"თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე!" - კვირის პალიტრა

"თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე!"

მიკროავტობუსების კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდიცირების სისტემა მოწესრიგებულია და მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს ფარავს.

"თბილისის მიკროავტობუსის" კატეგორიული მითითებით, მძღოლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში კონდიცირების სისტემა უნდა ჰქონდეთ ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება, გამოიყენოს მკაცრი სანქციები. გთხოვთ, ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოთ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრის ნომერზე 2 200 340.

ეს ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ცხელ ზაფხულს მგზავრობისას მაინც გავუმკლავდებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ მგზავრებს ჰკითხავთ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით.(?!)

თამარ თუთბერიძე: - დღეს 202 მარშრუტით ვმგზავრობდი - გლდანიდან მოდის ვაკეში. მძღოლს ვთხოვე, კონდიციონერი ჩაერთო და შეტევაზე გადმოვიდა, არ ჩავრთავო! რომ ვუთხარი, შენატანისაგან გაგათავისუფლათ კომპანიამ-მეთქი, მიპასუხა, ტყუილიაო. უკან მეგობარი მძღოლი ეჯდა და ისიც აყვირდა, თქვენ რა იცით ჩვენი გაჭირვებაო. მგზავრები ჩუმად ისხდნენ, გეგონება, მხოლოდ მე მაწუხებდა სიცხე. მივმართე, დაიცავით თქვენი უფლება-მეთქი. ხმა არავის ამოუღია... პროტესტის ნიშნად 50 თეთრი გადავიხადე.

ლიანა პაპიძე: - ვაგზლიდან მოვდიოდი შვილთან ერთად და ქარვასლასთან ბავშვს სიცხისგან გული წაუვიდა. მინდოდა, ცხელ ხაზზე დარეკვა, მაგრამ არ მიპასუხეს. მგონია, მძღოლსა და კომპანიაზე ადრე ისევ ამინდი შეგვეწევა.

ვამეხ არზიანი: - დღეში ორჯერ მაინც მიწევს 197 ნომრით მგზავრობა და ვერც ვიხსენებ, ბოლოს როდის ჰქონდათ ჩართული. გინდა იჩხუბე, გინდა იყვირე, ტყუილად მოიშლი ნერვებს, მძღოლების პასუხია, თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე! კონდიციონერი გაფუჭებულია და ჩაურთველობისთვის როგორ დაგვსჯიანო?! "

ილარიონ ქოიავა: - მძღოლები ამბობენ, ცხელ ხაზზე თუ დარეკავთ, ჩვენც გაგვიხარდება, გაფუჭებული კონდიციონერები იქნებ შეაკეთონო. ერთმა მძღოლმა მითხრა, როდესაც მძღოლების წახალისებაზე ლაპარაკობენ, სამლარიან შეღავათს გულისხმობენო. ცხელ ხაზზე ვცადე დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. "თბილისის მიკროავტობუსს" მეტი პასუხისმგებლობა მართებს განცხადებების გაკეთებისას.

ნინო ნარიმანიძე: - გუშინ #17 სამარშრუტო ტაქსის ჩართული ჰქონდა კონდიციონერი და შედარებით კომფორტულად ვიმგზავრე, დღესაც რომ მოვთხოვეთ, მშვიდად გვითხრა, გაფუჭდაო. თვითონაც ხომ წუხდებიან ამ სიცხისგან, წარამარა ოფლით დანამულ სახეს იწმენდდა.

ნათია მიქიაშვილი, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსების" წარმომადგენელი: - ჩვენი სამსახური მთელი დღე აწარმოებს მონიტორინგს. მათი მონაცემებით, დედაქალაქში მოძრავი 1800 მიკროავტობუსიდან კონდიცირების სისტემა 80%-ში მუშაობდა. დამოუკიდებლად მონიტორინგი ჩაატარა დედაქალაქის მერიამ და დაადგინა, რომ 70%-მდე მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემა ჩართული იყო. ეს 10%-იანი ცდომილება შესაძლებელია დავუკავშიროთ იმას, რომ მერიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები დედაქალაქის გარეუბნებში არ მოძრაობდნენ.

რაც შეეხება ვიდეოფაქტებს, როდესაც მძღოლი ცრუობს, რომ კონდიციონერი არ მუშაობს და შეგნებულად რთავს ვენტილატორს, რომელიც უბერავს ცხელ ჰაერს, ტექნიკურად ამის გაკეთება შესაძლებელია ერთი ღილაკის გამოყენებით.

360 000 მგზავრზე მეტი გადაგვყავს დღის განმავლობაში და შესაძლებელია, ნაწილი უკმაყოფილო იყოს. იმ მიკროავტობუსებში, რომელთაც არ ჰქონდათ კონდიცირების სისტემა ჩართული, შესაძლოა, ამორტიზაციის პრობლემა იყო. დღის განმავლობაში მიკროავტობუსი დაახლოებით 400 კილომეტრს გადის და მათ 9-11%-ს შესაძლებელია ჰქონოდა მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევა.

700-ზე მეტ მძღოლს უკვე დაუწესდა სანქცია. ეს გულისხმობს როგორც პირველად გაფრთხილებას, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიკროავტობუსის მართვას. ჯერჯერობით არც ერთს არ ჰქონია მესამე შემთხვევა - როცა კომპანია წყვეტს მათთან ხელშეკრულებას. შარშან იყო ასეთი ფაქტები - ერთსა და იმავე მძღოლზე სამჯერ შემოვიდა პრეტენზია და კომპანიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

აბსურდია განცხადება, რომ კომპანია მძღოლებს 3 ლარს უხდის. ჩვეულებრივი მათემატიკაა - გამოიანგარიშება, კონდიცირების შემთხვევაში რამდენი ემატებათ საწვავის ხარჯი და ამას კომპანია იხდის.

- ბევრი პრეტენზია ისმის თქვენს ცხელ ხაზზე.

- როდესაც ბევრი ზარი შედის ერთდროულად, სისტემურად ფიქსირდება, თითქოს არავინ პასუხობს, მაგრამ გარწმუნებთ, თუ მეორედ და მესამედ დარეკავთ, აუცილებლად გიპასუხებენ. ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს დილის 8-დან 22.30 საათამდე.

ეკა სალაღაია