"ენდი ნარსიას გვარ-სახელზე კარგა ხანს ვიცინე" - კვირის პალიტრა

"ენდი ნარსიას გვარ-სახელზე კარგა ხანს ვიცინე"

ლექსო ჩემია: "ენდი ნარსიას როლზე უნდა გაგსინჯოთო რომ დამირეკეს, კარგა ხანს ვიცინე, სახელმა და გვარმა გამამხიარულა. რეალურ ცხოვრებაში მე და ენდი ნარსია ცა და დედამიწასავით ვართ, კაპიუშონით, წვერით, საყურით, შორტებით რომ მივედი სინჯებზე, ქალბატონმა ეკამ მითხრა, ახლა ისე გაცვია, როგორც არ უნდა ეცვას ენდი ნარსიასო"

"ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი გმირის, ენდი ნარსიას გამოჩენამ ყველა გაამხიარულა. მის როლს მესხეთის თეატრის მსახიობი, 30 წლის ლექსო ჩემია ასრულებს. რას საქმიანობდა და როგორ მიმდინარეობდა ლექსოს ცხოვრება სერიალში გამოჩენამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მას შემდეგ მოვხვდი, რაც "ჯაყოს ხიზნებში" ჯავახიშვილის როლი შევასრულე. ამის შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კიდევ რამდენიმე როლი შემომთავაზა და აგერ უკვე მე-5 სეზონია, დასის წევრები ვართ მე და ჩემი მეუღლეც. თეატრალურ სეზონზე თეატრის შენობაში ვცხოვრობთ. ასე გაზაფხულის მერცხლებივით ჩამოვფრინდებით გაზაფხულზე ახალციხეში მე, ჩემი შვილი თომა და მეუღლე ანი, მერე კი ისევ თბილისში ვბრუნდებით...

- სერიალში როგორ მოხვდით?

- ქალბატონი ეკა მჟავანაძის მეშვეობით, მოდი, ენდი ნარსიას როლზე უნდა გაგსინჯოთო რომ დამირეკა, კარგა ხანს ვიცინე, სახელმა და გვარმა გამამხიარულა.

რეალურ ცხოვრებაში მე და ენდი ნარსია ცა და დედამიწასავით ვართ, კაპიუშონით, წვერით, საყურით, შორტებით რომ მივედი სინჯებზე, ქალბატონმა ეკამ მითხრა, ახლა ისე გაცვია, როგორც არ უნდა ეცვას ენდი ნარსიასო. გადამაცვა პიჯაკი, პერანგი, გადამიღეს და დაახლოებით 3 საათის შემდეგ დამირეკეს და მახარეს, გილოცავ, დამტკიცებული ხარო.

ენდი ნარსია ძალიან აიტაცა მაყურებელმა. პრომო რომ გავიდა, მხოლოდ წამით ვჩანდი. სერიის გასვლა ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი საშინელი ხანძრის გამო გადაიდო და ფორუმზე წერდნენ, ენდი ნარსიას ნახვამდე კიდევ ერთი კვირა რა მოიცდისო. აჰყვნენ ერთმანეთს, აგორდა, აგორდა და აჰა, გამოჩნდა ენდიც, როგორც იქნა. ბათუმიც მოიარა ბარბარიკასთან ერთად. იმედია, ახალ სეზონში ახალ რაღაცებს გამოავლენს ბატონი ენდი.

- რა უდევს გულში, ვერ გავიგე, თუმცა, არა მგონია გულუბრყვილო ჩანაფიქრი ამოძრავებდეს.

- სიმართლე გითხრათ, რაც თქვენ იცით, მეც ის ვიცი. როგორც ლექსომ, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთში მცხოვრებ დამწყებ ბიზნესმენ ენდი ნარსიას 21-ე საუკუნეში გარიგებით ორსული ბარბარიკა რომ მოჰყავს ცოლად, ალბათ, მის ამ გადაწყვეტილებას რაღაც სარჩული უდევს. ანგარებასთან უნდა გვქონდეს საქმე, თორემ ერთი ნახვით სიყვარული?... კი, ლამაზი გოგონაა, მაგრამ ჩემთვის

წარმოუდგენელია გარიგებით ქორწინება და მადლობა ღმერთს, არც მემუქრება, უკვე 12 წელია დაქორწინებული ვარ.

- მსახიობობა ბავშვობიდანვე გსურდათ?

- არავინ მყავს მსახიობი. ხომ არის, მშობლების ან ბებია-ბაბუის კვალად რომ ირჩევენ ამ პროფესიას და ბავშვობიდანვე თეატრალურ ცხოვრებას ეცნობიან, როგორც ახლა ჩემი თომა - ყველა რეჟისორის უცვლელი"ასისტენტია, გვერდიდან არ სცილდება. არ მახსოვს, როდის გადავწყვიტე არტისტობა, მგონი, ყოველთვის მინდოდა. მეკითხებიან, სხვა რაღაცის კეთება არ გინდაო? მე ვპასუხობ, სხვა რაღაცის კეთება არ ვიცი-მეთქი.

- კიდევ რას მიამბობთ თქვენ შესახებ?

- სოხუმი რომ დავტოვეთ, 5-6 წლის ვიყავი. ფოთში გემით ჩავედით, იქ ვცხოვრობდით კარგა ხანს, მერე თბილისში...

მახსოვს, სოხუმის კოლორიტი "მარადონა", ზამთარ-ზაფხულ შორტებით რომ დადიოდა, დიდი წვერით, გარუჯულ კისერზე მძივივით ასხმული ნიჟარებით, ბავშვები ძალიან უყვარდა. "მარადონა" მოდისო, დაიძახებდნენ და გამოვეფინებოდით...

ჩემი სახლი ახლაც დგას, ჩემიც და ჩემების ყველაზე ლამაზი სიზმრები იმ სახლის კედლებში ვითარდება. წუხელ სიზმარში ჩვენს სახლში ვიყავი, იტყვის ხოლმე დედაჩემი. იმედია, ოდესმე დავბრუნდებით ჩვენს ლამაზ აფხაზეთში.

ეკა სალაღაია