ხმა მომეცის" ძახილით კონცერტზე გამოსვლა არ მინდა, გმადლობ-მეთქი...

რთულია, ჩვენს ქვეყანაში იყო ხელოვანი. ბევრი ბრძოლა გიწევს, რომ ჯერ თავი დაიმკვიდრო და მერე შეინარჩუნო. პარალელურად საზმაუწყებლის რადიოში ვმუშაობ, ეს კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, მსმენელს სხვა კუთხით გავაცნო თავი...

6-ზე ვიღვიძებ და ვიძინებ 2-ზე. დილით რადიოში ვარ, შემდეგ რეპეტიციები მაქვს ბენდთან ერთად. სტუდენტებისთვის ძალიან კარგ კონცერტებს ვაწყობთ. წელს თბილისის სკვერებში 15 კონცერტი გავმართეთ თბილისის სხვადასხვა უბანში. მოსახლეობა კითხულობდა, რა ხდებაო, არ სჯეროდათ, რომ შეიძლება კონცერტი ჩატარდეს მათი სიამოვნებისთვის, ჰგონიათ, სამაგიეროს მოსთხოვენ, ან ხმა მიეცით ვიღაცას, ან დაუმესიჯეთო...

მყავს ბენდი შ ბანდ, რომელთან ერთადაც საინტერესო მუსიკოსებთან მიწევს მუშაობა. ახლა მაკა ზამბახიძესა და ბუკა კარტოზიას სექსტეტთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე "ძველი თბილისი", სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტშიც ვარ ჩართული ჩემს ძმასთან ერთად.

- მავნე ჩვევა არაფერი გაქვთ?

- პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ... უფრო სერიოზულად რომ გითხრათ, არ ვეწევი, ცოტას ვსვამ, სუფრაზე საპარლამენტო მმართველობა გვაქვს, ოღონდ მრავალპარტიული. ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკა გადასახედია. მავნებელია თამაშებიც, რომელზეც ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია დამოკიდებული, განსაკუთრებით ინტერნეტთამაშებზე...

რამხელა ბილბორდიც უნდა დამიკიდონ, კაზინოში არ ვითამაშებ. ცხოვრება შენი მოწინააღმდეგეა. იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. ყველას გამარჯვებას გისურვებთ.

ეკა სალაღაია