"თბილისის ზღვაზე ყველაზე საშიში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაა" - კვირის პალიტრა

"თბილისის ზღვაზე ყველაზე საშიში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაა"

თორღვა თორღვაშვილი: "ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ეს შესაძლებელია სხვისი ან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. თუ ვფიქრობთ, რომ გვაქვს მინიმალური შანსიც კი, ადამიანი ვიხსნათ განსაცდელისგან, ამ დროს არც ერთი მაშველი საკუთარ თავზე აღარ ფიქრობს"

ზაფხული აქტიურ ფაზაში შევიდა და თბილისის ზღვაზე დამსვენებელთა რიცხვმა იმატა. რა ხდება ფატალური შემთხვევების ხშირი მიზეზი და რომელია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცურვისათვის ყველაზე საშიში ზონები? - ამ საკითხებზე მაშველ თორღვა თორღვაშვილს გავესაუბრეთ.

- მაშველის სტატუსი 15 წლის წინ მივიღე. სანამ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დავიწყებდი მუშაობას, ერთ ოპერაციას პირადად შევესწარი. ამან უფრო გაამძაფრა სურვილი, მაშველი გავმხდარიყავი.

ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ეს შესაძლებელია სხვისი ან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. თუ ვფიქრობთ, რომ გვაქვს მინიმალური შანსიც კი, ადამიანი ვიხსნათ განსაცდელისგან, ამ დროს არც ერთი მაშველი საკუთარ თავზე აღარ ფიქრობს.

- ადამიანები საფრთხეში ხან დაუდევრობით ვარდებიან, ხან გამიზნულად, ალბათ, კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოთ, რომ თვალის დევნებისას არაფერი გამოგრჩეთ.

- ადვილად ამოვიცნობთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც გამიზნულად აპირებენ, თავი საფრთხეში ჩაიგდონ.

ერთხელ ერთი ადამიანი წყალში შესვლამდე შევნიშნე. განცალკევებით იდგა, ურეაქციოდ, თითქოს გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. გავესაუბრე. 15-20 წუთის განმავლობაში მხოლოდ მე ვლაპარაკობდი. მერე, ნელ-ნელა ისიც შემოვიდა კონტაქტში და შევძელი მისი აფექტიდან გამოყვანა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დავრწმუნდი, რომ თავის მოკვლას აღარ აპირებდა. ოჯახს დაურეკა, მეუღლეც მალევე მოვიდა. ერთი საათი კიდევ იყვნენ სანაპიროზე და საუბრობდნენ...

ძალიან რთულია იმ ადამიანის გადარჩენა, ვინც ცდილობს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. როდესაც ადამიანს უნდა რომ გადარჩეს, თავად გეხმარება, სუიციდის მცდელობისას კი ყველანაირად გიშლის ხელს. ჩვენ გავლილი გვაქვს ფსიქოლოგიური მომზადება, რომ მსგავს სიტუაციებში სწორი გზავნილები მივაწოდოთ აფექტის მდგომარეობაში მყოფებს. ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოლოგის ამპლუის მორგებაც გვიწევს.

- თქვენს ყურადღებას, ალბათ, სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ზოგი ღიზიანდება, ზოგიც პირიქით...

- კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ: მოქალაქე მტკვარში თავის დახრჩობას ცდილობდა. მშვიდი დინება იყო და წყალში ვერ იძირებოდა. როგორც კი მივუახლოვდებოდით, წყალში ყვინთავდა. ასეთ დროს ადამიანი აფექტშია და საოცრად აგრესიულია...

- როგორ ხდება ტერიტორიის დაყოფა და გაკონტროლება?

- იქ, სადაც ხალხმრავლობაა, გამუდმებით ვპატრულირებთ. დაღამებისას სანაპირო ზოლზე აღარ არიან დამსვენებლები და ოპერატიული შეტყობინებების შესაბამისად ვმოქმედებთ. რაც შეეხება ტერიტორიის დაყოფას, სანაპირო ზოლზე მაშველების რაოდენობა დამსვენებელთა რაოდენობის ადეკვატურია. სტანდარტულად, 2 მაშველია პასუხისმგებელი, თვალყური ადევნოს 300-მეტრიან მონაკვეთს. თავის მხრივ, კონტროლდება მაშველთა მუშაობის ხარისხიც. ყოველ 20 მაშველს ერთი მეთვალყურე ჰყავს მიჩენილი.

- რომელია განსაკუთრებით საშიში ადგილები თბილისის ზღვაზე?

- იმ ადგილებში, სადაც არ არის მოწყობილი პლაჟი, არ არის შემოფარგლული ცურვისთვის უსაფრთხო ტერიტორია, არ პატრულირებენ მაშველები, რეკომენდებულია, თავი შევიკავოთ წყალში შესვლისგან. განსაკუთრებულად საშიშია ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია, იქ დინება სწრაფი, ღრმა და არაკონტროლირებადია. კარგ მოცურავესაც შეექმნება პრობლემა. საშიშ ზონად მიიჩნევა ის ადგილებიც, სადაც წყალმცენარეებია, რადგან არ ჩანს ზღვის ფსკერი, დინება კი სწრაფია. მსგავსი ადგილი თბილისის ზღვაზე მრავლადაა.

- წლევანდელი მონაცემებით, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ?

- წელს საქართველოს მასშტაბით 100-მდე კაცს, აქედან 60-მდე შავიზღვისპირეთში გადავარჩინეთ.

- რა ხდება ფატალური შედეგების ყველაზე ხშირი მიზეზი?

- უმეტესად დაუდევრობა, ხშირად სიმთვრალეში ან ნაბახუსევზე წყალში შესვლა. ასევე, ისეთ ადგილებში ბანაობა, სადაც ცურვა აკრძალულია.

ჩვენ, მაშველები, მუდმივად მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ მოქალაქეებს, მაგრამ

უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული დამსვენებელი გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.

გისურვებთ ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გატარებას.

ეკა სალაღაია