რომ იცოდეთ, ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში საით აიღოთ გეზი - კვირის პალიტრა

რომ იცოდეთ, ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში საით აიღოთ გეზი

ისინი სხვადასხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობენ: ზოგი პოპულარულია, ზოგიც შეუმჩნეველი ან უარყოფილი. ზოგი უფრო იღბლიანი და წარმატებული, ზოგიც - უსამართლოდ მივიწყებული... და მაინც ყველა მათგანი რომ არსებობს - ეს მშვენიერია! უამათოდ ხომ ნახევარი სამყარო მაინც დაცარიელდებოდა, დედამიწაზე ცხოვრება კი სრულიად შეიცვლებოდა, თანაც უარესისაკენ.

რა იფიქრეთ? რომ ადამიანზე გელაპარაკებით? სულაც არა - მე წიგნზე მოგახსენებთ. აბა, წუთით დაფიქრდით, რა ძალა აქვს წიგნს: იგი აღაზევებს უქონელს და დასცემს უსამართლოდ აღზევებულს, ის ზრდის და აცოცხლებს, მარტო ტოვებს და მარტოობისაგან ხსნადაც ევლინება, ამიტომაცაა ნამდვილი მეფე თავისი არსით...

და მეფენი წელიწადში ერთხელ იკრიბებიან, რომ ჩვენ მათი უკიდეგანო სამყარო კიდევ ერთხელ დავინახოთ და გავიცნობიეროთ. მათ შეკრებას - წიგნის ფესტივალი ჰქვია.

გამომცემლობა "პალიტრა ლ"-სა და მედიასახლ "კვირის პალიტრას" წელს განსაკუთრებით ხელდამშვენებულს უწევს ფესტივალზე წარდგომა. ძალიან საინტერესო მხატვრული და პოპულარული ლიტერატურის გარდა, ის წარადგენს საინტერესო პროექტების ფარგლებში გამოცემულ წიგნებსაც და განსაკუთრებულ აქციებსაც.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" შესთავაზა თავის მკითხველს "დიდი მხატვრების" სერიის წიგნები, რომლებიც, დამეთანხმებით, ძალიან იაფი ღირს - თუ გაზეთს შეიძენთ - 15 ლარი, ერთი თვის შემდეგ კი, როცა წიგნი წიგნის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება, ცოტა უფრო ძვირი - 22 ლარი ეღირება.

ქართული "დიდი მხატვრები" გაცილებით მაღალი პოლიგრაფიული დონისაა, ვიდრე მისი ორიგინალი ესპანეთში. უკვე გამოცემულია ვან გოგის, გოგენის, მონეს, კლიმტის, დეგას, და ვინჩის ალბომები.

მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩევა "ეს სამყაროა"-ს საყმაწვილო სერიის წიგნებიც, გამოიცემა: "რაინდები და ციხე-კოშკები", "ეგვიპტე", "მტაცებლები", "მფრინავები", "გამოგონებები", "მწერები და ობობები" და სხვ...

საოცრად მასშტაბური გამოდგა პროექტი, რომლის ფარგლებში "გზის" მკითხველი, ჟურნალთან ერთად, შეიძენს ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, ჩვენს კლასიკას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან იაფად. უკვე გამოვიდა გურამ დოჩანაშვილის, ნოდარ დუმბაძის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, გურამ რჩეულიშვილის, გურამ გეგეშიძის, რეზო ჭეიშვილის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ოტია იოსელიანის რჩეული კრებულები.

წიგნის ფესტივალზე ასევე მოხდება წარდგინება წიგნისა "39 რჩეული მოთხრობა", რომელიც წარმოადგენს ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" 5 წლის განმავლობაში დაბეჭდილი რჩეული მოთხრობების კრებულს. რას კითხულობთ? არის კი თქვენ მიერ არჩეული ლიტერატურა ის მნიშვნელოვანი და დასაყრდენი მემკვიდრეობა, რაზეც დგას კაცობრიობის კულტურა? სწორედ იმიტომ, რომ იცოდეთ, ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში საით აიღოთ გეზი, "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლი ატარებს გამოკითხვას - "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ".

გამოკითხვაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამით წიგნის პოპულარიზაციისაკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გამოკითხვა ჩატარდება ფესტივალზეც. სპეციალური ბარათის შევსება და "პალიტრის" სკივრში ჩაგდება ყველა მსურველს შეეძლება.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დახვდება წიგნის ფესტივალზე ჩვენს მკითხველს. კიდევ ერთხელ შეგვეძლება მოვუსმინოთ ყოველი მათგანის თხოვნასა და შენიშვნას. რაც მთავარია, "პალიტრა ლ" უამრავ სიურპრიზს გპირდებათ. მათ შორის "კარცერი ლუქსსაც". "კარცერი ლუქსი" რა არის? შედით და ნახეთ... ეს იქნება ყველაზე სასურველი კარცერი თქვენს ცხოვრებაში.

P. S. ოკუპაცია საშინელი სიტყვაა, საქართველოს დაგლეჯილ საზღვრებს გვახსენებს... მაგრამ წიგნის ფესტივალზე, ამდენ საინტერესო გამოცემას შორის მოსეირნეს, მიჩნდება სურვილი, რომ მთელი საქართველო ოკუპირებული იყოს... წიგნებით!