მაშინ კოტესაც ჰყავდა ოჯახი და სოფიკოსაც. თბილისში რა უნდა ჭორის გავრცელებას... - კვირის პალიტრა

მაშინ კოტესაც ჰყავდა ოჯახი და სოფიკოსაც. თბილისში რა უნდა ჭორის გავრცელებას...

არიან ადამიანები, რომლებიც იმ ადგილს, სადაც ცხოვრობენ, თავისებურად ალამაზებენ და განუმეორებელ ხიბლს ჰმატებენ. თბილისი ასეთი ადამიანებით მუდამ განებივრებული იყო...

ბევრი კოლორიტული წყვილია ამქვეყნად (ქართველიც და უცხოც). ორი ცნობილი პიროვნება თუ ხვდება ერთმანეთს ცხოვრების გზაზე, ამას უკვე "ბედნიერი შეხვედრა" ჰქვია. ალბათ, ძველი ქართული ფილმი გაგახსენდათ, არა? დიახ, ასეთი შეხვედრები მხოლოდ ფილმებში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც ხდება. ამ წერილის წყვილი კი ცნობილი მსახიობები - სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე არიან...

1985 წლის ზაფხულის ცხელიდღე იდგა.

ქალაქში ჩარჩენილი თბილისელები ფუნიკულიორზე გრილდებოდნენ. სანამ მზე მთის იქით გადაიწვერებოდა, ქალაქის ხვატს გარიდებულნი სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს... ამ პერიოდში ვის არ ნახავდით აქ - მსახიობებს, მოცეკვავეებს, პოლიტიკოსებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს. მოკლედ, თუ გაგრილება და ვინმეს ნახვა გინდოდათ, ფუნიკულიორზე უნდა ასულიყავით. მაშინ ის ცნობილი რესტორანიც ფუნქციონირებდა, რომლის ვერანდიდან თბილისი ხელის გულივით ჩანდა.

იმ საღამოს მე და ჩემმა მეგობრებმაც ფუნიკულიორზე ასვლა გადვწყვიტეთ. რესტორანში ისე შევედით, არც კი გვქონდა იმედი, რომ თავისუფალი ადგილი დაგვხვდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ, აივანთან ერთი მაგიდა გათავისუფლდა. სიხარულით შემოვუსხედით, ოფიციანტს შეკვეთაც მივეცით და როცა თბილისის ცქერით დავტკბით, მერეღა მიმოვიხედეთ ირგვლივ.

ჩვენ "მეზობლად" სამი ცნობილი ადამიანი იჯდა: სოფიკო, კოტე და ტარიელ საყვარელიძე. ეტყობა უკვე კარგა ხნის მოსულები იყვნენ, ლაღობდნენ, სასაცილო რაღაცებს ჰყვებოდნენ და ხალისობდნენ. მათ ჩვენი მზერა არ გამოპარვიათ. კოტემ მისალმების ნიშნად შინაურულად

აგვიწია ხელი, ტარიელმა თავი დაგვიკრა, სოფიკომ კი ისე გულთბილად გაგვიღიმა, თითქოს მისი ახლობლები ვიყავით.

მოსაღამოვდა, ლამპიონები აინთო, თბილისი უფრო ლამაზი საყურებელი შეიქნა. სოფიკო პატარა გოგოსავით ცმუკავდა, ვერ ისვენებდა. წარამარა ქმარსა და მეგობარს ქვემოთ ახედებდა და თითით რაღაცას აჩვენებდა, - ნახეთ, რა ლამაზიაო. უნებურად ის ახტაჯანა ციცინო გამახსენდა, "ჩვენს ეზოში" სახურავზე ასული გიორგი შენგელაიას გმირს, დათოს, რომ ადგილებს უთითებს - სად, როდის და როგორ უცელქიათ ბავშვობაში... მერე კოტემ რაღაცაზე გაიხუმრა, სოფიკო შემოწყრა, კოტე კი ჩვენ მოგვიბრუნდა:

- ამ ქალს იცნობთ?

- ქალბატონ სოფიკოს ვინ არ იცნობს? - მივუგეთ ჩვენ.

- არა, ამას სოფიკო კი არა, ცოფიკო ჰქვია...…ვაი იმას, ვინც მას გააბრაზებს. მე რომ მიყურებთ, ორი ამხელა ვიყავი, ახლა კი, ხომ ხედავთ, როგორ დავპატარავდი მის ხელში, მაგრამ რა ვქნა, მაინც სიგიჟემდე მიყვარს! - თქვა, მეუღლის სადღეგრძელო დალია და მერე, გალაკტიონის "უსიყვარულოდ" წაიკითხა. ჩვენ თვალწინ უცებ გათამაშდა მინისპექტაკლი, თუმცა მისი გმირები გამოგონილი კი არა, რეალურები იყვნენ... რეალური იყო მათი სიყვარულიც... ყველას, ვინც მაშინ იქ ვიყავით, ეჭვი არ შეგვპარვია კოტეს მხურვალე სიტყვებში: "მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი"...

ისინი გვიან შეხვდნენ ერთმანეთს. მართალია, როგორც მსახიობები, დიდი ხანი იცნობდნენ ერთურთს, მაგრამ მათ შორის სიყვარულმა მაშინ იფეთქა, როცა დიდი ვერიკოს ძალისხმევით კვლავ აღდგა "ურიელ აკოსტა". სოფიკო ივდითი იყო, კოტე - ურიელი. თურმე, სოფიკო კარგა ხანს უარზე იდგა, არ უნდოდა დედის მერე ეთამაშა ივდითი, ისედაც სულ ცდილობდა დედის აჩრდილს გაჰქცეოდა, ეშინოდა, ვერიკოს "ტყვეობაში" არ ყოფილიყო, მაგრამ სწორედ დედამ დააძალა - "ივდითი შენ იქნები!" - მოკლედ მოუჭრა და ამით დასრულდა ამაზე ლაპარაკი.

მაშინ კოტესაც ჰყავდა ოჯახი და სოფიკოსაც. თბილისში რა უნდა ჭორის გავრცელებას (მით უფრო მაშინ, როცა მიზეზი არსებობს)?! ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ორივეს, შვილებიც განაწყენებულნი ჩანდნენ, მაგრამ მეორედ მოსული სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. მოგვიანებით სოფიკო იტყვის: ცხოვრებაში, მით უმეტეს პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდაო...

მისი პირველი სიყვარული გიორგი შენგელაია გახლდათ. ვერიკო ანჯაფარიძე მეგობრის, ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებულად ზრუნავდა მის უმცროს ვაჟზე. გიორგი და სოფიკო თანატოლები იყვნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე კი სიყვარულში გადაიზარდა. 19 წლისანი იყვნენ, როცა დაქორწინდნენ...

მაგრამ გავიდა წლები და ზვავივით წამოსულ ახალ გრძნობას ვერ შეეწინააღმდეგა ვერც ქალი და ვერც კაცი - კოტეს სოფიკო უსაზღვროდ შეუყვარდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს მისი მორიგი ფლირტი ან გატაცება იყო. მსახიობებში ხომ ჩვეულებრივი რამ არის პროფესიული წვის დროს ახალი ვნება და გრძნობა! მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ ისინი აღარ ხუმრობდნენ და მათ შორის ნამდვილი სიყვარული გიზგიზებდა - ლამაზი, ძლიერი და გაუნელებელი.

სოფიკოს ძალიან უყვარდა ერთი ეპიზოდის გახსენება:

"მაშინ მე და კოტეს გაგანია რომანი გვქონდა. მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა.

ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა, ან "ჰოს" მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. (გაგრძელება)