"ასე მეგონა, ზურგს უკან ჩემი 28 წლის მამა იდგა და მიყურებდა..." - კვირის პალიტრა

"ასე მეგონა, ზურგს უკან ჩემი 28 წლის მამა იდგა და მიყურებდა..."

"როცა დავხედე ანკეტას და მასზე 28 წლის მამაჩემის ფოტოს, რომელსაც გულზე საკონცენტრაციო ბანაკის ნომრიანი აბრა ჰკიდია, დავმუნჯდი"

"მამის საფლავს 74 წელი ამაოდ ვეძებდი. დღეს კი განგებამ ინება, რომ მისი საფლავი მეპოვა, - მეუბნება ბევრისთვის ცნობილი ადამიანი, "თბილავიამშენის" ყოფილი დირექტორი, ვაჟა (პანტიკო) თორდია. თუმცა ამჯერად ჩვენი საუბარი დიდ ავიაციას კი არა, მის ოჯახს ეხება. როდესაც მის მონათხრობს უსმენ, სიცოცხლეს უფრო მეტად ეჭიდები - ასეთი ამბების არსი სწორედ ბედისწერაზე დაფიქრებაა...

- 1936 წელს ზუგდიდში, ზემო ეწერში დავიბადე. ჩემს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ. უფროსი ძმა 7 წლისა იყო, როცა მამა ომში წავიდა. ამ დროს ბაბუაჩემი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. შეეძლო, ვაჟი და მით უფრო ოთხი უსუსური შვილის მამა არ გაეშვა ფრონტზე, მაგრამ თქვა, - სხვების შვილები თუ მიდიან, ჩემიც უნდა წავიდესო! ასე წავიდა ჩემი 26 წლის მამა, შალვა თორდია ომში. რამდენიმე თვის შემდეგ მძიმედ დაჭრილი ქუთაისის ჰოსპიტალში გაამწესეს. გამომჯობინდა და ისევ ფრონტზე, როსტოვში უკრეს თავი. დედაჩემმა და ბებიაჩემმა სანოვაგე გაამზადეს და მის სანახავად წავიდნენ. იქ აღარ დახვდათ - მილეროვოში გავგზავნეთო... შემდეგ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა მივიღეთ.

მამაჩემის ომში წასვლის შემდეგ დედაჩემი ჯაფამ წელში იმდენად გატეხა, რომ ლოგინად ჩავარდა, ამიტომ ოთხივენი ბავშვთა სახლში გაგვამწესეს. იქ ყოფნა მხოლოდ მე და ჩემმა დამ ავიტანეთ, ორი ძმა კი იმდენად ცუდად გახდა, რომ ნათესავებმა წაიყვანეს. ბავშვთა სახლში ჩვენ გარდა კიდევ 300 ობოლი სხვადასხვა ეროვნების ბავშვი იზრდებოდა. მერე მე და ჩემმა დამ სკოლა დავამთავრეთ. ჯარში ავიასპეციალობა შემასწავლეს. მამაჩემის ძმას სარატოველი მეუღლე ჰყავდა და ჯარიდან რომ დავბრუნდი, მითხრა, - სარატოვის ინსტიტუტში ისწავლე და ჩემი მეუღლის მშობლებთან იცხოვრებო. საავიაციო ფაკულტეტზე მოვხვდი, სამუშაო ვიშოვე, კარიერაც სწრაფად გავაკეთე, თუმცა, არასოდეს მიფიქრია სხვის მიწაზე დარჩენა. ჩამოვედი უბინაო და უფულო თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომელსაც იმ წლებში გრანდიოზული დატვირთვა ჰქონდა, - აქ ომის დროს ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო ქარხანა გადმოიტანეს. მერე ქარხნის დირექტორი გავხდი და მრავალი პრობლემის მიუხედავად, დღესაც ვმუშაობ.

... მამის საფლავს 74 წელი ამაოდ ვეძებდი. დღეს კი განგებამ ინება, რომ მისი საფლავი მეპოვა, რაშიც გერმანიაში მცხოვრები რუსი ქალბატონი დამეხმარა. გაზაფხულზე დამირეკა, - გერმანული სამედიცინო პერსონალი თბილისში მოემგზავრება და გთხოვთ უმასპინძლოთო. ისიც მითხრა, - ომში დაღუპულთა დოკუმენტაციას გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და რახან მოსკოვში მივდივარ, მამაშენის დოკუმენტაციასაც მოვძებნიო. მოძებნა.

როცა დავხედე ამ ქალბატონის გამოგზავნილ ანკეტას და მასზე 26 წლის მამაჩემის ფოტოს, რომელსაც გულზე საკონცენტრაციო ბანაკის ნომრიანი აბრა ჰკიდია, დავმუნჯდი. ის ლამსდორფის ტყვეთა ბანაკში 52051-ე საბჭოთა ტყვეა. მილეროვოს ფრონტზე საბჭოთა ჯარისკაცებს იარაღი არ ჰქონდათ, ათ ჯარისკაცზე მხოლოდ ერთი შაშხანა მოდიოდა. ბუნებრივია, ასეთი შეიარაღებით გერმანელების შეტევას ვერ გაუძლებდნენ და ვერც ტყვედ აყვანამდე თავის მოკვლას მოასწრებდნენ, როგორც ეს სტალინს უნდოდა - როგორც ცნობილია, სტალინი ამბობდა, საბჭოთა არმიას ტყვეები არ ჰყავს, ჰყავს მოღალატეებიო (ტყვეების აუღიარებლობის გამო ვერ შეძლო "წითელმა ჯვარმა" საბჭოთა ტყვეების დახმარება მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის ტყვეები სიკვდილს გადაარჩინა). ლამსდორფის ბანაკში მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნებიდან 300 000 ჯარისკაცი ჰყავდათ ტყვედ და მათ შორის - 40 000 საბჭოთა არმიიდან იყო. ექსპერიმენტებს გერმანელები უმეტესად საბჭოთა ტყვეებზე ატარებდნენ, იკვლევდნენ, თუ რა დატვირთვისა და ტკივილის გაძლება შეეძლო ადამიანს იმ პირობებში, როცა ტყვეებს მხოლოდ კარტოფილის ნახარშით (იშვიათად - კარტოფილითაც!) კვებავდნენ და თან უმძიმეს ფიზიკურ სამუშაოებზე დღედაღამ ამუშავებდნენ, შემდეგ კი პარალიზებულები ლაზარეთში გადაჰყავდათ, სადაც იხოცებოდნენ. ასე რომ, ტყვეთა ბანაკში საბჭოთა არმიას მხოლოდ ერთი დახვდა ცოცხალი... მამაჩემი 1944 წელს გარდაიცვალა.

- თქვენ ეს ადგილები ნახეთ?

- მეუღლესთან ერთად წავედი. ახლა იქ პოლონური მუზეუმია, სადაც საკონცენტრაციო შენობებიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი. როცა მუზეუმიდან გამოვედი, თვალუწვდენელ ტერასებს გავყევი, სადაც ტყვეები გარდაცვალების დროის მიხედვით არიან დასაფლავებულნი. ბოლო ტერასასთან ჩავიჩოქე და ჩემი სოფლიდან წაღებული მიწა მოვაყარე, ჩემი ხელით დაწურული ღვინო მოვასხი. იმ წუთში იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ზურგს უკან ჩემი 28 წლის მამა იდგა და მიყურებდა...

ახლა კი იმ ქართველებზეც დავიწყე ფიქრი, რომლებიც მამაჩემთან ერთად იქნებოდნენ. ალბათ ყველა თავის ჭირისუფალს ელის და გულით მინდა, ისინიც იპოვონ. ერთი პეშვი მიწა და ერთი ჭიქა ღვინო იმ ქვეყნად გასაგზავნადაც მადლია და ამქვეყნად საარსებოდაც. ადამიანის დანიშნულებაც ეგ არის - მადლის კეთება, უმადლოდ არ ვვარგივართ.…

ეთერ ერაძე