ძეგლთა ღაღადი - კვირის პალიტრა

ძეგლთა ღაღადი

"იუნესკო" პირვანდელი სახის ბაგრატის ტაძარს მიიჩნევდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებად და არა ისეთს, როგორიც დღეს გვაქვს. ასეთი უნიკალური ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში აღარ არის

"იუნესკოს" ექსპერტებს სვეტიცხოვლის კონდიციონერებთან დაკავშირებით ვკითხე (კომპლექსის ერთ-ერთ გალავანში ჩამონტაჟებული კონდიციონერები არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი). კონდიციონერების მოხსნა პრობლემა არ არის, პრობლემა შეგნებაშიაო, - მიპასუხეს

რამდენიმე დღის წინ "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიამ, რომელიც კრაკოვში მიმდინარეობდა, მოიწონა რა გელათის სამოდიფიკაციო საზღვრები, მიიღო გადაწყვეტილება, სამონასტრო კომპლექსი ამოეღო საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან და დაებრუნებინა "იუნესკოს" ძირითად ნუსხაში. ამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მეორე ქართული ძეგლის - ბაგრატის ბედიც. მას ოფიციალურად ჩამოერთვა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ბოლო რამდენიმე წელია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა არაერთხელ გამხდარა პროტესტის მიზეზი. არის თუ არა დაცული ძეგლები საქართველოში და რა ბედი ელის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უცხო მიწაზე, ამ საკითხებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გვესაუბრა.

სტატუსდაკარგული ბაგრატი

ნიკოლოზ ანთიძე: - ბაგრატის რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდა. მე ვერ შევაფასებ შედეგს, თუმცა, ღირებული ერთი მთავარი მესიჯია, რომელიც "იკომოსისა" და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მივიღეთ - ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. მოგიყვანთ ფრაგმენტს "იკომოსის" დასკვნიდან:

"გამოუყენებელი დარჩა 400-მდე ავთენტური ქვა, რაც კვლევების არაჯეროვნად შესრულებაზე მიუთითებს".

ჩამოთვლილ მიზეზებში ნახსენებია კვლევების არასრულფასოვნად ჩატარება, რეაბილიტაციის პროცესში შეუთანხმებლობა "იუნესკოსთან". რაც მთავარია, "იუნესკო" პირვანდელი სახის ბაგრატის ტაძარს მიიჩნევდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებად და არა ისეთს, როგორიც დღეს გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უნიკალური ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში აღარ არის.

იყო საფრთხე, რომ ბაგრატს გადაჰყვებოდა გელათიც, თუმცა, იქ სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, არსად გვეჩქარება და პროცესი მუდმივი კვლევის ნაწილია. 4 წელი დაგვჭირდა, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც კრაკოვში დადგა, ანუ გელათი დაუბრუნდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას.

ვარძიის ოქროს კვეთა

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. თავდაპირველი შიში, რომ მხატვრობის 2%-ც ვერ აღდგებოდა, გაქარწყლდა - დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაძრის მხატვრობა სრულად იქნება რესტავრირებული.

ტაძრის მიმდებარედ, ეპარქიასთან ერთად შევარჩიეთ რამდენიმე ადგილი, სადაც სანთლის დანთება იქნება შესაძლებელი. განახლდება ელექტრომომარაგება, დავამონტაჟებთ ხანძარსაწინააღმდეგო ალარმებსაც.

მზადდება პროექტი მუზეუმ-ნაკრძალის გარეთ სამონასტრო ცხოვრების განვითარებისთვის. დაკეტილი აღარ არის თამარის წყარო, ჩვენ დავამონტაჟეთ შუშის კედელი და მსურველს შეუძლია მისვლა. ტაძრის გასაღები ახლა ადმინისტრაციასაც აქვს (ადრე მხოლოდ ბერებს ჰქონდათ და მონიტორინგს ადმინისტრაცია ვერ ახორციელებდა, რის გამოც თავის დროზე ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა. - ავტ.), ვარძიაში მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც - ახალაღმოჩენილი ქვაბულების მოწყობა ტურისტებისთვის, კლდის გამაგრება.

რუისის საკათედრო ტაძარს გაჯით ლესავდნენ

სამწუხაროდ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ემორჩილებიან ადამიანები, ისე შესაძლებელია არც საპატრიარქოს ემორჩილებოდნენ ზოგიერთნი რეგიონებში. ერთხელ ურბნისში ჩავედით - გავიგეთ, რომ რუისის საკათედრო ტაძარს გაჯით ლესავდნენ(?!). ადგილზე უფრო შემაშფოთებელი რეალობა დაგვხვდა. ვცდილობდით, სასულიერო პირები და მრევლი დაგვერწმუნებინა, რომ ამგვარი სამუშაოები ძეგლს მნიშვნელოვნად აზიანებდა და თან კანონსაწინააღმდეგოც იყო. არავინ გვისმენდა. მერე საუბარი შელაპარაკებაშიც გადაიზარდა და იქიდან ცოცხლებმა ძლივს გამოვასწარით...

"ჩვენი აშენებულია და თქვენ ვინ გეკითხებათო"(?!)

2011 წელს ვერ მოვახერხეთ შეგვეჩერებინა დაუშვებელი სამუშაოები ბათუმში, წმ. ბარბარეს ეკლესიაში. აღშფოთებულები ვკითხულობდით, რატომ აკეთებდნენ ამას. გამაოგნებელი იყო მათი პასუხი, - ჩვენი აშენებულია და თქვენ ვინ გეკითხებათო! არადა, XVIII საუკუნის ძეგლია. ეს ვანდალიზმი ვერ შევაჩერეთ და განსაკუთრებული არქიტექტურული ტაძრის ნაცვლად, ახალაშენებული ნაგებობა მივიღეთ.

"პრობლემა შეგნებაშიაო..."

2002 წლიდან არაერთი უნებართვო სამუშაო ჩატარდა ძეგლებზე. სამწუხაროდ, შარშან მხოლოდ ერთის დემონტაჟი შევძელით - აკაურთის ეკლესიას მინაშენი მოვხსენით. მცხეთაში ჩამოსულ იუნესკოს ექსპერტებს სვეტიცხოვლის კონდიციონერებთან დაკავშირებით ვკითხე (კომპლექსის ერთ-ერთ გალავანშIი ჩამონტაჟებული კონდიციონერები არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი. - ავტ.). კონდიციონერების მოხსნა პრობლემა არ არის, პრობლემა შეგნებაშიაო, - მიპასუხეს. როცა ძეგლზე რაიმე სამუშაოს ჩატარებას აპირებ, აუცილებლად უნდა ჰკითხო სპეციალისტს.

წვიმა ისტორიას შლის...

ქვის ლორფინი, რომლითაც გადახურულია ფიტარეთის მონასტერი, დაზიანებულია. მისი აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ქვის ლორფინი ძეგლის პერიოდის ანუ XII საუკუნისაა. გადავწყვიტეთ, არ დავკარგოთ და მიუხედავად რისკებისა, სრული რეაბილიტაცია ვცადოთ. ვიმედოვნებთ, გაგვიმართლებს და შევაჩერებთ მონასტერში წყლის ჩადინებას. გაისად დაიწყება უნიკალური კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებიც.

შევაჩერეთ კომპანია "სიემჯის" გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვაც. კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ მიწისზედა ძეგლები, არამედ არის არქეოლოგიაც. ამიტომ თანხმობა გაიცემა კულტურული მემკვიდრეობის კომპონენტების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა იყოს შესწავლილი ბნელი ხევის არქეოლოგია. უნდა დადგინდეს, ტრაქტორების შეყვანა, გვირაბების გაყვანა თუ აფეთქებები რა ზეგავლენას მოახდენს ფიტარეთსა და ხულუტის ციხეზე.

შესაფასებელია აფეთქების შედეგად წარმოშობილი მტვრის არეალი და მიმართულებაც. თუ ის მონასტრამდე მიაღწევს, შეიძლება დააზიანოს კედლის მხატვრობა.

შაორის ტბამ, რომელიც კომუნისტების დროს დააგუბეს, სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო ნიკორწმინდის მხატვრობა და დღესაც ვნებს, რადგან ჭარბი ნესტი კედლის მხატვრობის პირველი მტერია. თუ ამგვარი სამუშაოები შესწავლილი და დადასტურებული არ იქნება, კომპანიას მათი დაწყების საშუალება არ მიეცემა!

ციხესიმაგრე ფუნქციას იბრუნებს

არსებობს მემკვიდრეობა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოს. ასეთია არქეოლოგია და ციხესიმაგრეები. მერწმუნეთ, მათ სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ რამდენიმე ციხესიმაგრის რეაბილიტაციას ვატარებთ. გვინდა შეიქმნას კარგი საინვესტიციო პირობები და კერძო პირებს გაუჩნდეთ მათი მოვლის სურვილი. მაგალითად, მიმდინარეობს ხერთვისის ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობა, რაც შესაძლებელს ხდის, ძეგლმა თავისი თავი შეინახოს. ვგულისხმობ ბილეთების გაყიდვას, ვიზიტორთა ცენტრს, კაფეს... გარდა ამისა, გვაქვს იდეა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ საფორტიფიკაციო დანიშნულების ციხეების რეაბილიტაციაც. მაგალითად, სხვილოს ციხისა (სამთავისის ახლოს). ასეთი ციხეები შეიძლება ელიტური დანაყოფების დისლოკაციის ადგილი გახდეს, სადაც მხოლოდ გარკვეულ დღეებში შეეძლებათ მსურველებს მისვლა. ძეგლები ხომ მოვლილი იქნება და ამასთან, სიმბოლურად დაიბრუნებენ პირვანდელ მნიშვნელობას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ კონკრეტული ციხეები გადაეცეს კერძო ინვესტორებს სამართავად.

ნინო ბურჭულაძე

გაგრძელება შემდეგ ნომერში