"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული" - კვირის პალიტრა

"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული"

"თბილისში, სადაც კი შედარებით დაბალი კლასის ბარები, მასაჟის ცენტრები და სასტუმროებია, გადასამოწმებელია - მათი რეალური საქმიანობის სფერო პროსტიტუციაა"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი, ასევე 56 მამაკაცი (15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე) მიიყვანეს.

მზია თოდუა,"საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: - გამიხარდა, როცა გავიგე, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდებარე ბარებში პროსტიტუციის გამოვლენის მიზნით, რეიდი ჩაატარეს. მოვითხოვთ, რომ ამგვარ რეიდებს რეგულარული ხასიათი მიეცეს. აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ ის პირები, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ამგვარი კერების გაჩენას დედაქალაქში და მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის გამო რომ დაისჯებიან, სხვა თავგასულებიც გაფრთხილდებიან.

რამდენი ხანია საუბრობენ, რომ ამ სამარცხვინო საქმეში არასრულწლოვნებს ითრევენ.

მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებული, მთელ აღმაშენებლის გამზირზე, მზის ჩასვლასთან ერთად ყველაფერი იცვლება. ქალები შიშით გარეთ ვერ გამოდიან - მიადგებიან და ფულს სთავაზობენ სექსუალური მომსახურებისთვის.

ჩვენი ოფისი 2010 წლიდან აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. თავდაპირველად #124-ში დავიქირავეთ ფართობი, რომლის ქვემოთაც ბორდელი იყო გახსნილი. ვითომ ბარები აქვთ და სინამდვილეში, ზღვარგადასული ამბები ხდება. მერე შენობა, რომელშიც ოფისი გვქონდა, თურქზე გაიყიდა. იქ ახლა ვითომ სასტუმროა, სინამდვილეში კი საროსკიპოა. შემდეგ გადმოვედით აღმაშენებლის #97-ში, საიდანაც ერთი თვის წინ ისევ გამოგვისტუმრეს - ფართობის მესაკუთრემ ხელშეკრულება დაარღვია და დენი და გაზი გადაგვიჭრა, რათა დაგვეტოვებინა შენობა. ახლა იქ ვითომ მასაჟის ცენტრი გახსნეს. მოპირდაპირედაც არის ე.წ. კაფე... კომპოზიტორთა სახლის ქვეშ თუ ბორდელი იქნებოდა, ვინმე იფიქრებდა?! მაგრამ დადასტურდა ეს ფაქტიც. სპეციალურად გავგზავნე ჩემი თანამშრომელი ბიჭები, რათა საკუთარი თვალით ენახათ, რა ხდებოდა იქ, თუმცა არ შეუშვეს, ისევე როგორც სხვა ქართველები. დაცვის კუნთმაგარი თანამშრომლები პირდაპირ აცხადებდნენ, ქართველი მამაკაცების შეშვება გვეკრძალებაო. სამაგიეროდ, ქართველი გოგონები თავისუფლად შედი-გამოდიოდნენ. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა, საზოგადოებასთან ერთად, განგაშის ზარები შემოვკარით, ეს კერა მოიშალა...

თბილისში, სადაც კი შედარებით დაბალი კლასის ბარები, მასაჟის ცენტრები და სასტუმროებია, გადასამოწმებელია - გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მათი რეალური საქმიანობის სფერო პროსტიტუციაა, რომელთა უმრავლესობაშიც არასრულწლოვნები არიან ჩართული. ამ ბავშვების მშობელთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, მათი შვილები რით არიან დაკავებული. ზოგი არასრულწლოვანი უსახლკაროა.

- კანონი რამდენად მკაცრია მათ მიმართ?

- კანონი მექოთნის როლშია. ვისაც უნდათ, სჯიან, ვისაც არა - არა. საკითხავია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, რას ჩათვლიან მტკიცებულებად და რას - არა... რა ვიცი, შეიძლება, ადმინისტრაციული ჯარიმა აკმარონ, შეიძლება მკაცრად აგებინონ პასუხი.

იმედს ნუ დავკარგავთ, ფაქტია, შსს გააქტიურდა, სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი, გაფაციცებით ველით, სად ჩატარდება შემდეგი რეიდი.

ეკა სალაღაია