ზღაპარი რეალობად იქცა...
17-05-2010
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები ის მშობლები იყვნენ, რომელთაც ხელმოკლეობის გამო ბავშვებთან განშორებაც კი უხდებათ


სასტუმრო "რედისონის" საკონფერენციო დარბაზში საინტერესო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. თექის, გობელენის, მინანქრისა და სხვა სამკაულების ავტორები მშობლები იყვნენ, რომლებიც ხელმოკლეობის გამო უამრავ სირთულეს უძლებენ, ხშირად კი ისეთი გადაულახავი პრობლემების წინაშე დგანან, რომ ბავშვებთან განშორებაც კი უხდებათ...

ახლა კი ამ მშობლების ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა. უმწეო, სოციალურად დაუცველი ადამიანებისაგან ისინი დღეს წარმატებულ ადამიანებად იქცნენ, დახვეწილ ხელოვნებას ეზიარნენ და ქმნიან პროდუქციას,
რომლითაც საქართველოს ბაზარი დაინტერესდა. აქ ყველაფერი ზღაპარს ჰგავს და ზღაპარი რომ რეალობად იქცა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" დამსახურებაა.  


ზვიად ბერძენიშვილი, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" ეროვნული დირექტორი:
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" 16 წელია, რაც საქართველოშია და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ამჯერად წარმოვადგინეთ ერთ-ერთი,
რომელმაც ძალიან გაამართლა. ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვებიც მიტოვების რისკის ქვეშ არიან.

ვცდილობთ, არც ერთი მათგანი არ მოხვდეს ბავშვთა სახლებში და დარჩნენ თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებში. მშობლებს ვუტარებთ ტრენინგებს, რეტრენინგებს, ვჩუქნით მუშაობისათვის საჭირო ინვენტარს, რომ მათ შეძლონ თვითდასაქმება, გაუჩნდეთ შემოსავალი, არჩინონ ოჯახები".

KvirisPalitra.Geთამარ ჭანტურია, პროგრამების განვითარების დირექტორი: "ჩვენ რამდენიმე პროგრამა შევიმუშავეთ, მათ შორის ოჯახების გაძლიერების, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული მომსახურების. გვაქვს მომსახურება, რომელიც 4 ეტაპად იყოფა. ზრუნვას მოკლებული ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან 15-26 წლამდე, შემდეგ გადადიან თემში ინტეგრირებულ ახალგაზრდულ სახლებში, სადაც 3-4 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მესამე ეტაპზე ისინი ნახევრად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და ბოლოს, მეოთხე ეტაპზე - დამოუკიდებელ ცხოვრებას. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ გზები და თითოეული ბავშვის ცხოვრება გავხადოთ მიზანდასახული, უკეთესი.

შევასწავლეთ ბავშვებს სხვადასხვა პროფესია და დღეს ისინი თავად ირჩენენ თავს. გვყავს ბავშვები, რომელთაც სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელეს სახელმწიფო დაფინანსებით.

2010 წელს გვყავს ორი კანდიდატი, რომელთაც ბინას შევუძენთ და დავეხმარებით დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.

მსგავსი პროექტები მსოფლიოს 132 ქვეყანაში მუშაობს და დიდი წარმატებითაც. ვცდილობთ,  ყოველწლიურად მეტ ბავშვს დავეხმაროთ. 2016 წლამდე დაგეგმილი გვაქვს 1 მლნ ბავშვის დახმარება".

ნანა რუხაძე, ოჯახის გაძლიერების პროგრამის მენეჯერი: "ოჯახების გაძლიერების პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვების ზრდა-განვითარება უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში წარიმართოს. ჩვენ 1393 ბავშვსა და მათ ოჯახებს დავეხმარეთ".

ლელა მაისურაძე, დასაქმების სერვისის მენეჯერი: "საქართველოში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და მოვძებნეთ ის ნიშა, სადაც შეიძლება შეჭირვებული ოჯახის მშობლებისა და მათი უფროსი შვილების დასაქმება. გამოვძებნეთ იმის საშუალებაც, რომ ამ ადამიანებმა თვითდასაქმება შეძლონ. ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ზოგს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ინტერესი, იცის რაღაცის გაკეთება, მაგრამ სჭირდება ცოდნის სრულყოფა, რომ მისი შრომის პროდუქტი საინტერესო გახდეს თანამედროვე ძალიან მკაცრი ბაზრისათვის. ზოგჯერ ყველაფერი ნულიდან იწყება.

ვისაც აქვს ტექნიკური განათლება, ვასწავლით ბუღალტერიას, შესაბამისი განათლების შემთხვევაში კი ფარმაციას, მინანქრის, თექის, გობელენის კეთებას, კულინარიას. ჩვენი ერთი ბენეფიციარი უკვე მუშაობს აფთიაქში, ინგლისური ენის პედაგოგმა ქალმა კი შეისწავლა კომპიუტერული პროგრამა და თავისი წიგნი "ინგლისურ-ქართული სასაუბრო" თავად დააკაბადონა, ახლა ვეხმარებით, რომ გამოსცეს.

ახალგაზრდა დედამ შეისწავლა გობელენების ქსოვა, შვიდშვილიანი ოჯახის უფროსმა ვაჟმა კი თოიძის კურსები დაამთავრა და ახლა მინანქარზე მუშაობს. ტარდება ტრენინგები, სადაც ბენეფიციარებს ვასწავლით ავტობიოგრაფიის წერას, თავის წარდგენის უნარ-ჩვევებს. ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენს ბენეფიციარებს: ლანა კოდუას, ელენე ქიშმარიას, ნინო გვარამიასა და რომან გაბუნიას, ვინც კარგად დაეუფლნენ მინანქრის პროფესიას,  საჩუქრად გადავცემთ მინანქრის გამოსაწვავ ღუმელებს".

ლანა კოდუა, ბენეფიციარი: "ოთხი შვილის დედა ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი. ჩვენს ქვეყანაში, სადაც მინანქრის კეთების უდიდესი ტრადიციაა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ეს ხელოვნება. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და ამით შემიძლია ჩემს ოჯახს დავეხმარო, ბავშვები აღვზარდო".

"რედისონში" მოწყობილი მშვენიერი გამოფენა-გაყიდვა ტორტის გაჭრით დასრულდა. კულინარიული შედევრი, რომლითაც ყველა სტუმარი მოიხიბლა, ყოფილი ბენეფიციარის, ელენეს ნახელავია. მას კულინარიაც შეასწავლეს და მინანქრის კეთებაც. მასაც და მის მეგობრებსაც აღარასოდეს გაუჭირდებათ პროფესიონალიზმის წყალობით.

P.S. ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს გაძლიერების მნიშვნელოვანი ეტაპია. ძლიერი ოჯახი - ძლიერი საქართველოა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები