კლდიანი უბნების ტრაგედია
10-07-2017
კლდიანი უბნების ტრაგედია
შავნაბადის კლდიდან მოწყვეტილმა ქვა-ღორღმა მთლიანად მოგლიჯა ხიდი და მის ქვეშ მიმავალი მანქანა მძღოლიანად გასრისა. მალე შუაზე გაპობილი რკინის კონსტრუქცია აღადგინეს და კლდეში ჩააბეტონეს. ცხადია, ეს ვერ უზრუნველყოფს მომავალში მგზავრების უსაფრთხოებას

რამდენიმე დღის წინ ზემო ფონიჭალისაკენ მიმავალი ხანგრძლივ საცობში მოვხვდი. როგორც აღმოჩნდა, ტრასაზე შავნაბადას კლდე ჩამოინგრა და ადამიანი მოიყოლა. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ცალმხრივი მოძრაობა აღდგა, ნამეწყრალი გზაც გაიწმინდა. შარშან, ზუსტად ამ დროს, შავნაბადის კლდიდან მოწყვეტილმა ქვა-ღორღმა მთლიანად მოგლიჯა ხიდი და მის
ქვეშ მიმავალი მანქანა მძღოლიანად გასრისა. Mმალე შუაზე გაპობილი რკინის კონსტრუქცია აღადგინეს და კლდეში ჩააბეტონეს. ცხადია, ეს ვერ უზრუნველყოფს მომავალში მგზავრების უსაფრთხოებას. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, დედაქალაქის (სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა საქართველოს სხვა კლდიან ტრასებზე,­ - შარშან ჟინვალის კლდიდან მოწყვეტილი მასით 10 წლის ბავშვი დაიღუპა) კლდიანი უბნების შესახებ
დამეწერა. შემაშფოთებელი სურათი წარმოჩინდა - დედაქალაქის შემოგარენი კლდეების ჩამოშლის თუ მეწყერების გამო, სახიფათო გახდა. მათ შორის რამდენიმე უბანი განსაკუთრებით სახიფათოა, რასაც მეცნიერებათა დოქტორი, გეოლოგი გივი მაისურაძე ადასტურებს:

- არა მხოლოდ შავნაბადას მთა, არამედ დედაქალაქის მთიანი შემოგარენი მეწყერსაშიშია, ქანები ცურავს და შენობა-ნაგებობებს აზიანებს. მაგალითად, ვერაზე, შენობების უმეტესობა ამორტიზებულია. საქმე ის არის, რომ ეს შენობები იმ კირქვოვან მასებზეა აგებული, რომელიც ფუნიკულიორიდან მტკვრისკენ მოძრაობს და, რასაკვირველია, ფერდობზე აგებული შენობების საყრდენსაც არყევს. გარდა ამისა, ყოველი წვიმის შემდეგ წყალს კლდეებიდან ტონობით ნატანი მასა ჩამოაქვს, რომელთა გასუფთავებაზე უზარმაზარი რესურსები და ენერგია იხარჯება.
ასეთი მდგომარეობაა თბილისის სხვა უბნებშიც. შენობების დაზიანება ასეთი ხარისხისა არ იქნებოდა, თავის დროზე მშენებლებს ნაგებობები ხიმინჯებზე რომ დაესვათ, ხიმინჯები კი ნიადაგში, მყარ ფენებამდე ჩაერჭოთ. უფრო მძიმე სურათი კლდის ფერდობებზე ტრასების გაყვანამ წარმოქმნა, რისი შედეგიც ვერაზე უკვე ვნახეთ...

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მხოლოდ­ ვაკე-საბურთალოს გზა გაკეთდა ასე გაუაზრებლად. გზებისთვის კლდის მასივები საბჭოთა მმართველობის წლებშიც იჭრებოდა და, რაც ყველაზე ცუდია, არ ტარდებოდა კლდეების გამაგრებისა და სიცოცხლის დაცვის შემდგომი ღონისძიებები. ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში გზების გაყვანის შემდეგ ჩამოჭრილი კირქვოვანი კლდეები ტერასებით იფარება და ზედ მცენარეული საფარი კეთდება, რაც კლდეების დანაპრალებას­ ხელს უშლის. თბილისის შემოგარენის კლდეები და მათ შორის, შავნაბადაც ვულკანური ქანებისაგან არის წარმოქმნილი, რა დროსაც ლავა წაფერდებით ეშვებოდა ქვემოთ, მტკვრის ხეობისკენ და ხანგრძლივი დროის მანძილზე ბუნებრივად იფარებოდა მწვანე საფრით, რაც ხელს უშლიდა ეროზიას.
შავნაბადის კლდის შესწავლაზე მრავალჯერ თავადაც გახლდით. ერთხელ პირდაპირ ჩემს ფეხქვეშ მოწყდა უზარმაზარი ლოდი და ტრასისკენ გრუხუნით დაეშვა. მახსოვს, სახეზე ხელები ავიფარე, რომ არ დამენახა, როგორ დაეცემოდა ეს ლოდი ვინმეს, თუმცა, საბედნიეროდ, გზაზე არავინ მიდიოდა.

კლდეების ეროზია გარდაუვალი ბუნებრივი პროცესია, რასაც ხელს ნალექები, მერე კი ყინვა უწყობს - გაყინული წყალი ნაპრალებს ნაჯახივით აპობს და კლდეებს ლოდებად აქცევს, ეს ლოდები კი დროთა განმავლობაში წყდება, მაგრამ ამ პროცესს აჩერებს ტერასები და მათზე თუნდაც მცირე ბალახოვანი საფრის გაკეთება - უბრალო ბალახის ფესვებიც კი კლდეებს ხანგრძლივად იცავს დანაპრალებისაგან.
თბილისის შემოგარენში კლდეების დანაპრალებას ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც ხიდის ბეტონით დამონტაჟება; შესაძლოა, 2-3 წელიწადში ამ კლდიდან ჩამოშლილმა ლოდებმა ბეტონის კონსტრუქციები ხიდიანად მოგლიჯოს.

- თუმცა, ტრაგედიის შემდეგ ვერეს ხეობაში კლდეებზე ლითონის ბადეები გაკეთდა, რამაც ტრასაზე ლოდების ცვენა შეაჩერა.

- ამით ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკი შემცირდა, მაგრამ ბადეებს კლდის მასივების დამეწყრის შენელება არ შეუძლია, ის ხელს ვერ შეუშლის ნაპრალებში წყლის ჩასვლას. თანაც ასეთი ბადეები იმდენად ძვირია, რომ ის სხვა კლდეებზე არ გაუკეთებიათ. რამდენჯერმე პირადად ვნახე, როგორ წმენდდა ტრაქტორი ბადეების ქვემოდან ჩამოცვენილ მასებს...

კლდეების ეროზიას დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დატერასებით აჩერებენ, საამისო ტექნიკა ყველგან არსებობს, თუმცა, ჩვენი წინაპრები ამ საქმეს საუკუნეების წინ ხელითაც აკეთებდნენ, სხვათა შორის, მესხეთ-ჯავახეთში მესხური ვაზი თუ ხეხილი სწორედ ასეთ ტერასებზე იყო გაშენებული.
კლდეების გააქტიურებულ ეროზიასა და მეწყრული მოვლენების შესახებ საუბრობს საქართველოს "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც:
- ეკოლოგიურად შეუსწავლელ ნიადაგზე წამოწყებულმა მშენებლობამ მსხვერპლი ჯერ კიდევ 2003 წელს მოიტანა, როცა მთაწმინდაზე, დავითაშვილის ქუჩის ზემოთ მეწყერი ჩამოწვა და 3 ადამიანი შეიწირა, რაც გამოიწვია თვითნებურად მშენებარე ბენზინგასამართმა სადგურმა - კლდის ფერდობის მთლიანობა დაარღვია. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩამოყალიბდეს სამსახური, რომელიც თბილისის მეწყერსაშიშ ზონებსა და მშენებლობებს მონიტორინგს გაუწევდა. კლდეების ჩამოშლა და მეწყერი მიმდინარეობს თემქაზე, აგლაძის ქუჩაზე, საბურთალოზე, ფანასკერტელისა და გოთუას ქუჩაზე, სადაც ბოლო დროს უამრავი მშენებლობაა წამოწყებული. მეწყერსაშიშია ადგილები, სადაც თბილისის პატარ-პატარა მდინარეები გადის, რომელთაგან ზოგი დაფარულია, მაგალითად, ვერე, დიღმულა, ორთაჭალის პატარა მდინარეები და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი მონიტორინგის სამსახური დედაქალაქში თვით ვერეს ტრაგედიის შემდეგაც არ შეიქმნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ცირკის მიმდებარედ აშენებული ცათამბჯენები საიმედო ხიმინჯებზეა დასმული.

- სანამ ასეთი სამსახური არ არსებობს, გამოსავლად რა გესახებათ...

- რასაკვირველია, დატერასება და მწვანე საფრით დაფარვა. მანამდე კი იმ ადგილების შესწავლა და იმ დანაპრალებული ნაწილების მოხსნა, რომელიც სიცოცხლისთვის აშკარა საფრთხეა.


ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები