"წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის და საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე" - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის და საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე"

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუკის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა.

"1. ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში განათლებული ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მე თავად ვარ (სოროსის ფონდი).

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით ჩემს სფეროში არიან დასაქმებულები ახალაგზრდები.

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წყალობით ხორციელდება ბევრი პროექტი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

2. ქართველთა მესამედი არალეგალად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ჩვენ აქ ვაწყობთ არალეგალების საწინააღმდეგო აქციას. (ან ვინ შეუმოწმა მათ დოკუმენტები არიან თუ არა არალეგალები და საიდან მოდის ეს ინფორმაცია მათ მრავალრიცხოვნებასთან დაკავშირებით)

3. კრიმინალს არ აქვს ეროვნება! კრიმინალს ჩადის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ყველგან, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი საზღვარგარეთ. ამასთან, სხვა არაკანონიერი ქმედებების წინააღმეგ, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ ხმა და სამართლებრივი გზით მოვთხოვოთ სახელმწიფოს მათი გადაჭრა, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ქვეყნიდან ხალხის გაძევება ამ ყველაფერთან!..." (იხილეთ ვრცლად)

დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეები და ორგანიზატორები გამოეხმაურნენ, რომელთაც "ფეისბუკში" არაერთი უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთეს. მოგვიანებით, ეს პოსტები ზოგიერთმა წაშალა, ზოგმა კი მისი გავრცელება უარყო.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე გამოეხმაურა.

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.

განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში", - წერს კალაძე "ფეისბუკში".

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა პერტაიას ინფორმაციით, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული. (წყარო)