ნუ ეხუმრებით მზეს! - კვირის პალიტრა

ნუ ეხუმრებით მზეს!

გარუჯვის მიზნით დამწვართა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. რა შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების გადაჭარბებულმა მიღებამ?

სანდრო ჩირინაშვილი, ონკოლოგი-ონკოქირურგი: - არსებობს სასიგნალო ხალები, რომელთაც ახასიათებთ ავთვისებიანობა ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მოხმარებით, ტრავმით, თერმულ-ქიმიური დაზიანებებითა და სხვა ფაქტორებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მზის ბოროტად გამოყენებას, ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბი ულტრაიისფერი სხივები განაპირობებს ხალში არსებული პიგმენტ მელანინის აქტივაციას და შესაძლო გადაზრდას მელანომაში (მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სიმსივნეა, რომელსაც მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა და ხშირად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს).

რატომ არ ზოგავენ თავს გასარუჯად და რატომ ითვლება ზაფხულში ბუნებრივი კანის ფერი არამოდურად? - ამ კითხვით მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს მივმართეთ: - პლაჟზე ან ძალიან ადრე გავდივარ, ან შუადღის 4 საათის შემდეგ. არ მიყვარს მკვეთრი ცვლილება გარეგნობაში.

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი: - ნამზეურის მოყვარული არა ვარ, მაგრამ მზეს არ ვემალები. ზღვაზე ვცდილობ, წესები დავიცვა, მაგალითად, დილიდან 11 საათამდე, შემდეგ 4 საათიდან მზის ჩასვლამდე. ყოველთვის ვიყენებ დამცავ კრემს.

ზედმეტი ნამზეური აღარ არის მოდური. ახლახან მოვიწვიეთ იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს დირექტორი, რომელიც მსოფლიოში წამყვან ტოპმოდელებთან თანამშრომლობს, ბევრი გოგონა დაათვალიერა და ყველა, ვინც მოეწონა, გააფრთხილა, არ გაირუჯოთო. პოდიუმზე არ არის ლამაზი მუქი კანისფერი.

როგორ დავწიოთ ტემპერატურა სახლში

როგორც კი ვერცხლისწყალი თერმომეტრზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, მოსახლეობის წინაშე ერთი საფიქრალი იჩენს თავს - როგორ დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს საცხოვრებელში. ამ საკითხზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი, შენობათა საინჟინრო აღჭურვის სპეციალისტი ნანი მეფარიშვილი სასარგებლო რჩევებს მოგვცემს:

- ძლიერი სიცხის დროს მზიან მხარეს აუცილებლად უნდა დაიხუროს ფანჯრები და სქელი ფარდებით დაიფაროს. თუ ფანჯრის გარედანაც ჩამოვაფარებთ ღია ფერის ფარდებს, რათა ფანჯრის მინები არ გაცხელდეს მზის სხივებით, უკეთეს შედეგს მივიღებთ.

- კონდიციონერის გამოყენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ოთახის ხშირი განიავება, რათა სახლში ჰაერი არ გამოშრეს და ნახშირორჟანგი არ დაგროვდეს. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, 18 გრადუსზე, არ შეიძლება კონდიციონერის რეჟიმის დაყენება, რათა ქუჩაში გამოსვლისას ტემპერატურული შოკი არ მიიღოთ.

- დღეში რამდენჯერმე სველი, გაწურული ტილოთი გავაგრილოთ იატაკი და ავეჯის ზედაპირი. ასეთ შემთხვევაში დაახლოებით 2 გრადუსით მაინც დავწევთ ტემპერატურას ოთახში.

- აუცილებელია, სააბაზანოში მოვუშვათ ცივი წყალი, რაც ჰაერს საგრძნობლად გააგრილებს. თუ წყლის მრიცხველის აქტიური მოძრაობა უარყოფითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე, მაშინ მხოლოდ აბაზანაში დაგროვილ ცივ წყალს დასჯერდით. სააბაზანოს კარი ღია დატოვეთ, რათა გაგრილებულმა ჰაერმა ნელ-ნელა მოიცვას მთელი სახლი.

- კარგ შედეგს იძლევა, თუ გამაგრილებელი ვენტილატორის წინ ყინულიან ჭურჭელს დავდგამთ, გამაგრილებელი შეუბერავს და ოთახში სასიამოვნო სიგრილე დატრიალდება.

- კარგია მაჯების ცივ წყალში დასველება ან სველი საფენის შემოხვევა. ასეთ დროს ორგანიზმში მოძრავი სისხლი გრილდება და თავს მხნედ ვგრძნობთ.

- კარგი იქნება, სიცხეს ზაფხულის დადგომისას კი არ ვებრძოლოთ, არამედ თადარიგი გაცილებით ადრე დავიჭიროთ. საქართველოში კარგი ტრადიცია იყო ფანჯრებსა ან აივანთან ვაზის დარგვა. ვაზის ფოთლები ზაფხულში საჩრდილობლად გამოდგება, ხოლო ზამთარში ფოთოლი ცვივა და მზე დაუბრკოლებლად შემოდის. იმავე დანიშნულებით სხვადასხვა დეკორატიული მცენარის გამოყენება შეიძლება.

ეკა სალაღაია