"დაჭრილები და მიცვალებულები გადმოგვყავდა ხეობიდან" - რას ჰყვება პილოტი, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"დაჭრილები და მიცვალებულები გადმოგვყავდა ხეობიდან" - რას ჰყვება პილოტი, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

"ჩემი სოფლიდან ორ კილომეტრში იყო აეროდრომი და ჩვენი სახლის თავზე ხშირად დაფრინავდა პატარა ვერტმფრენი, სულ მაგას ვუყურებდი და ვამბობდი, მფრინავობა მინდა-მეთქი"

გასულ კვირას ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შეიქმნა პრობლემა, ადიდებული მდინარეები, აბობოქრებული ზღვა ადამიანების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, ყველა გამოძახებაზე ოპერატიულად მიდიოდნენ და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ყველაზე ხმაურიანი სამეგრელოში ჩატარებული ოპერაცია იყო. იმ დღეს ჩხოროწყუში საშინლად ადიდდა მდინარე ხობისწყალი, კალაპოტიდან გადმოვიდა და სათევზაოდ შესული ორი ადამიანი სამშვიდობოს გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მთელი სოფელი ქუჩაში იყო გამოსული და შორიდან უყურებდა, როგორ ებრძოდნენ აბობოქრებულ მდინარეს ადამიანები.

მომხდარზე შეტყობინება "112"-ში შევიდა და მათ დასახმარებლად ოპერატიულად გამოჩნდნენ მაშველები. აუცილებელი იყო ოპერაციაში შვეულმფრენის ჩართვა, რადგან სხვაგვარად მათთან მისვლას ვერავინ შეძლებდა. თუმცა, ეს არ იყო ადვილი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამ პროცესს თვალს ადევნებდა სამეგრელოს მოსახლეობა. მერე მთელმა საქართველომ იხილა ეს კადრები და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პილოტის ბესიკ გაბიანის გმირობამ საზოგადოება აალაპარაკა. მან და მისმა კოლეგებმა ადიდებული მდინარეს ხელიდან გამოსტაცეს ორი მეთევზე და სამშვიდობოს გამოიყვანეს.

30 წელია, ბესიკ გაბიანი მფრინავია. წლების მანძილზე პირნათლად შესრულებული არაერთი ოპერაციისთვის 21 აპრილს, ავიაციის დღეს, შს მინისტრმა დააჯილდოვა. გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს, თუმცა საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. ჟურნალი "გზა" აქვეყნებს აქვეყნებს ინტერვიუს ქართველ პილოტთან, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გთავაზობთ ამონარიდებს.

- ბატონო ბესიკ, ამბობენ, რომ ჩხოროწყუში ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეთ და ასე გადაარჩინეთ ორი ადამიანი. რა საფრთხე გელოდათ?

- კლიმატური პირობები - ძლიერი წვიმა და ქარი საფრთხეს ქმნიდა. 4 ივლისს ბათუმში სამაშველო ოპერაციას ვასრულებდით. ახალგაზრდა მამაკაცი, კობა ბაკურიძე ზღვაში შევიდა და მას მერე ეძებენ. უბედური შემთხვევიდან ორი დღე იყო გასული, შვეულმფრენით რომ ვეძებდით... ამ დროს მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩხოროწყუში პრობლემა იყო. ნახევარ საათში იქ ვიყავით. სიტუაცია მართლა ძალზე რთული იყო. აბობოქრებულ მდინარეში, პატარა კუნძზე ორი ადამიანი იდგა და შველას ითხოვდა. კუნძს პატარა ტოტები ჰქონდა და იმას ებღაუჭებოდნენ. უკანა და გვერდულა ქარი არ უყვარს შვეულმფრენს, ამიტომ ქარის საწინააღმდეგოდ დავჯექით. მათ გადასარჩენად რომ მივდიოდით, დასავლეთის ქარი ქროდა. ასეთ დროს წყალზე დინების საწინააღმდეგოდ უნდა შეფრინდე, მდინარესაც აქვს თავისი ქარი და ესეც პრობლემას ქმნის, ამას კოკისპირული წვიმა ემატებოდა, დიდი რისკია გაწევა გვიწევდა, მაგრამ საფრთხეზე არ ფიქრობ, მთავარი ადამიანის გადარჩენაა. ვეცადეთ, ქარის საწინააღმდეგოდ ვყოფილიყავით. გაუმართლათ, ბათუმში რომ იყო შვეულმფრენი, თორემ თბილისიდან შეიძლება ვერც მიგვესწრო. ვუყურებდი, წამებში ჩემ თვალწინ როგორ ჩაეფლნენ წყალში. წყალი საკმაოდ ღრმა იყო, 3 მეტრი სიღრმის, ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ წყალს მორები, ხეები, ქვები მოჰქონდა, დინებაც ჩქარი იყო. მოვახერხეთ დაფრენა და სამშვიდობოს გამოვიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგებმა.

...

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- ორი ბიძა მფრინავი მყავდა და ფორმით რომ მოვიდოდნენ სახლში, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. სვანეთში, ლენტეხის რაიონში, სოფელ ჟახუნდერში გავიზარდე. ჩემი სოფლიდან ორ კილომეტრში იყო აეროდრომი და ჩვენი სახლის თავზე ხშირად დაფრინავდა პატარა ვერტმფრენი, სულ მაგას ვუყურებდი და ვამბობდი, მფრინავობა მინდა-მეთქი. ბიძებსაც ძალიან გაუხარდათ, ეს გზა რომ ავირჩიე.

- ალბათ საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდით.

- 1992-93 წელს მთელი საქართველო ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ დაჭრილები და მიცვალებულები, ასევე ხალხი გადმოგვყავდა კოდორის ხეობიდან. სადაც შესვლას ვერ ვახერხებდით, მათ ზევიდან შვეულმფრენიდან ვუყრიდით საჭმელს. საშინელი სიცივე იყო, ბევრი ადამიანი დაიღუპა მთებში. ძალიან ბევრი რეისი გავაკეთეთ მაშინ, ბევრი გამოვიყვანეთ სამშვიდობოს. მთელი ორი წელი კი პროდუქტები გადაგვქონდა მათთან. (ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 13 ივლისის ნომერში)

თეა ხურცილავა