"შეგვჭამეს ვირთხებმა, შიშით ბავშვები ვერ ჩაგვიშვია ეზოში"
17-07-2017
"შეგვჭამეს ვირთხებმა, შიშით ბავშვები ვერ ჩაგვიშვია ეზოში"
წლების წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გაჭრილი საძირკველი გაუვალ ტყედ, ნაგავსაყრელად და საპირფარეშოდ იქცა. ზაფხულის დადგომისთანავე ჭაობის სუნს ქვეწარმავლების მომრავლება დაემატა

ელიავას ბაზრობიდან წერეთლისკენ გვეტაძის ქუჩას თუ აუყვებით, ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთამდე, ხის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიას უეჭველად შეამჩნევთ. დაახლოებით ორი ათას კვმ-ზე გაუვალი ტყეა. ვინ იცის, მის შუაგულში იქნებ ცხოველები, ან სულაც ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანებიც ცხოვრობენ...

წლების წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გაჭრილი საძირკველი გაუვალ ტყედ, ნაგავსაყრელად და საპირფარეშოდ იქცა. ზაფხულის
დადგომისთანავე ჭაობის სუნს ქვეწარმავლების მომრავლება დაემატა.

ამ ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს ბოსტნეულის მაღაზიაა. პროდუქტის საყიდლად მისული ქალბატონი გვეუბნება, რომ აქ წლების წინ ბარაკული ტიპის სახლები მდგარა. 90-იან წლებში კორპუსის მშენებლობის მიზნით სახლები დაუნგრევიათ და ახალი საძირკველიც გაუჭრიათ. სამი სართული აშენებულა კიდეც, თუმცა მერე მშენებლობა შეჩერებულა და
ტერიტორია გაუყიდიათ. ახალ მეპატრონეს აშენებული სამი სართული დაუნგრევია, თუმცა ახალი მშენებლობა აღარ დაუწყია.

მარინა, ამ უბნის მცხოვრები: "ქალაქის ცენტრი საპირფარეშოდ იქცა. დღის განმავლობაში იმდენი კაცი შედის მოსასაქმებლად, რომ ხანდახან რიგი დგას. საშინელი სუნია, ფანჯრების გაღება არ შეიძლება. ამას რომ თავი დავანებოთ, შეგვჭამეს ვირთხებმა, შიშით ბავშვები ვერ ჩაგვიშვია ეზოში, გველებსაც წააწყდებით...
წლებია, დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს... რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ".

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შესვლა სახიფათოა, მაინც ვბედავთ და სიღრმეში შევდივართ. შესასვლელში ძველი დივანი გდია. მის გარშემო საყოფაცხოვრებო ნაგავია მიმოფანტული. აქეთ-იქით ძველი საბურავები ყრია, ადგილ-ადგილ ცეცხლის კვალია... მძიმე სუნს ვერ ვუძლებთ და უკან ვბრუნდებით...

77 წელია, ამ ტერიტორიის მოპირდაპირედ ცხოვრობს ვასილ ორჯონიკიძე. კარგად ახსოვს ძველი სახლის დანგრევაც და ახლის აშენების მცდელობაც. "ამ ადგილას ექსპერიმენტული კორპუსის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ათბალიანი მიწისძვრისთვის უნდა გაეძლო. სართულები ბოგირებით უნდა გადაებათ. როგორც ხიდებს ჭიმავენ, ისე. სამი სართული ააშე­ნეს და ქვეყანაც აირია. სამშენებლო მასალა წლების განმავლობაში ქუჩაში ეყარა. მერე, მოსახლეობის მოთხოვნით, გაიტანეს. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ ადგილას ახალ სახლს ელოდებოდა, ნერვიულობას გადაჰყვა. რაღაც უნდა უშველონ ამ ადგილს - ან ააშენონ საცხოვრებელი, ან სკვერი გააკეთონ".

კიდევ ერთი აქაური, რომლის ფანჯრები ამ ადგილს გადაჰყურებს, ეკა გოგოლაძეა: "14 წლის ვაჟი მყავს და ამას წინათ ამბობდა, ხომ შეიძლება, ერთხელაც ამ ფანჯრიდან გადავიხედო და საპირფარეშო აღარ დავინახო? წერეთლის მხრიდან ტროტუარი ჩანგრეულია. ლენტებით კი შემოსაზღვრეს, მაგრამ გზაზე გავლაც საშიშია. ადამიანი რომ გადავარდეს, ცოცხალს ვეღარ ამოიყვანენ".

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვერსად ვნახეთ აბრა, რომელიც მიწის მესაკუთრის ვინაობას გვამცნობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს ტერიტორია რამდენჯერმე გასხვისდა, მის ბოლო მფლობელს, დიდი ძებნის მიუხედავად, ვერ მივაგენით.
სანამ ქალაქის ზედამხედველობის ან არქიტექტურის სამსახური დაინტერესდება წერეთლის გამზირის მცხოვრებთა გაუსაძლისი ყოფით, მოსახლეობას სიფრთხილე და გაძლება მოუწევს. იმ ადამიანების ბედიც გაურკვეველია, რომლებიც ამ ადგი­ლას ათეული წლებია ბინების აშენებას ელოდებიან...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით