"იმ დღეს ხუთ ინდოელ მამაკაცს მაგრად ვცემე" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ხუთ ინდოელ მამაკაცს მაგრად ვცემე"

"როცა შეწყალების ამბავი გავიგე, სიხარულისგან ცუდად გავხდი... ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა. ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ერთ დღეს კი ხედავ, როგორ გაზრდილან"

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა თეა სირაძემ გისოსებს მიღმა 7 წელზე მეტი გაატარა უმძიმესი ბრალდებებით: ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით 31 წლის ქალს 28 წელი მიუსაჯეს. შინ 4 შვილი დატოვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით სასჯელი 13 წლამდე შეუმცირეს, მას მერე შეწყალების კომისიას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ...

6 ივლისს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდადებული შეიწყალა, 120-მა იმავე დღეს დატოვა ციხე, მათ შორის იყო თეა სირაძეც.

თეა სირაძე საზოგადოებამ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული სტატიით გაიცნო. სოციალური ქსელი აჭრელებული იყო თეა სირაძის გათავისუფლების მოთხოვნით...

პირველი ინტერვიუ მასთან ციხეში ჩავწერეთ. მაშინ ირწმუნებოდა, რომ ბრალი შეუთითხნეს, სინამდვილეში კი ხუთ ინდოელ მამაკაცს სცემა.

თეა სირაძე: - როცა შეწყალების ამბავი გავიგე, სიხარულისგან ცუდად გავხდი, მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე. ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა. ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ერთ დღეს კი ხედავ, როგორ გაზრდილან.

- თეა, თქვენ საკმაოდ მძიმე მუხლები გქონდათ წარდგენილი, ამბობდით, რომ ადამიანიც გაგიტაცებიათ, თქვენს საქმეში კი აღიარებითი ჩვენება დევს.

- ნაწილობრივ ვაღიარე, რადგან სხვა გზა არ იყო. სინამდვილეში, იმ დღეს ხუთ ინდოელ მამაკაცს მაგრად ვცემე. მართალია, ბრალში ნათქვამია, თითქოს ისინი ფულის გამოძალვის მიზნით გავიტაცე, მაგრამ ასე არ იყო. ინდოელებს ვალი ჰქონდათ 4. 500 დოლარი, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. ეს ფული მეგობარ გოგონას მე ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები...

შევთანხმდით, რომ ინდოელები 10 დღეში დააბრუნებდნენ ფულს. იმ დღეს დიღომში, რესტორანში ვიყავი, ვქეიფობდით. სუფრიდან ავდექი და ვარკეთილში წავედი ფულის ასაღებად. სახლში ხუთი ინდოელი დამხვდა. აგრესიულად შემხვდნენ, იგინებოდნენ. ცოტა ხანში ძალადობაზე გადმოვიდნენ... შეურაცხყოფა არ ვაპატიე და ხუთივეს მაგრად ვცემე. ზოგს ნეკნის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ზოგს ხელი მომტვრეული. მერე ჩემი ფული ავიღე და წამოვედი. თურმე ერთ-ერთს მობილურით გადაუღია მანქანის ნომერი...

არასოდეს მითქვამს, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ არაადეკვატური სასჯელი მომისაჯეს, პოლიციამ რომ დამაკავა, თან მქონდა ის 4.500 დოლარი და გამოძალულ თანხად ჩამითვალეს. ამიტომ მიწერია განაჩენში თანხის გამოძალვა, ცემა კი ხულიგნობად შეფასდა. მედავებოდნენ, თითქოს ისინი ვარკეთილიდან სოფელ დიღომში მყავდა გატაცებული. როგორ წარმოგიდგენიათ, "ოპელ ვექტრაში" ჩავტენე ხუთი მამაკაცი და ვარკეთილიდან სოფელ დიღომში წავიყვანე? არ მქონდა იარაღი, დანა, რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?! ბრალი შეთითხნილი იყო, არ მომეცა საშუალება, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა სასამართლო პროცესზე. სულ სამი სხდომა ჩატარდა. შეკვეცილი პროცესით როგორ შეიძლებოდა ჩემი ბრალეულობის დამტკიცება, როცა თვითმხილველები არ არსებობდნენ? ხუთივე დაზარალებულად ცნეს და ყველაზე სათითაოდ მომისაჯეს სასჯელი.

- სპორტს როდიდან მისდევთ?

- კიკბოქსინგი ჩემი ცხოვრებაა, პატარა ასაკიდან ვვარჯიშობდი. სამგზის ჩემპიონი ვარ.

- ადრე მამაკაცები თუ გიცემიათ?

- ქალებთან ჩხუბს აზრი არა აქვს, როცა მამაკაცს ეჩხუბები, ძალა უფრო გემატება.

- შვილების აღზრდაში დედა გეხმარებოდათ?

- დედამ გაზარდა ისინი. ციხიდან რომ გამოვედი, სახლის კარი დედამ გამიღო და რომ დამინახა, ჩაიკეცა. პატიმრობაში გატარებული ეს 7 წელი დიდი ტკივილია არა მარტო ჩემთვის, ჩემი ბავშვებისთვისაც - ისინი უდედოდ გაიზარდნენ. ყველაზე პატარა წლის იყო, რომ დავტოვე და ახლა უკვე დიდი გოგოა, უფროსი ბიჭი 20 წლის გახდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს 2 წელი შვილებს ახლოდან ვერ ვნახულობდი, პაემნის ოთახში მინა გვყოფდა, მათი ჩახუტების უფლება არ მქონდა. ციხეში ყოფნის დროს სხვა ტკივილიც მივიღე - და გარდამეცვალა. იქ ბევრი რამ ვისწავლე, ადრე ძალიან ვენდობოდი ადამიანებს, მაგრამ ახლა აღარავის ვენდობი.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ახალი ფურცლიდან დავიწყებ ლამაზ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად. რაც შეეხება კარიერას, ამაზე მერე ვიფიქრებ, ის დაკარგული 7 წელი უნდა ავინაზღაუროთ მე და ჩემმა შვილებმა.

- თქვენი გათავისუფლების შემდეგ ირმა ინაშვილმა პარლამენტში პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში თანაშემწეობა შემოგთავაზათ.

- შევხვდები და მივიღებ მის წინადადებას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეშიც ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სხვა მდგომარეობაა. მეხუთე დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და მინისტრი კახი კახიშვილი მართლა ღვთის საჩუქრები არიან პატიმრებისთვის.

- პოლიტიკოსობას ხომ არ აპირებთ?

- პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი დროა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პატიმრებს დავეხმარო. ბევრი კარგი ადამიანი დარჩა იქ.

ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქა.

თეა ხურცილავა