როცა ოთარ კობერიძემ ქართული კინოს მშვენება გაიცნო, მას ოჯახი ჰყავდა. ლია კი გაშორებული იყო ქმართან... - კვირის პალიტრა

როცა ოთარ კობერიძემ ქართული კინოს მშვენება გაიცნო, მას ოჯახი ჰყავდა. ლია კი გაშორებული იყო ქმართან...

ოთარ კობერიძეს ბევრი ლამაზმანი შეხვედრია ცხოვრებაში, მრავალ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, მაგრამ...

"ბაში-აჩუკს" იღებდნენ მაშინ. კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა...

და აი, ის დღეც დადგა, რომელსაც ოთარ კობერიძე ასე იხსენებს: "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა."

ლია ელიავას მართლაც საოცარი შარმი ჰქონდა. მისი სინატიფე, კდემამოსილება და სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა. საოცრად დახვეწილი, გაწონასწორებული და თავშეკავებული…იყო. მათი შვილი, ნანა კობერიძე ამბობს: "დედას არ ჰქონია ლაღი ბავშვობა, ბევრჯერ ცრემლიც დაედინა, გაჭირვებაც გამოიარა, მაგრამ მისგან არასოდეს გამიგია ვინმეზე ცუდი. მოგვიანებით, როცა ჩვენი პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა, ბევრმა ახლობელმა ისე ატკინა გული, რომ ინფარქტი მიიღო, თუმცა, იმ საშინელმა პერიოდმა რომ გადაიარა, მოუბოდიშეს და დედამ ყველას დიდსულოვნად აპატია."

ასეთი იყო ლია ელიავა - მიმტევებელი, კეთილი და სხვათა დამცველი... "დათა თუთაშხიაში" დათა ლიას გმირს, თიკო ორბელიანს, როცა ის ჟანდარმერიას ოსტატურად გააცურებს, ეუბნება: ეს მხოლოდ ქალს შეეძლო, თანაც თქვენისთანა ქალს, მაგრამ, მაპატიეთ და თქვენ მაინც მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონოო.

რეალურ ცხოვრებაშიც "მოგზავნილი" იყო ლია ელიავა. მეუღლეც და ბევრი სხვაც უფლისგან "გამოგზავნილად", ღვთის საჩუქრად მიიჩნევდნენ.

როცა ოთარ კობერიძემ ქართული კინოს მშვენება გაიცნო, მას ოჯახი ჰყავდა. ლია კი გაშორებული იყო ქმართან. ამბობენ, მსახიობებისთვის იოლიაო ოჯახის დანგრევა, მათ მუდმივად სჭირდებათ ახალი გატაცება, ახალი ვნება და გრძნობა, რათა საჭირო ენერგიით "დაიმუხტონო"... მაგრამ საქართველოში მსახიობებთანაც რთულად იდგა ეს საკითხი, მით უფრო მაშინ.

სანამ "ბაში-აჩუკის" გადაღება დამთავრებოდა, უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა მათი ურთიერთობის შესახებ. დოდო ჭიჭინაძე მიამბობდა: "ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მაგრამ მათ წინაშე დიდი ბარიერი აღიმართა. ეს გახლდათ საზოგადოების აზრი და ყველაზე მთავარი - ოჯახი! ლია გაცილებით უმცროსი იყო ჩემზე, თავის გულისწუხილს მიმხელდა და რჩევასაც მეკითხებოდა. თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი. თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა. სწორედ მაშინ ვთქვი ბევრის გასაგონად: როცა ასეთი სიყვარულია, ალბათ ღირს რისკზე წასვლა-მეთქი."

მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ისინი მაინც შეუღლდნენ და იმ დღიდან მთელი ცხოვრება ბედნიერად განვლეს. საკმარისი იყო, რომელიმე თავყრილობაზე ერთად გამოჩენილიყვნენ, ყველას ყურადღება მათკენ იყო მიმართული.

კარგად მახსოვს, რეფერენდუმის შემდეგ, როცა ქართველმა ხალხმა ცალსახად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, ყველა გარეთ გამოვიდა, სრულიად უცნობებიც კი ერთმანეთს ულოცავდნენ ამ დიდ გამარჯვებას. რუსთაველის გამზირზე ტევა არ იყო, ზღვა ხალხი ირეოდა... და უცებ, დავინახე, ეს "ზღვა" როგორ გაიპო ორად. ყურადღება იქით გადავიტანე, მაინტერესებდა, ვინ მოდიოდა ასეთი... მიუხედავად ასაკისა, წყვილი საოცრად მომხიბვლელი იყო; ლია და ოთარი ყველა შემხვედრს უღიმოდნენ და ამ დღესასწაულს ულოცავდნენ. რუსთაველზე მიმავალ წყვილს ათასი თვალი აღტაცებით მიაცილებდა...

ბევრმა არ იცის, რომ ლია ელიავას ძარღვებში ინგლისური სისხლიც ჩქეფდა. ინგლისელმა ქალბატონმა ანა შელიმ თავადი ტუსიშვილი თეირანში გაიცნო და დაქორწინდნენ. იქვე შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც დედის სურვილით, ანა დაარქვეს. საქართველოში ჩამოსულმა ანა ტუსიშვილმა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ივანე კერესელიძე შვა. ივანე კი ლიას დედის, ეკატერინე კერესილიძის ბაბუა იყო.

რაც შეეხება, ლიას მამას, შალვა ელიავას, მან გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი. კარგა ხანს იქ იყო, მერე საქართველოში დაბრუნდა და სრულიად ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს. მაგრამ 1937 წელს 37 წლის შალვა ელიავა დააპატიმრეს, გერმანიის ჯაშუშობა წაუყენეს ბრალად და დახვრიტეს. არ გასულა დიდი დრო და ახლა დედა დაუპატიმრეს. 9 წლის ლია ბებია-ბაბუის ამარა დარჩა.

მოხუცები ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ შვილიშვილისათვის, მაგრამ გოგონას ყველაზე მთავარი - მშობლების ყურადღება და სითბო აკლდა. მოგვიანებით ლია ელიავა გაიხსენებს: "ვიზრდებოდი სოლოლაკში, რომლის ქუჩებშიც სულ ჟღერდა მუსიკა. ვიღაც კლასიკურ ნაწარმოებს ასრულებდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაცას რადიო ჰქონდა მაღალ ხმაზე აწეული, საიდანაც კვლავ მუსიკა იღვრებოდა. ხშირად ჩემს ფანჯარასთანაც უმღერიათ ბიჭებს, როგორც სადღაც სევილიაში და ეს ხმები ძალიან მშველოდა იმაში, რომ მე თავი მარტოსულად არ მეგრძნო." გაგრძელება