ნამდვილი ამბავი შთამომავლობას XXI საუკუნის ჟამთააღმწერლებისგან - კვირის პალიტრა

ნამდვილი ამბავი შთამომავლობას XXI საუკუნის ჟამთააღმწერლებისგან

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა  "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მიაწოდა რამდენიმე ამონარიდი 2009 წლის მატიანიდან

რას ფიქრობთ, ვინ არის XXI საუკუნის საქართველოს ისტორიის მემატიანე, ვინ შეინახავს მომავალი თაობებისათვის ამბებს, რომლებიც დღეს ასე ახლობელია ჩვენთვის, ასე ყოველდღიური და ამდენად, ზოგჯერ ყურადღების მიღმა დარჩენილიც? ჩვენს რეალობაში მონასტრის ცივ კელიაში ან სადმე მყარად ნაგები ციხე-დარბაზის კუთხეში მიმჯდარი მემატიანე, რომელიც რუდუნებით აღნუსხავს მის ყურამდე მიღწეულ ამბებს, აღარ არსებობს, არც ჟამთააღმწერელი გვყავს - პირუთვნელი და საქმისათვის თავგადადებული. ჩვენი ისტორია ხშირად ხელისუფალთა კაბინეტებში იწერება, ხშირად მასმედიით გასულ სანდო ან ნაკლებად სანდო ინფორმაციით მყარდება და ყოველდღიურად უპირისპირდება სხვა ისტორიას - "სიმართლეს", რომელსაც, მაგალითად, მეზობელი ქვეყნის მტრულად განწყობილი ხელისუფლება გვითხზავს...

და იქნებ არც დალოდებოდით რომელიმე თანამედროვე მემატიანეს და თავად გეცადათ, დაგეწერათ და შთამომავლებისათვის დაგეტოვებინათ ის მართალი და თქვენს თავს გადახდენილი ამბები, რისი მოწმეც შარშან გახდით?

ეს წინადადება ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შარშან შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს და შედეგიც მიიღო: მის არქივში უკვე ინახება 2008 წლის "ახალი მატიანე", წელს კი ამ პროექტის ახალი ეტაპი დადგა, ვწერთ 2009 წლის მატიანეს!

ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი: - გვაქვს ცნობილი ადამიანების თვალით დანახული 2009 წელი... შეიძლება გაცილებით უფრო საინტერესო იყოს რიგითი ადამიანების თვალით დანახული რეალობა. და ჩვენც ყველას მივმართეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ, დაწერონ მატიანე. გვექნება ემიგრანტთა თვალით დანახული გასული წლის საქართველოც. მოკლედ, ჩვენი პროექტი თანდათან უფრო და უფრო საინტერესო ხდება... ვინახავთ ფოტომატიანესაც, რომელიც ასახავს გასული წლის მოვლენებს.

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ზეპირი ისტორიები, რაც გულისხმობს იმ ამბების ჩაწერას, რაც არ ფიქსირდება და იკარგება. ამ პროექტში შეიძლება მომავალში აუდიო-ვიდეომასალა  შემოვიდეს. თავს ვუყრით ისეთ მასალას, რომელიც სხვა შემთხვევაში არც დარჩებოდა მომავალ თაობას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ექსკლუზიურად აწვდის "კვირის პალიტრას" რამდენიმე ამონარიდს 2009 წლის მატიანიდან, რომელიც ამ მატიანესთან ერთად აიკინძება და ნამდვილ ამბავს წაუღებს შთამომავლებს ჩვენგან - XXI საუკუნის ჟამთააღმწერლებისგანაც.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - 2008 წელს მღელვარების მიზეზი იყო რუსეთის აგრესია, რამაც ამ წლის ყველა შთაბეჭდილება გადაფარა. 2009 წელს აპრილის თვიდან დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით... ალბათ საქართველოში პირველად გახდა ცხადი, რომ გამარჯვებას, ძალისხმევის გარდა, ჭკუაც უნდა...

გია ბუღაძე, მხატვარი: - მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს კარგად გვესმის ერთიანობის მნიშვნელობა, პიროვნული აგრესია და შინაგანად ერთმანეთის აუტანლობა ღრღნის ჩვენი ქვეყნის და მისი საზოგადოების სხეულს...

აგრესიულად ვიქცევით ქუჩაში, აგრესიულები ვართ მოხუცების მიმართ, აგრესიულები ვართ სამსახურებში, აგრესიულად ვანგრევთ ლანდშაფტს, არაფერს ვეკითხებით პროფესიონალებს და ვაშენებთ, ამით ვსპობთ ბევრ ისეთ რამეს, რომელმაც ჩვენი იდენტურობა უნდა შეინარჩუნოს სამარადჟამოდ.

და მაინც, ჩვენ ასე იოლად ვერ მოგვერევიან, ჩვენ ხომ ეს დიდი მისია, დიახ, დიდი მისია გვაქვს კაცობრიობის წინაშე - თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის დროშა ამაყად ვატაროთ. ის დროშა, რომელიც ყველას ეტყვის, რომ მიუხედავად შემზარავად დიდი, მონსტრულად გავეშებული მტრისა, მიუხედავად ინფექციად ქცეული ეგოიზმ-აგრესიისა, ჩვენ მაინც ვართ, როგორც იტყოდა იოანე საბანისძე - “ყურეი ქვეყნისა - ე.ი. კულტურულ-ცივილიზებულ-თავისუფალი და გახსნილი სამყაროს ოაზისი და სწორედ ჩვენს მაგალითზე აღიზრდებიან დიდი, მრავალრიცხოვანი ერები.

ნინო ქაჯაია, ჟურნალისტი: - 2009 წელს კოლეგებთან ერთად გავაკეთე გადაცემა "ცხოვრება მშვენიერია". მართალია, წლების განმავლობაში არაერთი გადაცემა მომიმზადებია, მაგრამ ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან შეხვედრის გამო, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, პოულობენ ძალას, ცხოვრება ღირსეულად განაგრძონ და სხვისთვისაც სამაგალითონი გახდნენ...

გიორგი მოსიძე, გადაცემა "რა, სად, როდის" წამყვანი: - საქართველოსთვის 3-თვიანი ეპოპეა რუსთაველზე დგომისა, დასრულდა უშედეგოდ. პრეზიდენტი არ გადადგა. ოპოზიცია დასუსტდა. კიდევ ერთი ნაბიჯი უკან - საქართველოსთვის...

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი: - 2009 წელმა ერთი დიდი ამბიცია დამიკმაყოფილა. ჩემი წიგნი, - "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა და ბესტსელერი გახდა.

მე, ცხადია, არა მაქვს პრეტენზია საქართველოს ჟამთააღმრიცხველობაზე, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ბოლო 30 წლის საქართველოს უკეთ დანახვაში, იმ საქართველოსი, რომელიც ჩემი ორგანული ნაწილია!

ვაკო ავალიანი, ჟურნალისტი: - 2009 წელს გადავწყვიტე, მიკროფონი დამედო და ახალი საქმე დამეწყო... 9 აპრილს საპროტესტო აქციები დაიწყო. "ალიანსი საქართველოსთვის"ამ პროცესში ჩაერთო და რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქის ერთი უბანი”ირაკლი ალასანიას მომხრეებმა დაიკავეს. ხელისუფლება უჩვეულოდ მშვიდად იქცეოდა...

7 ნოემბრის გაკვეთილი ხელისუფლებამ კარგად ისწავლა. საკუთარ მოქალაქეებს რუსთაველზე არმია და პოლიცია აღარ დაუპირისპირა, თუმცა ვითარება ძალიან რთული იყო. აქციების შედეგად ხელისუფლება ერთადერთ დათმობაზე წავიდა და საზოგადოებას თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები შესთავაზა.

ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს... თუმცა რევოლუციით მოსული ხელისუფლება რევოლუციით მიდის. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური ჭეშმარიტებაა.