"მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი" - დამწვარი სავაჭრო ცენტრი ფოთში და დაზარალებული მოვაჭრეები - კვირის პალიტრა

"მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი" - დამწვარი სავაჭრო ცენტრი ფოთში და დაზარალებული მოვაჭრეები

ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია. ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.

"დაიწვა ჩემი ორი მაღაზია, "ნისიების" რვეულიც იქ არის. ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი. აქ ღამე ითიშება ყველაფერი", - აცხადებენ მოვაჭრეები.

ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ძვირადღირებული საქონელი დაიწვა: "ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი".

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის თეა ბელქანიას ინფორმაციით, არც ერთს მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა. მისივე თქმით, "აღნიშნული სავაჭრო ცენტრი "ვითიბი ბანკის" საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა", თუმცა ჯერჯერობით მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.

მომხდარის შემდეგ, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა. მან აღნიშნულ ზომას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმართა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით